Pages

Pages

Wednesday, 13 June 2018

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი


 ქართული, როგორც მეორე ენა
მოსწავლეთა პროფილი: მე-11 კლასის 23 მოსწავლე, არც ერთი სსსმ მოსწავლე. ქართულის, როგორც მეორე ენის ცოდნის დონე A2+, B1.
თემა: ბულინგი 
(გამოყენებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ 2014 წელს გამოცემული «სამართლის ქალაქის» მასალები.)
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. გაკვეთილი წარმოადგენს საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემის, ბულინგის შესახებ განხილვასა და პრევენციის ზომების დასახვას. მოსწავლეები ჯგუფებში ამოიცნობენ პრობლემას და შეთანხმდებიან მისი მოგვარების გზებზე. პრობლემად წარმოჩენილი საკითხი აქტუალურია და შეესაბამება მეთერთმეტეკლასელთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესს. 
მიზნები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბულინგის სხვადასხვა გამოვლინების შესახებ. მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის იდენტიფიცირებას შეთავაზებული სიტუაციებდან და პრობლემის პრევენციის გზების დასახვას.
ესგ-სთან შესაბამისობა:
ქ. მ. XI. 5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (ესე; სხვადასხვა სახის კორესპონდენცია; საშუალო სირთულის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი და სხვა) გაგება.
ქ. მ. XI. 6.  მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.   
ქ. მ. XI. 20.  მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხზე არგუმენტირებულად მსჯელობა.
რესურსები: პროექტორი, სლაიდები (ან წიგნის ილუსტრაციები), ფურცლებზე დაწერილი სიტუაციები, ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერები, დაფა, ცარცი.
                 
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა. – (2 წთ.)
მიზანი: მოსწავლეთა მომზადება გაკვეთილისთვის.
აღწერა: მასწავლებლი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების რუბრიკას. ამბობს, რომ დღევანდელი გაკვეთილის მიზანია, განიხილონ სიტუაციები ბულინგის შესახებ, გამოკვეთონ პრობლემური მომენტები და დასახონ ამ პრობლემების მოგვარების გზები. ეცნობიან შეფასების რუბრიკას, რომელიც ინდივიდუალურადაც დაურიგდებათ სამუშაო ფურცლის უკანა მხარეს თვითშეფასებისთვის.

აქტივობა 2. ბულინგზე საუბარი. (მთელი კლასი. - 5 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას ბულინგის შესახებ.
აღწერა: მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა სმენიათ ბულინგის შესახებ. მოსწავლეები განიხილავენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ და დაფაზე დაწერილ სიტყვებს: დაცინვა, ჩაგვრა, ძალადობა, შანტაჟი, იგნორირება, აგრესია, იგნორირება. მასწავლებელი სვამს შეკითხვას, უნახავთ თუ არა ბულინგის შემთხვევები? არის თუ არა ჩვენს ირგვლივ ასეთი სიტუაციები?

აქტივობა 3. ფოტოების მიხედვით ვარაუდების გამოთქმა. (მთელი კლასი. – 4 წთ.)
მიზანი: მოტივაციის აღძვრა თემასთან დაკავშირებით.
აღწერა: მასწავლებელი პროექტორით ან წიგნის დახმარებით აჩვენებს ფოტოებს. მოსწავლეები აღწერენ სურათებზე გამოსახულ სიტუაციებს და გამოთქვმენ ვარაუდებს, თუ რა სიტუაციას შეიძლება ასახავდეს ეს სურათები.



II ფაზა
აქტივობა 4. სიტუაციების წაკითხვა. (მთელი კლასი, ჯგუფები. - 5 წთ.)
მიზანი: სიტაუციების გაცნობა. ვარაუდების გადამოწმება.
აღწერა: მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს კაზუსებს (ან გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით სთხოვს რომელიმე მოსწავლეს.). მოსწავლეები შეუსაბამებენ მოსმენილს წარმოდგენილ ფოტოებს. მსჯელობენ, რა გამართლდა თავიანთი ვარაუდებიდან და რა - არა.
სიტუაცია 1. გვანცამ სკოლის ეზოში დაინახა, სამი ბიჭი როგორ უმოწყალოდ სცემდა თანასკოლელ ვაჟას. დასისხლიანებული ვაჟა მიწაზე დაეცა, თავდამსმხმელები კი გაიქცნენ. გვანცას უნდოდა დახმარებოდა მას, მაგრამ შეეშინდა და უყურადღებოდ მიატოვა გასაჭირში მყოფი ვაჟა.
სიტუაცია 2. კობა კარგად სწავლობს და ამიტომ თანაკლასელი კოტე მუდმივად ამცირებს. კოტეს საქციელს სხვა თანაკლასელი ბიჭებიც ბაძავენ და კობა მუდმივად მათი დაცინვისა და ჩაგვრის ობიექტია. ერთ დღესაც, კოტე მას საკლასო კარის უკან ჩაუსაფრთდა, ხელი ჰკრა და წააქცია. დაცემის შედეგად კობას ცხვირი გაუტყდა.
სიტუაცია 3. გიორგიმ და მისმა მეგობარმა თანაკლასელის ქურთუკზე საღებავით დააწერეს “ჩამშვები”, რადგან იფიქრეს, რომ გაცდენილი გაკვეთილების შესახებ მან “ჩაუშვა” ისინი მასწავლებელთან.
სიტუაცია 4. კახამ და მისმა მეგობარმა თანაკლასელის ფეისბუქი გატეხეს და მისი ყველა ელექტრონული შეტყობინება წაიკითხეს. როგორც აღმოჩნდა, თანაკლასელს მიმოწერა ჰქონდა პარალელურკლასელ ანასთან. “ეგრეც ვიცოდით, მას ნამდვილად ანა უყვარს”, - დაასკვნეს მათ.
სიტუაცია 5. გაკვეთილები დამთავრდა და მოსწავლეები და მასწავლებლები შინ წავიდნენ, გიორგიმ და გელამ კი გართობა გადაწყვიტეს - სკოლის დარაჯს მოჰპარეს საკლასო ოთახის გასაღები, თანაკლასელი შეიტყუეს შიგნით, ჩაკეტეს და ასე დატოვეს. მხოლოდ რამდენიმესაათიანი ყვირილის შემდეგ შეძლო ჩაკეტილმა ბიჭმა დარაჯისთვის ხმის გაგონება.

აქტივობა 5. დავალების შესრულების მოდელირება მასწავლებლის მიერ. (მთელი კლასი. - 4 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ შესასრუელებლი დავალების არსს.
აღწერა: მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ მათ ჯგუფებში უნდა განიხილონ ეს სიტუაციები (ერთმა ჯგუფმა - ერთი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) და წარმოადგინონ მოსაზრებები შემდეგი შეკითხვების მიხედვით:
·       რა პრობლემა იკვეთება მათ მიერ განხილულ სიტუაციებში?
·       რა არის გამოსავალი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში?
·       რა უნდა გაკეთებულიყო (რა უნდა გაკეთდეს) ასეთი შემთხვევ(ებ)ის პრევენციისთვის?










მასწავლებელს მომზადებული აქვს ნახევარ ფლიფჩატზე გამზადებული სქემა, რომელიც უნდა შეავსონ ბავშვებმა. ერთ ასეთ სქემას აკრავს დაფაზე და თავად ავსებს ხმამაღალი ფიქრის მეთოდის გამოყენებით ზემოთაღნიშნული მეოთხე სიტუაციის მიხედვით. 
შევსებული ფურცელი დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს:
რა პრობლემა იკვეთება განხილულ სიტუაციებში?
ამ სიტუაციაში პრობლემა არის ის, რომ ბავშვები კითხულობენ სხვის წერილებს.
რა არის გამოსავალი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში?
კახას უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი რამე მეორედ აღარ გააკეთოს და წაკითხული ინფორმაცია არავის უთხრას.
რა უნდა გაკეთდეს ასეთი შემთხვევ(ებ)ის პრევენციისთვის?
საჭიროა ბავშვებს ავუხსნათ, რომ დაუშვებელია სხვისი ინფორმაციის გაცნობა...
უნდა დავაყენოთ რთული პაროლი. 
აქტივობა 6. სიტუაციების ანალიზი. – (ჯგუფები. - 12 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ სიტუაციას და წარმოადგენენ მათს ანალიზს.
აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. სულ ოთხი ჯგუფი, თითო ჯგუფს აქვს თითო სიტუაცია. მათი მიზანია, განიხილონ სიტუაციები და წარმოადგინონ მოსაზრებები ზემოთ ნაჩვენები მოდელის მიხედვით. ისინი ავსებენ ფლიფჩარტზე დახაზულ სქემებს.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს. მასწავლებელი აკეთებს მოკლე უკუკავშირს. აღსანიშნავია, რომ პრეზენტატორებს მასწავლებელი აფასებს განმსაზღვრელი შეფასებითაც.

