Pages

Pages

Friday, 5 April 2024

 1. თინათინი და ავთანდილი

(ზღაპარი პირველკლასელებისთვის ანბანისშემდგომი პერიოდისთვის)

მიხაი ზიჩი, ,,თამარი და რუსთველი"

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორჭმული ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მეფე მოხუცდა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:

— მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ ტახტზეო.

ვეზირებმა გაიოცეს:

— რას ამბობთ, მეფეო, თქვენი მოხუცება ვინ გაიგონაო?!

მეფემ თავისი არ დაიშალა და თინათინის გამეფების დღე დანიშნა. სწორედ თინათინი ერქვა მეფის ასულს, ხოლო თავად ხელმწიფეს ერქვა: მეფე არაბეთისა — როსტევანი.

თინათინი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე მზესაც კი თვალებს სჭრიდა. იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალს, ავთანდილს. ავთანდილის სილამაზე და ვაჟკაცობა მთელს სამეფოში იყო ცნობილი. მას არ ჰქონდა ნათქვამი თინათინისთვის, მიყვარხარო, მაგრამ თურმე ქალი ამას მაინც ხვდებოდა. 

თინათინის გამეფებამ დიდი ზარზეიმით ჩაიარა. მეორე დღეს მეფე როსტევანმა სანადიროდ წასვლა ბრძანა. მეფესთან ერთად ავთანდილიც იყო და იმდენი ნადირი მოინადირა, მეფესაც კი აჯობა.

მეფესა და მის ამალას ნადირობის ამბავი სულ გადაავიწყდათ, როდესაც იდუმალი რაინდი ნახეს. ეს რაინდი მდინარის პირას იჯდა, ცალი ხელით ცხენის აღვირი ეჭირა, მეორეზე კი თავი ჩამოედო და ტიროდა.

როდესაც მეფის მხლებლები მასთან მივიდნენ, შეებრძოლა და გაიქცა. გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ცამ ჩაყლაპა თუ — დედამიწამ, ვერაფერი გაიგეს. დაბრუნდნენ შინ დაღონებულები.

როდესაც იდუმალი რაინდის ამბავი თინათინმა გაიგო, ავთანდილი დაიბარა. ახალმა დედოფალმა მისალმების შემდეგ ჭაბუკს უთხრა:

— დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და, რაღა დაგიმალო, მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ. ჰოდა, თუ გინდა შენი ცოლი გავხდე, წადი და ის იდუმალი რაინდი მოძებნე. სამ წელიწადს დაგელოდები და იმედია, გამარჯვებული დაბრუნდებიო.

ავთანდილს თან გაუხარდა, თინათინი რომ სიყვარულში გამოუტყდა, თან დადარდიანდა საყვარელი ადამიანის დატოვება რომ მოუწევდა. თუმცა იდუმალი რაინდის მოძებნა მასაც ძლიერ უნდოდა.

რაღას იზამდა ავთანდილი?!  მოემზადა და გაუდგა გზას იდუმალი რაინდის საძებნელად.

  

💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗

დავალებები ტექსტზე სამუშაოდ

კითხვის სტრატეგია — გაგების გადამოწმება შეკითხვების დახმარებით

კითხვის სტრატეგია — გაგების გადამოწმება წინადადებების დასრულებით


2. ნესტანის დაბადება

1. ათასი წლის წინ, შორეულ ინდოეთში ერთი მეფე-დადოფალი ცხოვრობდა: ფარსადანი და გულქანი. ისინი კარგი მმართველები უყვნენ, ხალხსაც უყვარდა და თვითონაც უყვარდათ ხალხი. საერთო ბედნიერებას ერთი ნაღველი ჩრდილავდა — მეფე-დედოფალს შვილი არ ჰყავდა.

ინდოეთში შვიდი სამეფო იყო. ექვსი ფარსადანსა და გულქანს ემორჩილებოდა, ხოლო მეშვიდეში სარიდანი მეფობდა. სარიდანიც ძლიერი და კეთილი მეფე იყო, მასაც ერთობ კმაყოფილი ჰყავდა თავისი ხალხი.

ერთხელ სარიდანმა გადაწყვიტა, ჩემს სამეფოსაც ფარსადანის სამეფოებს შევუერთებ და უფრო გავძლიერდებითო. გადაწყვიტა და ასეც მოიქცა: ეახლა ფარსადანს და თავისი განზრახვა გაუმხილა.

ფარსადანს გაუხარდა თავისი სამეფოს გაფართოება, დიდი მადლობა გადაუხადა სარიდანს და ეს უკანასკნელი გაერთიანებული სამეფოს მთავარსარდლად დანიშნა.


2. სარიდანს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, უმშვენიერესი ტარიელი, რომელიც მაშინ სულ სამიოდე წლის თუ იქნებოდა. ტარიელიც მეფის სასახლეში წაიყვანა მამამ. როდესაც ფარსადანმა და გულქანმა ნახეს პატარა ბიჭი, ისე მოეწონათ, ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს თვითონ აღეზარდათ.

— შენს ტარიელს ჩვენს სასახლეში დავიტოვებთ, შვილივით გავზრდით და ცივ ნიავსაც არ მივაკარებთო, — უთხრა მეფე-დედოფალმა სარიდანს.

სარიდანს გაუხარდა ეს შემოთავაზება და დასთანხმდა. თვითონაც ხომ სასახლეში იქნებოდა ხოლმე და მაინც ხშირად ნახავდა საყვარელ შვილს.

ტარიელი სასახლეში იზრდებოდა და თანდათან მშვენდებოდა, ედემის ბაღის ყვავილს ემსგავსებოდა.


3. ხუთი წლის იქნებოდა ტარიელი, როდესაც მთელი სამეფო სასიხარულო ამბავმა მოიცვა: გულქანი დაორსულდა და მალე შვილიც გააჩინა — დაიბადა უშვენიერესი გოგონა.

გოგონას მშობლები დაფიქრდნენ, რა დაერქმიათ ნანატრი ახალშობილისთვის. ფარსადანს ნესტანის დარქმევა უნდოდა, გულქანს კი — დარაჯანის. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ნესტან-დარეჯანი დაერქმიათ.

შვილის შეძენით გახარებულმა მეფე-დედოფალმა უამრავი საჩუქარი გასცა და დიდი ლხინიც გადაიხადა.

ნესტან-დარეჯანი, რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო მშვენდებოდა. მასთან ერთად იზრდებოდა ტარიელიც, რომელიც უკვე ლომის ბოკვერს დამსგავსებოდა. ბიჭი, როდესაც ნესტანს დაინახავდა, გაირინდებოდა და ისე ტკბებოდა ხოლმე პატარა მზეთუნახავის სილამაზით. ტარიელი სულ სიყვარულით ეპყრობოდა გოგონას, ბევრს ეთამაშებოდა, ართობდა და ბედნიერად ატარებდნენ უზრუნველ ბავშვობას.


💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗

დავალებები ტექსტზე სამუშაოდ

მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნა