Pages

Pages

Thursday, 20 September 2018

როგორ დავწეროთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში







თავფურცელი, სადაც იწერება პრაქტიკის კვლევის სათაური, ავტორი, სკოლა და თარიღი. სასურველია, სათაურში მკაფიოდ იყოს გადმოცემული კვლევის მთავარი არსი და შინაარსი. ცხადია, არაა საჭირო მასში აუცილებლად გამოვიყენოთ კითხვითი სიტყვა ისე, როგორც ქვემოთაა მოცემული. ქვემოთ წარმოდგენილი სათაური კითხვითი სიტყვის "როგორ" გარეშეც შეიძლებოდა დაგვეწერა: "გაწაფული კითხვის კომპეტენციის გაუმჯობესება არაქართულენოვანი სკოლის მეხუთე კლასში".




როგორ გავაუმჯობესოთ გაწაფული კითხვის კომპეტენცია არაქართულენოვანი სკოლის მეხუთე კლასში


სსიპ ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი 
გიორგი ჭაუჭიძე




2018 წ. 



--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სარჩევი


აქ იწერება პრაქტიკის კვლევის ანგარიშის მსხვილი თავები (სურვილის მიხედვით, ქვეთავები) შესაბამისი გვერდების მითითებით. აქ შემოთავაზებული გვერდები, ცხადია შეიცვლება იმისდა მიხედვით, თუ რამდენგვერდიანი იქნება თქვენი ანგარიში და თითოეული თავი რამდენ გვერდს დაიკავებს. ცხადია, ანგარიშის გვერდები დანომრილი იქნება.

შესავალი---------------------------------------------------------------------------------------------------2

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი------------------------------------------------3

ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------------------------------------------5

საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები--------------------------------7

ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება-----------------------------------------8

შედეგების ანალიზი--------------------------------------------------------------------------------9

მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები---------------------------------------------------10

გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------------------------11

დანართი ----------------------------------------------------------------------------------------------12


1
 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შესავალი (სავარაუდო მოცულობა 1-2 გვერდი) 

აქ დაიწერება ზოგადი ხასიათის შესავალი, ვინ ვარ, სად ვმუშაობ, რა გამოცდილება მაქვს. რატომ  გადავწყვიტე კვლევის ჩატარება, მარტო ჩავატარე თუ კოლეგეასთან ერთად, შესაძლოა, მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც რაიმე დახმარება გაგვიწია კვლევის ჩატარების პროცესში. (გავითვალისწინოთ, რომ ეს კვლევის ანგარიში იწერება მას შემდეგ, რაც კვლევის ყველა პროცედურა განხორციელებული გვაქვს. ცხადია, იგულისხმება, რომ  ჩანაწერთა დიდი ნაწილი უკვე “დაწერილია” კვლევის მიმდინარეობის დროს.)
შესავლითვის სრულიად საკმარისია ერთი გვერდის მოცულობა ან ნახევარი გვერდიც კი. 

წინამდებარე კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ ქ. მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში. 

ამ სკოლაში ვმუშაობ 2016 წლიდან და ვასწავლი ქართულს, როგორც მეორე ენას. აღსანიშნავია, რომ ჩემი მოსწავლეების დიდი უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან და მათთვის ქართული არაა მშობლიური ენა. სამწუხაროდ, უმრავლესი მათგანისთვის სკოლაში მოსვლამდე ქართული არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას და პირველკლასელებმა თითქმის არ იციან ის ენა, რომელსაც მე ვასწავლი. ამიტომაც დიდი მუშაობა გვიწევს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. 

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კითხვის უნარის ეფექტურად დაუფლებას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ პრობლემებია არა მხოლოდ მეორე ენის, არამედ ქართულის, როგორც მშობლიური ენის შემსწავლელთა შორისაც. 

მე გადავწყვიტე საკუთარი პრაქტიკა მეკვლია მეხუთე კლასში და საკვლევ საკითხად შევარჩიე სწორედ კითხვის უნარ-ჩვევის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი - გაწაფული კითხვა.  


2
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი (1-3 გვერდი)

ამ ნაწილში უნდა განსვსაზღვროთ სამიზნე ჯგუფი, აღვწეროთ ის სიტუაცია, რომელიც უშუალოდ იმ კლასშია შექმნილი, რომელშიც კვლევას ვატარებთ და ის საკითხი, რომლის კვლევაც გვინდა. აქვე უნდა გამოვკვეთოთ საკვლევი საკითხი, კვლევის მიზანი/მიზნები, საკვლევი შეკითხვები და ჩვენი ჰიპოთეზები. 

პრაქტიკის კვლევის ჩატარება გადავწყვიტე მეხუთე კლასში, რომელსაც უკვე მეორე წელიწადია, რაც ვასწავლი. ანუ კვლევის სამიზნე ჯგუფია მეხუთე კლასის მოსწავლეები. 

კლასში სწავლობს 26 მოსწავლე და მათ შორის არც ერთი არაა სსსმ მოსწავლე. მოსწავლეები წამროადგენენ საშუალო სტატისტიკური მოსწრების კლასს, სადაც მესამედი მაღალი მონაცემებით გამოირჩევა, მეორე მესამედი - საშუალო მონაცემებით, ხოლო მესამე მესამედი - ძნელად აღწევენ სტანდარტის მოთხოვნებს. 

საკვლევის საკითხის შერჩევა განაპირობა მისმა აქტუალობამ. მიმაჩნია, რომ დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარ-ჩვევა ერთ-ერთი ის საყრდენია, რომელზეც უნდა დაშენდეს არა მხოლოდ ქართულის საგნობრივი მირწევები, არამედ ყველას საგნის შედეგებიც. (მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა ამ მოსწავლეების სწავლის ენა არაა სხვა საგნებში, კითხვის კომპეტენცია ერთგვარად ტრანსფერული უნარია. ანუ ერთ ენაზე ამ კომპეტენციის გაწაფვა, გამოიწვევს მეორე/სხვა ენაზეც მის გაუმჯობესებას.) 

საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბეთ შემდეგნაირად: გაწაფული კითხვის უნარის გაუმჯობესება მეხუთე კლასში. ანუ კითხვის კომპეტენციაში გამოვყავით ერთ-ერთი კომპონენტი, კერძოდ, გაწაფულობა (მოქნილობა, გამართულობა) და გადავწყვიტეთ გვეკვლია ამ კომპონენტის მდგომარეობა, არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და იმ გზების ეფექტურობა, რომელიც კვლევის ფარგლებში შევარჩიეთ. 

შესაბამისად, განვსაზღვრეთ კვლევის მიზანი: განვსაზღვროთ მეხუთეკლასელთა კითხვაში გაწაფულობის კომპონენტში პრობლემების მიზეზები და ვიპოვოთ ამ პრობლემათა გადაჭრის გზები.


3
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კვლევის დასაწყისში გაჩნდა გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც სრულად დადასტურდა კვლევის მიმდინარეობის პროცესში და მისი დასრულების შემდგომ. კერძოდ,

გაწაფულ კითხვაში დაბალი შედეგები განაპირობებს წაკითხული ტექსტსი აღქმის დაბალ მაჩვენებლებს. 
გაწაფულ კითხვაში დაბალი შედეგები აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩამორჩებიან ლექსიკური მარაგით. 
გაწაფული კითხვის უნარზე მიზნობრივი მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეებში კითხვის კომპეტენციის გაუმჯობესებას. 

ანგარიშის ამ ნაწილში კარგი იქნება მოვიხმოთ ეროვნული სასწავლო გეგმის ის მონაკვეთი, რომლესაც შეეხება ჩვენი კვლევა. ზოგადად, სასრუველი და აუცილებელიცაა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეეხებოდეს სტანდარტის მიზნებსა და შედეგებს. რომ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, საკვლევი საკითხი და დაგეგმილი ინტერვენციები ემსახურებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. 

კვლევის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს კვლევის ეთიკის საკითხიც. კარგი იქნება, თუ ამის შესახებაც აქვე, ანგარიშის დასაწყისში აღვნიშნავთ. კვლევის ეთიკა გულისხმობს სამ რამეს: 1. ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციები კვლევის პროცესში ჩართული სამიზნე ჯგუფისთვის არ შეიცავდა არანაირ რისკს. 2. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში ჩართული მოსწავლეები და მათი მშობლები, ინფორმირებულები იყვნენ ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. 3. კვლევის ფარგლებში მოპოვებული პირადი მონაცემები მოსწავლეებისა თუ მათი მშობლებისა იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნების ფორმატში გაანალიზებული და არ დაექვემდებარება ინდივიდუალურ გამოქვეყნებას. 

4
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლიტერატურის მიმოხილვა (7-12 გვერდი)


იდენტიფიცირებული პრობლემის მიხედვით გამოვკვეთეთ საკვლევი საკითხი. ანუ ჩვენმა კვლევამ უნდა მოგვაგვარებინოს შერჩეული პრობლემა. მაგრამ ამისთვის საჭიროა გადავდგათ კვალიფიციური ნაბიჯები. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ვეცნობით სხვათა გამოცდილებას და თეორიულ ნაშრომებს. 

ლიტარატურის გაცნობის შედეგად ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის გზები/ მეთოდები/ სტრატეგიები, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად. ამ ყველაფერს აღვწერთ კვლევის ანგარიშის ამ ნაწილში. 

შეგვიძლია კვლევის ანგარიშის ეს თავი დავწეროთ ორი გზით: 1. ავიღოთ ერთი წიგნი (პუბლიკაცია, ვიდეორესურსი, ციფრული რაიმე რესურსი...), რომელიც, რასაკვირველია, უკავშირდება ჩვენს საკვლევ თემატიკას (ამ შემთხვევაში გაწაფულ კითხვას) და მოკლედ მიმოვიხილოთ, აღვწეროთ. შემდეგ ავიღოთ მეორე წიგნი და იქიდან ამოვიწეროთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, შემდეგ - მესამე და ა. შ. 2. საკვლევი საკითხი დავშალოთ რამდენიმე კომპონენტად (მაგალითად, გაწაფული კითხვის დიაგნოსტირება, გაწაფული კითხვის დაბალი მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზები, გაწაფული კითხვის უნარის გაუმჯობესების სტრატეგიები, გაწაფული კითხვის უნარის შეფასება...) და ამ კომპონენტების მიხედვით ავაგოთ ლიტერატურის მიმოხილვა. ანუ პირველ რომელიმე კომპონენტზე (მაგალითად, გაწაფული კითხვის უნარის დიაგნოსტირება) დავწეროთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია პირველი წიგნიდან, მეორე წიგნიდან, მესამე წიგნიდან და ა. შ. შემდეგ მეორე კომპონენტზე დავწეროთ ყველაფერი ჩვენ მიერ წაკითხული წიგნებიდან (ნანახი მასალიდან), შემდეგ მესამე კომპონენტზე და ა. შ. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თავის წერის დროს საჭიროა იმ წიგნის/პუბლიკაციის მითითება, საიდანაც მოგვყავს ესა თუ ის ინფორმაცია. წყაროს მითითებისას ფრჩხილებში ვწერთ ავტორის გვარსა და გამოცემის წელს. შეგიძლიათ მიუწეროთ გვერდიც (ლიპარტელიანი  2018, 85).

5
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქვე მიმოვიხილოთ წყაროს მითითების რამდენიმე ვერსია. თუკი პირველ გზას ავირჩევთ ლიტერატურის მიმოხილვისას, მიუთითებთ ერთ კონკრეტულ წყაროს. მაგალითად, (აბაშიძე 2014 : 57), სადაც “აბაშიძე” ნაშრომის/წიგნის ავტორია, “2014” ნაშრომის გამოქვეყნების წელი, ხოლო “57” იმ გვერდის ნომერი, სადაც ლიტერატურის მიმოხილვაში ჩვენ მიერ გამდმოტანილი მოსაზრება/იდეა წერია იმ ავტორის (აბაშიძის) იმ ნაშრომში. 

თუკი ლიტერატურის მიმოხილვის მეორე გზას ავირჩევთ, ანუ საკვლევ საკითხს დავყოფთ კომპონენტებად და თითოეული კომპონენტის შესახებ სხვადასხვა წყაროს/ნაშრომს მიმოიხილავთ, მაშინ ერთ მოსაზრებას/იდეას დასჭირდება ორი ან მეტი წყაროს მითითება. მაგალითად, (აბაშიძე 2014 : 234, ჯაფარიძე 2013 : 567), სადაც “აბაშიძე” პირველი ნაშრომის ავტორს წარმოადგენს, “2014” - მის გამოცემის წელს, “234” - იმ გვერდს, სადაც ჩვენ მიერ მოხმობილი მოსაზრება წერია, “ჯაფარიძე” - მეორე ნაშრომის ავტორია, “2013” - მეორე ნაშრომის გამოცემის წელი, ხოლო “567” - ამ მეორე ნაშრომის გვერდი, სადაც ჩვენ მიერ მოხმობილი იგივე მოსაზრებაა წარმოდგენილია. 

გაწაფული კითხვის უნარი ერთ-ერთი საყრდენი კომპონენტია კითხვის უნარის სრულფასოვნად ათვისების გზაზე. მის განვითარებაზე დახარჯული დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, რადგან ამის გარეშე ძნელად ყალიბდება ეფექტური დამწყები მკითხველი (პაპავა 1998 : 34, ხუხუა 2012 : 56).