III ფაზა
აქტივობა 7. იდენტიფიცირებული პრობლემების შედარება კოდექსთან. (ჯგუფები. - 5 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები შეადარებენ მათ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს სს კოდექსის მუხლებს.
აღწერა: მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ამონარიდებს სისხლის სამართლის კოდექსიდან შესაბამისი მუხლების სახით და აკეთებენ მოკლე კომენტარს, რა დაემთხვა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციიდან, სწორად ამოიცნეს თუ არა დანაშაულის ნიშნები.
დარიგებული მუხლების გააზრების გაადვილების მიზნით მასწავლებელმა შესაძლოა დაფაზე დაწეროს ან წინასწარმომზადებული დაწერილი გააკრას ზოგიერთი სიტყვა/ტერმინი: ისჯება თავისუფლების აღკვეთით, დანაშაულის შეუტყობინებლობა, განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოსასწორებელი სამუშაო, თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ დარღვევა...
ამონარიდები: იხ. დანართში.

აქტივობა 8. შეჯამება, რეფლექსია, საშინაო დავალების მიცემა. – (მთელი კლასი. - 3 წთ.)
მიზანი: მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
აღწერა: მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აფასებს მოსწავლეებს, აძლევს საშინაო დავალებას: მცირე სიტუაციის მოფიქრება-აღწერა, რომელიც მათი აზრით შეიცავდა ბულინგის ნიშნებს. სიტუაცია შეიძლება მოყვანილი იყოს როგორც რეალური ცხოვრებიდან, ასევე ფილმიდან/წიგნიდან.
მასწავლებელი კრეფს მოსწავლეთა სამუშაო და თვითშეფასების ფურცლებს შემდგომი ანალიზისა და უკუკავშირისთვის.



დანართი

დანართი 1 - შეფასების რუბრიკა
კომპონენტი
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
ბრწყინვალე
   სიტუაციების         ანალიზის              უნარი
ვერ აცნობიერებს შეთავაზებულ სიტუაციას.
ესმის შეთავაზებული სიტუაციის შინაარსი. ვერ ახდენს მის სიღრმისეულ ანალიზს.
არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას შეთავაზებული სიტუაციის შესახებ.
ლოგიკურად და არგუმენტირებულად ახერხებს სიტუაციის ანალიზს. ახდენს ინტერპრეტირებას.
პრეზენტაციის      უნარები
ვერ აკეთებს პრეზენტაციას. არ ესმის საკითხი.
სრულად ვერ ახერხებს პრეზენტაციის წესების დაცვით საკითხის გადმოცემას.
კარგად გადმოსცემს ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებას.
გამართულად წარმოადგენს მიცეულ დავალებას. სრულად იცავს პრეზენტაციის წესებს.
         ჯგუფში            მუშაობის                 უნარი
არ ერთვება ჯგუფის მუშაობაში. ხელს უშლის თანაკლასელებს.
პასიურად მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში.
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში.
ყოველთვის აქტიურად ასრულებს ჯგუფის დავალებას. იჩენს ინიციატივებს.
    ენობრივი        კომპეტენცია
ვერ ახერხებს გამბულად მეტყველებას საკითხის შესახებ.
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გადმოცემას.
გამართულად ახერხებს საკითხის შესახებ საუბარს.
არგუმენტირებუალდ გადმოსცემს საკუთარ მოსაზრებას საკითხის შესახებ, აკეთებს ინტერპრეტაციას.