ზემოთ მოხმობილი ნიმუში ლიტერატურის მიმოხილვიდან, რომელიც მოდელირებულია, მოგონილია ჩემ მიერ და არ შეესაბამება რეალობას, მიგვითითებს, რომ გაწაფული კითხვის მნიშვნელობის შესახებ კვლევის ავტორს ამოუკითხავს ორ წაყაროში/ნაშრომში და ერთობლივად უთითებს ორივეს.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი მითეთება არ გამოგვადგება, როდესაც მიახლოებით შინაარსს, პერიფრაზს კი არ ვაკეთებთ რომელიმე მოსაზრებისას, არამედ ციტატა მოგვყავს. ამ შემთხვევაში ერთ ციტატას ცალკე მივუთითებთ თავის ავტორს, მეორეს - ცალკე. ცალ-ცალკე იქნება საჭირო მითითება მაშინაც, როდესაც სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები მცირედით, მაგრამ განსხვავდებიან ერთმაეთისგან. აღარაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე, როდესაც საწინააღმდეგო მოსაზრებები მოგვყავს ერთ კონკრეტულ საკითხზე. იხილეთ ქვემოთ მოყვანილი მაგალითი, სადაც მითითებები ასევე მოდელირებულია ანუ გამოგონილია.  
   
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაწაფულ კითხვაზე ორიენტირებული აქტივობები უნდა დავიწყოთ პირველივე კლასში, საანბანო პერიოდშივე (ჭაუჭიძე 2015 :12). აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას ყველა მკვლევარი არ იზიარებს და აღნიშნავენ, რომ გაწაფული კითხვის განვითარებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ პოსტსაანბანო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბავშვები ასე თუ ისე დაეუფლებიან ასოებს (ბესელია 1998 : 34). 


6
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------   
საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები (5-9 გვერდი)

აქ აღიწერება ყველაფერი, რაც ასახავს თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საკვლევი საკითხის შესწავლის გზაზე. რა გააკეთეთ პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისთვის, მისი გამომწვევი მიზეზების დასადგენად, არსებული მდგომარეობის დასაფიქსირებლად. 

აქვე აღწერთ კვლევის რომელი მეთოდები გამოიყენეთ ამ პროცესში (დაკვირვება, დიაგნოსტიკური ტესტირება, ანკეტირება, ინტერვიუირება, ფოკუსჯგუფი...) და იმ მონაცემებსაც, რაც შეაგროვეთ ამის შედეგად. შესაბამისად, დაგვიგროვდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდებით მოპოვებული მონაცემები. (კარგი იქნება, თუ კვლევის დაწყებამდე კარგად გავეცნობით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს.)

საკვლევი საკითხის შესწავლის მიზნით შევისწავლე მოსწავლეთა მონაცემები გაწაფული კითხვის უნარში. ამისთვის ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება, რისთვისაც გამოვიყენე დიაგნოსტიკური ტესტები (ტესტის ნიმუში იხ. დანართში.) 
ტექტსირების ჩატარების მიზნით შევარჩიე ტესტი, რისთვისაც გამოვიყენე .................

ტესტირების ჩატარების შედეგად მივიღე შემდეგი მონაცემები:
კლასში მყოფი 26 მოსწავლიდან..................................

კარგი იქნება, თუ რაოდენობრივ მონაცემებს წარმოადგენთ დიაგრამების სახითაც. 

გაწაფული კითხვის დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები კვლევის დასაწყისში


თვისებრივი მონაცემები შეიძლება წარმოავდგინოთ ციტატების, ფაქტების აღწერის, დასკვნების, განხოგადებების, მოსაზრებების სახით. 

ფოკუსჯგუფში მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები შინ თითქმის არ უთმობენ დროს დამატებითი ლიტერატურის კითხვას. “როდესაც სახლში მოდის ნიკა (სახელი შეცვლილია), ამზადებს მხოლოდ დავალებებს და სკოლის გარდა სხვა წიგნებს თითქმის არ კითხულობს,” - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი და მის აზრს ძირითადად ეთანხმებიან სხვებიც. 

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მონაცემები ასახავს კვლევის საწყის ეტაპს და, შესაბამისად, დაგვჭირდება კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების დასრულების შემდეგ შედგეების გაზომვაც იმავე ან სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენებით.