დანართი 2: ამონარიდები კოდექსიდან
სიტუაცია 1. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, “ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ცხრა წლამდე.
კოდექსის 376-ე მუხლით, “დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”
სიტუაცია 2. სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, “დანაშაულად ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
სიტუაცია 3. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის, პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ვადით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.
სიტუაცია 4. სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, “პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშალებით საუბრის, ანდა ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამიციდან ას ოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”.
სიტუაცია 5. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით “თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე”.


დანართი 3: 
სამუშაო ფურცელი მოსწავლისთვის        ----------------  -----------------
                                                            სახელი                                          გვარი
აქტივობა 1. განიხილეთ სიტყვები. როგორ უკავშირდება ეს სიტყვები ბულინგს?
დაცინვა,    ჩაგვრა,    ძალადობა,     შანტაჟი,     იგნორირება,     აგრესია. 
აქტივობა 2. მოკლედ აღწერეთ მოცემული სიტუაციები სურათების მიხედვით.
1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 3. შეავსეთ სქემა:
რა პრობლემა იკვეთება განხილულ სიტუაციებში?
--------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------.
რა არის გამოსავალი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში?
--------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------. 
რა უნდა გაკეთდეს ასეთი შემთხვევ(ებ)ის პრევენციისთვის?
--------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------.


გაკვეთილის რეფლექსია

ამ რეფლექსიაში შევეცდები რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემას.
0. რამდენად უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩატარებული გაკვეთილი მართლაც აკმაყოფილებს პრობლემაზე ორიენტირებული ტიპის სამოდელო გაკვეთილის კრიტერიუმებს? რამდენად იყო პრობლემაზე ორიენტირებული ეს გაკვეთილი და რა შეიძლება გადაიღონ კოლეგებმა აქედან?
ვფიქრობ, ჩატარებული გაკვეთილი, მართლაც იყო პრობლემაზე ორიენტირებული, ერთი მხრივ წარმოდგენილი საკითხის მიხედვით, მეორე მხრივ, გაკვეთილის აქტივობების მიხედვით. ანუ თემატიკაც პრობლემატური იყო შეთავაზებული და გაკვეთილის მსვლელობაც ითვალისწინებდა პრობლემის გამოკვეთას და მისი გადაჭრის გზების დასახვას.
გაკვეთილი წარმოადგენდა საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემის, ბულინგის განხილვასა და პრევენციის ზომების დასახვას. პრობლემად წარმოჩენილი საკითხი აქტუალურია და სრულად შეესაბამება მეთერთმეტეკლასელთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესს. 
სხვა გაკვეთილებიც შეიძლება დაიგეგმოს ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით. ეს შეეხება როგორც ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილებს, ასევე სხვა საგნის გაკვეთილებსაც. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი იწვევს მოსწაველთა მოტივირებულ ჩართულობას და ამ დროს ეფექტიანად ხდება ენობრივი ან სხვა საგნობრივი მიზნების მიღწევა. ვფიქრობ, ჩემი გაკვეთილი ამ მხრივ შეიძლება გაზიარებული იყოს კოლეგების მიერ.

1. მიღწეულ იქნა თუ არა მიზანი?
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბულინგის სხვადასხვა გამოვლინების შესახებ. მოსწავლეები შეძლებდნენ პრობლემის იდენტიფიცირებას შეთავაზებული სიტუაციებდან და პრობლემის პრევენციის გზების დასახვას.
მიზანი სრულად შეესაბამებოდა აგრეთვე ესგ-ს მოთხოვნებს. (იხ. გაკვეთილის გეგმა.)
ვფიქრობ გაკვეთილზე მიზნები სრულად მიიღწა. მოსწავლეებმა განიხილეს შეთავაზებული სიტუაციები, საკუთარ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ამოიცნეს პრობლემები და დასახეს და წარმოადგინეს პრევენციის გზები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გამონაკლისის გარეშე აქტიურად, მოტივირებულად იყვნენ ჩართულები მიზნის მისაღწევ საგაკვეთილო აქტივობებში.
გაკვეთილის ბოლოს მოსწვალეები წარმოაჩენდნენ უფრო მეტ ცოდნას ბულინგის შესახებ და მსჯელობდნენ საჭირო შემთხვევაში პრევენციის საშუალებებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხორციელდებოდა სამიზნე, ქართულ ენაზე.

2. რა იყო გაკვეთილის ძლიერი მხარე?
გაკვეთილზე უზრუნველყოფილი იყო ყველა მოსწავლის ემოციური და კოგნიტური პროდუქტიული ჩართულობა. ვფიქრობ, ამას განაპირობებდა, ერთი მხრივ, თემატიკისა და შეთავაზებული სიტუაციების მიმზიდველობა, მეორე მხრივ, აქტივობათა ლოგიკურად გამართული თანმიმდევრობა.
მოსწავლეები მოტივირებულად და ინტერესით მონაწილეობდნენ აქტივობებში და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდენენ საგაკვეთილო მიზნებს.  

3. შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
გაკვეთილის მსვლელობისას არსებითი ცვლილება გაკვეთილის გეგმას არ განუცდია. მხოლოდ დროითი ფაქტორის გათვალისწინებით შევკვეცე წინასწარგანსაზღვრული ერთი აქტივობა. კერძოდ, მუხლები, რომლებიც ამოღებული იყო სისხლის სამართლის კოდექსებიდან, ჯგუფებს წარვუდგინე ჯგუფური მუშაობის პარალელურად. კერძოდ, ავუხსენი, თუ რა სამართალდარღვევას წარმოადგენდა მათს სიტუაციაში ასახული ფაქტები. ეს ცვლილება გამოწვეული იყო დროითი შეზღუდულობის გამო და ამით საგაკვეთილო მიზნები არ დაზარალებულა.

4. რა იყო გაკვეთილის გასაუმჯობესებელი მხარე და როგორ გავაუმჯობესებ მას მომავალში?
გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა ერთი მომენტი, რომელიც აჩენს სურვილს სხვაგვარად ყოფილიყო იგი წარმართული.
ვგულისხმობ გაკვეთილის მესამე ფაზის აქტივობას, როდესაც მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები. კარგი იქნებოდა ამ მომენტისა და რეფლექსიური საუბრებისთვის ორიოდე წუთით მეტი დრო დაგვრჩენოდა.
ამ მხარის სხვაგვარად წარმართვა შესაძლებელი იქნებოდა, - და ასეც გავაკეთებ სხვა დროს რომ მომიწიოს ამავე გაკვეთილის ჩატარება ამავე მზაობის მოსწავლებთან, - თუ საპრეზენტაციო სქემას სამ პუნქტიანს კი არა, ორ პუნქტიანს შევთავაზებდი, გავაერთიანებდი მეორე და მესამე პუნქტს. (იხ. გაკვეთილის გეგმა.)
შესაბამისად მოსწავლეები არსით იმავე დავალებას შეასრულებდნენ და დროსაც ნაკლებს დახარჯავდნენ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს, მასში მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა სასურველ დონეზე იყო. ვფიქრობ,  გაკვეთილი, როგორც პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი სასარგებლო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის. 


გაკვეთილი ჩატარებულია სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში.

2 comments:

  1. დიდი მადლობა გაზიარებისთვის. მომეწონა შეფასების რუბრიკა(ც), არასოდეს მოფიქრია რამდენიმე კომპონენტის ერთ ცხრილში გაერთიანება. ვაკეთებ ხოლმე ცალკე ჯგუფური მუშაობის, ცალკე პრეზენტაციის და ა.შ. შეფასების რუბრიკებს. გამოვიყენებ, თქვენი ნებართვით. გმადლობთ.

    ReplyDelete