7
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------    

ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება (5-15 გვერდი)

არსებული მდგომარეობა შესწავლილი გვაქვს, ლიტერატურას გავეცანით, სადაც სხვადასხვა რჩევა, სტრატეგია, მეთოდი შევარჩიეთ სწორედ იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც ჩვენ წინაშეა. ჰოდა, ამის საფუძველზე დავგეგმავთ იმ ნაბიჯებს, რასაც გავაკეთებთ მომდევნო ერთი სემესტრის (ან სამი თვის) განმავლობაში ჩვენი სამიზნე პრობლემის აღმოსაფხვრელად. სწორედ ეს ინტერვენციები ანუ ის აქტივობები აღიწერება აქ, რაც დავგეგმეთ და რაც განვახორციელეთ. 

სასურველია, დაწვრილებით წარმოვადგინოთ ის სურათი, რომელიც დადგა ამ ნაბიჯების გადადგმის დროს: როგორ ვმუშაობდით, რას ვაკეთებდით ჩვენ, როგორ მუშაობდნენ ბავშვები და როგორ ღებულობდნენ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინტერვენციებს.

სხვადასხვა თეორიული ნაშრომისა და კოლეგების პრაქტიკის კვლევების გაცნობის შემდეგ შევარჩიე რამდენიმე ეფექტური სტრატეგია, რომელიც მოსწავლეებშ ავითარებს გაწაფული კითხვის უნარს. მათი გამოყენებით დავგეგმე გაკვეთილები და სისტემატურად ვმუშაობდი ჩემს მეხუთეკლასელებთან. თანმიმდვერობით მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი. 

განმეორებითი კითხვის აქტივობა

ეს აქტვობა მოსწავლეებში ავითარებს გაწაფული კითხვის უნარს და კითხვას ხდის საინტერესოპროცესად. ჩემი მეხუთეკლასელები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ მასში. 

მე შევარჩიე ადეკვატური სირთული მხატვრული ტექსტი და სატიტაოდ წავაკითხე მოსწავლეებს. ამისთვის გამოვიყენე დამატებითი ინდივიდუალური მუშაობის ფორმატი. ტექსტის სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა გავყავი მის წაკითხვაზე დახარჯულ დროზე და მივიღე ე. წ. წსწს (წუთში სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა, რომელიც დავაფიქსირე კონკრეტული მოსწავლის მონაცემად. 

ორი დღის შემდეგ იგივე ტექსტი ისევ წავაკითხე ისევ ინდივიდუალურად მოსწავლეებს და კვლავ დავუთვალე რამდენი სიტყვა წაიკითხა წუთში მოსწავლემ. ცხადია, შედეგი გაუმჯობესებული იყო. და მესამე მცდელობაზე ბავშვი უკვე აზარტით ცდილობდა, კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა თავისი შედეგი.

აღნიშული აქტივობის წარმართვამ ყველა მოსწავლეში გამოიწვია საკუთარი შედეგების გაუმჯობესება. ამასთან ისინი მოტივირებულად იყვნენ ჩართულნი კითხვის პროცესში. 

ასევე აღწერთ სხვა ეფეტურ მეთოდებსა და აქტივობებს. ამ აქტივობების ასეთი აღწერა შეიძლება გვქონდეს ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში თავისი წყაროს მითითებით. ასეთ შემთხვევაში აქ მოკლედ მიმოვიხილავთ ჩვენ მიერ წარმართულ პროცესს. კარგი იქნება მოსწავლეთა შედეგების აღრიცხვის ფურცლების ფოტოების მოხმობა, ცხადია, კვლევის ეთიკის პრინციპების გათვალისწინებით - კონფიდენციალობის დაცვით. 

8
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------   
  
შედეგების ანალიზი (3-7 გვერდი)


აქ უნდა აღვწეროთ ის ყველაფერი, რაც მივიღეთ კვლევის პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად. ძირითადად აქ იგულისხმება ჩვენი მოსწავლეების სასწავლო შედეგები. შესაბამისად გამოყენებული იქნება როგორც წერილობითი აღწერილობები, ასევე დიაგრამები, ფოტომასალა და ნებისმიერი მონაცემი, რაც კი ჩვენს შედეგებს წარმოაჩენს. 

კარგია, როდესაც ეს შედეგები შედარდება კვლევის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, შედეგების გასაზომად ისევ გამოვიყენებთ ტესტირების (ან/და სიტუაციის გაზომვის სხვა ინსტრუმენტს) იმ ფორმატს, რომელიც კვლევის დასაწყისში გამოვიყენეთ არსებული მდგომარეობის იდენტიფიცირების დროს. 

როგორც წესი, კვლევის დასასრულს მიღებული შედეგი გაუმჯობესებული უნდა იყოს, რაც დაადასტურებს ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს კვლევის ეტკის პრინციპებიც. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კვლევის ბოლოს მიღებული შედეგი არაა გაუმჯობესებული? ხელოვნურად ხომ არ გავზრდით მათ?! ცხადია, არა! დავიმახსოვროთ, რომ კვლევის შედეგებად საინტერესოა არაგუმჯობესებული ან, ღმერთმა დაგვიფაროს, გაუარესებული შედეგიც. ჩვენ პატიოსნად დავაფიქსირებთ, - ამას ითვალისწინებს კველვის ეთიკაც, - რომ ამა და ამ ინტერვენციებს არ გამოუწვევია დადებითი ცვლილებები მოსწავლეებში. და გავაკეთებთ საჭირო დასკვნებს, რომ სხვა ფაქტორებმა იმუშავა არასაკმარისად ა. შ. 



9
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------     
მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები (1-3 გვერდი)

აქ იწერება ის მიგნებები, რაც გამოიკვეთა ჩვენი კვლევის პროცესში. ანგარიშში აგრეთვე ვწერთ დასკვნებს, რომლებიც გავაკეთეთ ანალიზის შედეგად და რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ გავუწევდით ჩვენს კოლეგებს, ერთი მხრივ მსგავში კვლევის ჩატარების შემთხვევაში ან/და ამ საკითხზე, - გაწაფული კითხვის უნარზე, - მუშაობის დროს.

აქვე შეიყვანეთ ის ინფორმაცია, თუ როგორ გაუზიარეთ თქვენი კვლევის შედეგბი კოლეგებს, რა გამოხმაურება მოჰყვა მათ, ზოგადად რამდენად სასარგებლო იქნება თქვენი კვლევის გაცნობა სხვა ასწავლებლებისთვის, რომლებსაც ანალოგიური საკითხი აინტერესებთ. 

რეკომენდაციებში ასახეთ თქვენი რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სხვებმა ანალოგიური საკითხით დაინტერესებისას, რა სირთულეს შეიძლება წააწყდნენ და სხვა რეფლექსიური ხასიათის რჩევები. 



10
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------     
გამოყენებული ლიტერატურა (1-2 გვერდი)

აქ ჩამოწერთ ყველა იმ ლიტერატურას, რომელიც გამოიყენეთ კვლევის პროცესში. მიუთითებთ ავტორს/ავტორებს, დასახელებას, გამოცემის წელსა და ადგილს, გამომცემლობას. 

თუ რომელიმე მასალა ელექტრონული სახით გაქვთ გამოყენებული, გარდა ზემოთ დასახელებული მახასიათებლებისა მიუთითეთ ამ მასალის ინტერნეტმისამართიც, სადაც იგი მოიპოვეთ. 

ჩამონათვალში შეიყვანეთ, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა ციფრული მასალა (ვიდეო, აუდიო, სლაიდპრეზენტაცია...), რომლითაც ისარგებლეთ კვლევის პროცესში, ცხადია, თავისი ინტერნეტმისამართისა და იქ გამოქვეყნების თარიღის მითითებით. ზოგიერთ შემთხვევაში უთითებენ ხოლმე დროსაც, წუთობრივი სიზუსტით, რა დროსაც ასეთი მასალა გადმოტვირთეს/ნახეს მითითებულ მისამართზე.

ლიტერატურის ჩამონათვალი დაალაგეთ ავტორთა ან დასახელების ანბანური რიგის მიხედვით. (ქვემოთ მოყვანილი მაგალითები მოგონილია, არარეალისტურია.) 
  
1. აბაშიძე ლევან, გაწაფული კითხვის გაუმჯობესების სტრატეგიები, თბ., “საქართველო”, 1998.

2. გაწაფული კითხვა, ვიდეოფილმი, www. Youtube.comljkkhjggahsvdb./131jhb , 2015, (ნანახია 2018 წლის 23 სექტემბერს, 23:43-ზე)

3..................... და ა. შ. 

(მოერიდეთ პარაზიტი გვერდების, - იცით, რომლებსაც ვგულისხმობ, - გამოყენებას. იქ გამოქვეყნებული მასალა ნახეთ ორიგინალ გევრდებზე.)

(აქვე მივუთითებ, რომ წინამდებარე ნამუშევარის მომზადებისას გამოყენებულია საკუთარი გამოცდილება. აგრეთვე,  მასწავლებლის სახლის სატრენინგო მასალები და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2018 წელს გამოცემული დავით ლიპარტელიანის პუბლიკაცია “სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო”. გარდა ამისა, სხვა ნაშრომები, რომელთაც გავეცანი მაგისტრატურაში სწავლისას და რომელთა ხელახლა მოძიება და მითითება აქ საჭიროდ აღარ მივიჩნიე. ასევე მადლიერებით უნდა აღვნიშნო ჩემი ლექტორთა სწავლებანი ილიაუნიდან. გაწაფული კითხვის შესახებ ცოდნის წყაროდ ვუთითებ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის სარესურსო წიგნს.)

11
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------   

რეფლექსია (1-2 გვერდი)

აქ ჩაწერთ, რომ თქვენი კველვის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, საკვლევი საკითხები, გამოკვეთილი პრობლემა, კვლევის მეთოდები, დაგეგმილი და ჩატარებული ინტერვენციები, კვლევის შედეგები, მიგენებები და რეკომენდაციები გაუზიარეთ თქვენს კოლეგებს შეხვედრაზე და აგრეთვე კვლევის ანგარიში გააზიარეთ ონლაინსივრცეში. 





12

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



დანართი 

აქ შეიძლება დავურთოთ ფოტომასალა, კითხვარების ნიმუშები, ტესტების მაგალითები, გაკვეთილის/აქტივობის სცენარები და ნებისმიერი რამ, რაც კი დაეხმარება ჩვენი კვლევის ანგარიშის მკითხველს სიტუაციის აღქმაში და საჭირო ინფორმაციის მიღებაში. 




გისურვებთ წარმატებას!




                               






Friday, 7 September 2018

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

თემურ სუყაშვილთან ერთად
"რაო?! მეფე ერეკლეო?! არა, ეგ ტყუილია! მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე ვიღაც სპარსელს  და არა მეფე ერეკლეს!"

ინგილო ქალი

"გოუმარჯოს საქართველოს!"

სურაჯ გასანოვი



გუშღამ, როგორც გურულები იტყვიან, შუაგულ რუსეთში რინგზე გამარჯვებულმა ინგილო ბიჭმა ვიდეოკამერებში მთელი მსოფლიოს გასაგონად ჩაგვყვირა, საქართველოს გაუმარჯოსო... ეს ამბავი სწრაფად მოჰფინა მთელ საქართველოს ზურაბ სტეფანიამ (ფეისბუქის ეპოქაა.).

ასწლეულების წინ ინგილო ქალმა მეფე ერეკლეს შეურაცხყოფა მიაყენა, სპარსული ქუდი რატომ გახურავსო... ეს ამბავი იაკობ გოგებაშილმა აღწერა და თავის დედაენაშიც შეიტანა.

და დღევანდელ ქართველობას საინგილო რომ უხსენო, აუცილებლად გაახსენდება ის ინგილო ქალი, რომელიც მას დედაენიდან ჩაბეჭდია გონებაში და, შესაბამისად, ყველა ინგილო საქართველოს უპირველეს პატრიოტად მიაჩნია.

ჩვენი სახელმწიფოს მოძმე და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში არის რეგიონი, რომლის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი საქართელოსადმი გულმხურვალე სიყვარულის მატარებელი ეთნიკური ქართველები არიან. ისინი, ცხადია, ნაღვლობენ ისტორიულ სამშობლოსგან დაცილებას, მაგრამ ასე ინება ისტორიის ჩარხმა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ისინი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებს შორის ერთგვარი ხიდისა და სტაბილურობის ფუნქციასაც კისრულობენ.

საქართველოსადმი სიყვარულით გულანთებულები ჩვენთან გადმოსვლასაც და აქ სამუდამოდ დარჩენასაც ამჯობინებენ ხოლმე - განა, რა ნამუსით სიტყვა უნდა დაგცდეს მათი ამ გადაწყვეტილებების დასაძრახად. რა დასამალია და, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ქვეშევრდომი ეთნიკური ქართველები არ არიან მთლად ისეთ კომფორტულ პირობებში, როგორც თანამედროვე დამოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება და ჩვენი საქართველოც ვერ ახერხებს ხოლმე სათანადო ყურადღების მიქცევას ამ საკითხისადმი. ეგ კი არა, მოხალისე ქართველებმა რომ იქაურებს ქართული საბავშვო წიგნები გადაუტანონ, ამის თავიც არ გვქვს.

მოკლედ, ალაზანგაღმიდან ხშირად გვესმის ხოლმე გადმოძახილი და აქედან კი ვერ ვაწვდენთ სათანადო ხმას. ვიმეორებ, წიგნებიც კი ვერ მიგვიწოდებია და ეკლესიის კარი ვერ გაგვიღია იქ ჩასული მომლოცველებისთვის...

წელს ერთმა იქაურმა მასწავლებელმა გაუჩინა შანსი ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენც გაგვეგზავნა ერთი მესიჯი აზერბაიჯანელი ქართველებისთვის, რომელი მესიჯიც საუკუნეების განმავლობაში გულს გაუთბობდა და მხრებში გამართავდა მათს სახელმწიფოში. ვგულისხმობ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე თემურ სუყაშვილს, რომელიც ამ კონკურსში საუკეთესო ათეულში მოხვდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო ათეული 2018
მარცხნივ ზემოთ: თემურ სუყაშვილი


პირადად რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე მარნეულის სკოლაში მომუშავე თემო სუყაშვილის სულისკვეთება პედაგოგიურ საქმიანობაში და ამ სულისკვეთებით განმსჭვალული მისი ასეულობით მოსწავლე, მხოლოდ ათეულში მოხვედრა იქნებოდა სრულიად საკმარისი ჩემთვის, რომ ასეთი მესიჯის გაგზავნისთვის დამეჭირა მხარი. დამეჭირა მხარი თემურ სუყაშვილის გამარჯვებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟიური მას ხუთეულში აუცილებლად მიუჩენდა ადგილს.

ბოლოსდაბოლოს კონკურსის ორგანიზატორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, "ისინი (გამარჯვებული ხუთეულის წევრები, - გ. ჭ.) მართლაც გამორჩეული და წარმატებლი პედაგოგები არიან, ისევე, როგორც ათეულის თითოეული წევრი." 

ჰოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თანასწორთა შორის თემოს აუცილებლად მიანიჭებდნენ ხუთეულთაგანის ტიტულს. (პირადად მე, მართალია,  ცოტა რაღაცნაირად მეჩვენება ჯერ ათეული, მერე ხუთეული და მერე გამარჯვებულის გამოვლენა, მაგრამ, რადგანაც ასეა კონკურსის პირობებით, რას ვიზამთ?!)

(აქვე ერთ ფრჩხილებში ჩასასმელ წინადადებას კიდევ ერთხელ დავწერ: ამ ბლოგის სულისკვეთება, რასაკვირველია, არაა მიმართული არც ერთი ხუთეულის წევრი ფინალისტის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის ან სხვა მხრივ ამ კონკურსის რაიმენაირად ჩრდილის მიყენებისკენ. პირიქით. მგონი, არც იყო საჭირო ამის თქმა, მაგრამ რადგანაც დავწერე, იყოს!)

მოკლედ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შანსს ჩვენი კონკურსის ჟიური ხელიდან არ გაუშვებდა და თემურ სუყაშვილს აუცილებლად შეიყვანდა ხუთეულში (კიდევ ვიმეორებ, მაინცდამაინც მისი წარმომავლობის გამო კი არა, არამედ იმ ღირსებებისთვის, რაც მას აქვს, რის გამოც ათეულის წევრად შეარჩიეს და აკი კონკურსის ორგანიზატორიც აცხადებს, ათეულის წევრები დიდად არც განსხვავდებიან ერთმანეთისგანო.). რატომ ვიყავი დარწმუნებული? ცხადია, სულაც არ მაქვს ისეთი წარმოდგენა, რომ ჟიურიში მაინცდამაინც იაკობ გოგებაშვილები არიან, - რომელმაც სხვათაშორის, თვითნებურად მიაკუთვნა იმ თამამ გოგოს ინგილოობა, იმდორინდელი ქართული ინტერესების გათვალისწინებით, -  მაგრამ ის, რომ ჩვენი საზოგადოების ავტორიტეტული და პირუთვნელი პიროვნებები არიან, ყველა დამეთანხმება.




ასეა თუ ისე, საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი იმისა, რომ მოფერებოდა თავის სისხლსა და ხორცს და ყოფა შეემსუბუქებინა ჩვენებურთათვის.

წარმოიდგინეთ, როგორ გახმიანდებოდა ჩვენი მოძმე და სტრატეგიული პრატნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის ქართველებში ხმა: საქართველოში ჩონებური მასწავლებელი გამოურჩევიათო!

ეს ჩვენთვის, აქაურებისთვის, საქართველოსთვის უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სახარბიელო, რადგან ჩვენ ხომ იმის ტრაკიც არ გვაქვს, როგორც ზემოთ ორგზის აღვნიშნე, ალაზანგაღმელ ქართველებს საბავშვო წიგნები მაინც მივაწოდოთ.

...ხოლო იქაური ბავშვი კვლავ გადმოიპარება ცურვით ალაზანზე და მალულად აკოცებს ქართულ მიწას - არავინ დამინახოსო!..

ხოლო იქაური პოეტი კვლავ დაწერს:
კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა,
აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...

წარწერა ალიბეგლოს საშუალო სკოლის ეზოში, საინგილო-ჰერეთში
კახის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა