Showing posts with label გარედაკვირვება. Show all posts
Showing posts with label გარედაკვირვება. Show all posts

Sunday, 7 October 2018

13 შეკითხვა გარედაკვირვების შესახებ

პირდაპირ დავიწყოთ. მაგრამ სანამ ამ შეკითხვებსა და პასუხებს გაეცნობით, შეგიძლიათ გადახედოთ წერილს "გარედამკვირვებელი გიყურებს შენ!" გაზეთ "ახალი განათლების" ფბ-გვერდზე ან გაზეთის ელექტრონულ pdf-ვერსიაში. 

სანამ დაიწყებთ, კიდევ ერთი გაფრთხილება, წამლების რეკლამაში რომ იციან ხოლმე: დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მპგეც-სა და მის გზამკვლევებს. 


I შეკითხვა. გამოცხადდება თუ არა გარედაკვირვება მეორე სემესტრში, ახლა რომ არ დავრეგისტრირდე? 

პასუხი: თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ გამოცდილებას, როცა სწორედ მეორე სემესტრში გამოცხადდა რეგისტრაცია, უნდა ველოდოთ გამოცხადებას. მაგრამ სასურველია, ვისაც ეკუთვნის, ყველა ახლავე დარეგისტრირდეს. მოგეხსენებათ, გადადებული საქმე ეშმაკისაა - ვაიდა, არ გამოცხადდეს?! ხომ მოგიწევთ წლის დაკარგვა?! 
ვის ეკუთვნის გარედაკვირვების გავლა და, მას, ვისაც მოგროვებული აქვს 13 კრედიტქულა და ამ ცამეტ კრედიტქულაში შედის ან პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ან ორი სამოდელო გაკვეთილი. შესაძლებელია, ისიც და ისიც. (შევნიშოთ, რომ დანარჩენი კრედიტქულები იქნება არასავალდებულო აქტივობებით დაგროვებული, ოღონდ არა შიდადაკვირვების გაკვეთილებით.) 

II შეკითხვა: როდის დამესწრებიან, ვინ და რამდენი დამესწრება, როგორ დამესწრებიან?

პასუხი: დავიწყოთ თქვენ მიერ გამოტოვებული შეკითხვით: რატომ დაგესწრებიან? დაგესწრებიან, რათა სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადეკვატური გაკვეთილის ჩატარება, ხართ კომპეტენტური და კვალიფიციური. (...ახლა, ეს კი დაადასტურეს ერთ დროს თქვენი დიპლომით და სკოლის შეფასების ჯგუფიც კვერს უკრავს თქვენი შიდა დაკვირვების გაკვეთილის დადებითად შეფასებით, მაგრამ სად შიდა დაკვირვების ჯგუფი რომ დაადასტურებს თქვენს კომპეტენციას და სად გარე დამკვირვებელი?!)

როდის დაგესწრებიან? როდესაც დასრულდება რეგისტრაცია, გარკვეული დროის (ალბათ, ორი-სამი კვირის) შემდეგ თქვენ თქვენს გვერდზე გამოგიჩნდებათ, თუ დროის რა მონაკვეთში მოვა გარედამკვირვებელი. მაგალითად, 12-17 ნოემბერი ან 5-11 დეკემბერი. (ყურადღება მიაქციეთ, მეორე მაგალითში ხუთზე მეტი დღე იმიტომაა, რომ შაბათ-კვირითაა გატეხილი სადამკვირვებლო პერიოდი.). 
ამ პერიოდიდან ერთ მშვენიერ დღეს დაგესწრებათ გარედამკვირვებელი. შესაძლოა, ეს დღე იყოს სადამკვირვებლო პერიოდის პირველი დღე, შეიძლება იყოს მეორე დღე ან მესამე, მეოთხე ან სულაც მეხუთე. ხოლო ამ დღის შესახებ თქვენ გაიგებთ წინა დღით - გარედამკვირვებელი დაუკავშირდება  რესურსცენტრსა და სკოლის ხელმძღვანელობას. ეს უკანასკნელნი კი თქვენ შეგატყობინებენ.  

ვინ? დაგესწრებათ ერთი გარედამკვირვებელი, სამინისტროს მიერ მოვლენილი კვალიფიციური პერსონა, რომელიც კომპეტენტურია როგორც ზოგადპედაგოგიკური, ასევე კონკრეტულსაგნობრივი მიმართულებით. შესაძლოა, დაკვირვებას ესწრებოდეს რესურსცენტრის წარმომადგენელი, რომელიც თქვენს შეფასებაში არ მონაწილეობს. (ნუ შეაწუხებთ გარედამკვირვებელს თხოვნით, ჩემი კოლეგა დამესწრება, ფოტოებს გადამიღებს, ფეისბუკზე დავდებო.)

როგორ? როგორ დაგესწრებათ და, მშვიდად, აუღელვებად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით. შესაბამისად, არ ინერვიულოთ: ვაიმე, როგორ მიყურებს? რატომ არ გამიღიმა? მოვეწონე თუ არა?! გაითავლისწინეთ, რომ არაა განსაზღვრული წინასაგაკვეთილო და გაკვეთილისშემდგომი გასაუბრებები და უკუკავშირის მოცემა.

III შეკითხვა. პასუხს როდის გავიგებ?


პასუხი: ათ სამუშაო დღეში აისახება პასუხი თქვენს ისქულში და მოგენიჭებათ კუთვნილი ოთხი კრედიტი, რითაც გზა გაგეხსნებათ სანატრელი წამყვანობისკენ.


IV შეკითხვა: როგორი იქნება პასუხი - დადებითი თუ უარყოფითი?
პასუხი: ცხადია, დადებითი. საპილოტე გარედაკვირვების პროცესში მხოლოდ პედაგოგთა 16 %-მა მიიღო უარყოფითი შეფასება და რაღა თქვენ იქნებით ასეთი?!

V შეკითხვა: რამდენი გაკვეთილის გეგმა უნდა ავტვირთოთ და როდის?
პასუხი: თქვენ უნდა ატვირთოთ ხუთი გაკვეთილის ხუთი გეგმა გამოცხადებულ სადამკვირვებლო პერიოდამდე ათი სამუშაო დღით ადრე.
იმ შემთვევაში თუ გაქვთ დაწყვილებული გაკვეთილი, თითოეული გაკვეთილის გეგმა ატვირთეთ ცალ-ცალკე, რადგან გარედამკვირვებელი ერთ გაკვეთილს ესწრება  და არა ორს. თუმცაღა, მეორესაც რომ დაესწროს, დარწმუნებული ვარ, ატვირთული გეგმის მიხედვით იმასაც მშვენივრად წარუძღვებით.

Vშეკითხვა: როგორ უნდა შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა?
პასუხი: გაკვეთილის გეგმა უნდა შეადგინოთ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი კომპონენტები: 1. მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. 2. საგანი. 3. სწავლების საფეხური/კლასი. 4. მოსწავლეთა რაოდენობა. 5. გაკვეთილის თემა. 6. გაკვეთილის მიზანი. 7. აქტივობების აღწერა (თავისი გამოყენებული მეთოდებით, კლასის ორგანიზების ფორმებით, რესურსებითა და დროის მითითებით), 8. გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. 9. მოსწავლის შეფასება (თავისი კრიტერიუმებითა და რუბრიკით). 10. ხელმოწერა. 11. თარიღი.
ძველი ფორმა


ახალი ფორმა 1-ლი გვერდი

ახალი ფორმა მე-2 გვერდი

ახალი ფორმა მე-3 გვერდი


გაკვეთილის გეგმას თავზე დააწერეთ ხუთიდან რომელია: 1-ლი გაკვეთილი, მე-2 გაკვეთილი და ა. შ. დაბლა მისათითებელმა თარიღმა გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, დააწერეთ როგორც გაკვეთილის გეგმის ატვირთვის თარიღი (ანუ სადამკვირვებლო პერიოდამდე ათი დღით ადრე ანუ როდესაც გაკვეთილის გეგმა დაწერეთ), აგრეთვე ამ კონკრეტული "გაკვეთილის ჩატარების თარიღი" (თუ სადამკვირვებლო პერიოდია 12-17 ნოემბერი, მეორე გაკვეთილის თარიღი იქნება 13 ნოემბერი, მეოთხე 15 ნოემბერი და ა. შ.). 

ხელმოწერის ადგილას შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ხელმოწერის დაპატარავებული ფოტო და შემდეგ გადაიყვანოთ გაკვეთილის გეგმის ვორდის დოკუმენტი pdf-ფორმატში. 

გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინეთ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა. ამ რუბრიკის მიხედვით გაკვეთილის ორი მხარე ექვემდებარება შეფასებას: 1. სასწავლო გარემო და 2. სწავლება.

პირველი მხარე (სფერო) სამკომპონენტიანია:

1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო;

1.2. კლასის მართვა;

1.3. სასწავლო რესურსი.

მეორე მხარე (სფერო) ხუთკომპონენტიანია:

2.1. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია. სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსის გამართულობა.

2.2. მოსწავლეებთან კომუნიკაცია. ინსტრუქციები აქტივობებისთვის.

2.3. სწავლების სტრატეგიები.

2.4. მოტივაცია და ჩართულობა.

2.5. სწავლების დროს შეფასების გამოყენება.

VII შეკითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სსსმ მოსწავლე გვყავს?
პასუხი: გეგმაში მოსწავლეთა რაოდენობის პუნქტში მიუთითეთ მის/მათ შესახებ, ხოლო აქტივობების აღწერისას ჩაამატეთ, თუ რას აკეთებთ ამ მოსწავლისთვის განსხვავებულად მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.

VIII  შეკითხვა: გაკვეთილის გეგმა უნდა მიჰყვებოდეს/ემთხვეოდეს თემატურ გეგმას?
პასუხი: არავინ არ იცის თქვენი თემატური გეგმის არსებობის შესახებ. შესაბამისად, გეგმები შეადგინეთ იმ თემაზე/საკითხზე, რომელიც მოგეხერხებათ. მთავარია, ისინი შეესაბამებოდეს თქვენს საგნობრივ სტანდარტს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და იმის მიხედვით დაგეგმოთ გაკვეთილები. შეგიძლიათ არ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და სხვაგვარად, სხვა მასალაზე დაყრდნობით წარმართოთ გაკვეთილი.

IX შეკითხვა: გაკვეთილი ჩვეულებრივი უნდა იყოს თუ გან-სა-კუთ-რე-ბუ-ლი?
პასუხი: ჩვეულებრივი. ცხადია, თქვენ განსაკუთრებულად მოემზადებით, მაგრამ გაკვეთილი ჩვეულებრივი უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ არაა აუცილებელი იყოს სამოდელოს ტიპისა. კერძოდ, ინტეგრირებული, ინოვაციური, გამჭოლ კომპეტენციებზე თუ პრობლემაზე ორიენტირებული. მიმდინარე, მუშა გაკვეთილი უნდა იყოს. 
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს სამფაზიანი გაკვეთილი, რომელზეც ბავშვები ისწავლიან რაღაც ახალს, შეიძენენ ან განივითარებენ რაიმე უნარს. ანუ გაკვეთილზე გექნებათ სამიზნე კომპეტენცია, რომელსაც დაუთმობთ გაკვეთილის ძირითად ნაწილს და რომელსაც ექნება თავისი შესავალი (პირველი ფაზა) და შეჯამება (მესამე ფაზა). 

ეკითხვა: გაკვეთილის გეგმები ერთმანეთს უნდა ებმოდეს?
პასუხი: არაა აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ სრულიად დამოუკიდებელი გაკვეთილები, თუმცა გარკვეული ლოგიკური ბმა მათ შორის უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ერთი თემა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ერთი კომპეტენცია იყოს აღებული, რომელსაც, დავუშვათ, სამ გაკვეთილზე განავითარებთ სხვადასხვა თემატიკაზე. 
გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი უნდა იყოს მთლიანი პროცესი, რომელიც იწყება, ვითარდება, მთავრდება 45 წუთში ან 40 წუთში ან 35 წუთში, იმისდამიხედვით, თუ რომელ კლასში ატარებთ. 
(ბოლო წინადადებით ავირიდეთ მომდევნო შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენწუთიანი უნდა იყოს გაკვეთილი.)

XI შეკითხვა: რამდენი აქტივობა უნდა იყოს გაკვეთილზე?
პასუხი: რამდენიც საჭირო იქნება. გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი არ გადატვირთოთ ზედმეტად მრავალფეროვანი აქტივობებით ისევე, როგორც რესურსების გამოყენების დროსაც ზომიერება გამოიჩინეთ. 

XII შეკითხვა: თუ გაკვეთილზე გათვალისწინებული მექნება ჯგუფური მუშაობა, - და, ალბათ, აუცილებლად მექნება, - ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე დავაჯგუფო და ისე დავსვა, თუ გაკვეთილის მსვლელობისას გადავაჯგუფო?
პასუხი: როგორც თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის იქნება უფრო მოსახერხებელი. მთავარია, მოსწავლეთა განლაგებამ ხელი არ შეუშალოს მათს კომფორტულ ათვისებას.
აქვე აღვნიშნოთ, ცალკე რომ არავინ იკითხოს, ჯგუფში შეიძლება იყოს იმდენი მოსწავლე, რამდენსაც თქვენ მიიჩნევთ ოპტიმალურად. თუმცაღა, შვიდდარვამოსწავლიანი ჯგუფები არაა რეკომენდებული. 

XIII შეკითხვა: რამდენი მოსწავლე შევაფასო გაკვეთილზე და გამოვაცხადო თუ არა ნიშნები? 
პასუხი: როგორც აკეთებთ ხოლმე სხვა გაკვეთილებზე, ისე მოიქეცით აქაც. ვფიქრობ, სამი-ოთხი მოსწავლის შეფასება განმსაზღვრელი შეფასებით საკმარისი იქნება. რაც შეეხება განმავითარებელი შეფასების წარმოჩენას, კარგი იქნება, თუ გაკვეთილზე გააკეთებთ ორ-სამ უკუკავშირს, რომელშიც აღნიშნავთ კონკრეტული მოსწავლის პროგრესსა და მისცემთ რაიმე რჩევას.  
რაც შეეხება ნიშნების ხმამაღლა გამოცხადებას, თქვენ გადაწყვიტეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გყავთ მიჩვეული მოსწავლეები, როგორი კულტურაა თქვენს სკოლასა და კლასში. თუკი ვინმემ ამის გამო შენიშვნა მოგცათ, არ შეეკამათოთ, მშვიდად მიიღეთ. ხოლო თუკი ამის გამო ქულა დაგაკლოთ და უარყოფითად შეგიფასათ გაკვეთილი, აუცილებლად გააპროტესტეთ.


სხვა შეკითხვები დააკომენტარეთ ქვემოთ და ერთობლივად ვიმსჯელოთ.

Tuesday, 22 May 2018

გარედაკვირვების გაკვეთილი და მისი რეფლექსია (დადებითად შეფასებული)


გაკვეთილის გეგმა პირველ კლასში გარედაკვირვებისთვის
მე-2 გაკვეთილი
(პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნახეს მულტფილმი "მე წვიმად მოვალ".)

ამ გაკვეთილების ციკლის შემდეგ დამზადებულია დიდი წიგნი ,,გოგონა და თოვლის გუნდა".   იხ. აგრეთვე: ,,გოგონა და თოვლის გუნდა" და ,,გოგონა და თოვლის გუნდა".


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: გიორგი ჭაუჭიძე, 54001005...
საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი საფეხური, პირველი კლასი, 35 წთ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 26 მოსწავლე, მათ შორის ერთი სსსმ მოსწავლე.
შენიშვნა: სსსმ მოსწვალეს არ სჭირდება სფეციფიკური ადაპტირებული რესურსი ან მოდიფიცირებული აქტივობა, მას სჭირდება დამატებითი მამოტივირებელი ბიძგის მიცემა, რათა სრულფასოვნად ჩაერთოს აქტივობებში. შესაძლებელია, არც ეს დასჭირდეს.
გაკვეთილის თემა: გოგონა და თოვლის გუნდა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მოკლე ამბის დაწერაშ მონაწილების მიღებას, წაკითხვას და შექმნილი ტექსტის ნაწილის რვეულებში გადაწერას.
კავშირი ესგ-სთან:
ქ.მ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს ყველა ბეჭდურ და ნაწერ  ასოს;
Ø პირდაპირი გზით (გაშიფრის გარეშე) ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს; 
Ø  ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამსიტყვიან წინადადებებს;


ქ.მ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის მიხედვით ან გარკვეული საყრდენების დახმარებით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის წერა ნასწავლი თემატიკის გარშემო.
მოსწავლე:
Ø  ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
Ø  იცავს ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს;
Ø  გადმოწერს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამსიტყვიან წინადადებებს.













გაკვეთილის მსვლელობა


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1.
საორგანიზაციო საკითხები. მიზნებისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა.
მოტივაციის აღძვრა.


ჟურნალი
2 წთ.
2.
მასწავლებელი წარადგენს ილუსტრაციებს და იხსენებენ წინა გაკვეთილზე ნანახ მულტფილმს. ზეპირად აღწერენ ილუსტრაციებს.

მთელი კლასი

5 წთ.
3.
მასწავლებელი იწყებს ილუსტრაციების მიხედვით ტექსტის დაფაზე/ ფლიფჩატზე დაწერას მოსწავლეთა თვალწინ. წერის პროცესში რთავს მოსწავლეებს. 
საჩვენებელი წერა, ერთობლ-ივი წერა.
მთელი კლასი

10 წთ.
4.
ფიზიკური განტვირთვის აქტივობა.
მოსწავლეები აკეთებენ ფიზიკურ ვარჯიშებს. მღერიან “გუდა-გუდა თოვლის გუნდა, მეთამაშოს ვისაც უნდა...”
ვარჯიში, სიმღერა
მთელი კლასი

2 წთ.
5.
ტექსტის დაწერის შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ხელის გაყოლებით ტექსტს. შემდეგ მოსწავლეებს/მოსწავლეთა ჯგუფებს აკითხებს სხვადასხვა მეთოდით.
სამოდელო კითხვა, ერთობლივი კითხვა
მთელი კლასი, ჯგუფები
დაფაზე დაწერილი ტექსტი
5 წთ
6.
მოსწავლეები რვეულებში გადახატავენ რომელიმე ილუსტრაციას და გადაწერენ ტექსტის ნაწილს.
ხატვა, გადაწერა
ინდივიადუალური
ილუსტრაციები, ფანქრები
7 წთ.
7.
გაკვეთილის შეჯამება.
რა გავაკეთეთ? როგორ? რა ვისწავლეთ? საშინაო დავალების მიცემა.



2 წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეები მონაწილეობენ წერის პროცესში და კითხულობენ მათ თვალწინ დაწერილ ტექსტს.
წერის პროცესი. სიტუაცია მოდელირებულია.
ფოტო: ლელა ჯაბანაშვილი

მოსწავლის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები




შეფასების კომპონენტი
შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
ბრწყინვალე
გაკვეთილზე ჩართულობა
არ ერთვება გაკვეთილში, არ მონაწილეობს აქტივობებში.
ზოგჯერ მონაწილეობს აქტივობებში. ხშირად სჭირდება შეხსენება.
თითქმის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში.
ყოველთვის აქტიურად მონაწილოებს საკლასო აქტივობებში. იჩენს ინიციატივებს
ტექსტის შექმნაში მონაწილეობა
არ ერთვება არც ზეპირ და არც წერით ინტერაქციაში.
ვერ ავლენს აქტიურობას ტექსტის შექმნაშ მონაწილებისას.
ერთვება ტექსტის შექმნის პროცესში, როგორც ზეპირად, ისე წერილობით.
აქტიურად ერთვება ტექსტის შექმნაში, როგორც ზეპირად, ისე წერილობით.
წერის უნარი
მოსწვალე არ ავლენს სურვილს წერის პროცესში მონაწილეობისას.
ვერ იცავს აოსების დაწერილობის წესებს. ზოგჯერ ვერ იხსენებს ნასწავლს ასოს.
თამამად მონაწილეობს წერის პროცესში. ძირითადად სწორად წერს ნასწავლ ასოებს.
თამამად მონაწილეობს წერის პროცესში. ყოველთვის სწორად წერს ნასწავლ ასოებს მათაც კი, რომელიც ჯერ არ უსწავლიათ სისტემურად.



გაკვეთილის რეფლექსია 

წინამდებარე რეფლექსიაში შევეცდები პასუხები გავცე შემდეგ შეკითხვებს: რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზნებს? რა იყო ამ გაკვეთილის ძლიერი მხარე? რა შევცვალე საგაკვეთილო გეგმაში? რა იყო ამ გაკვეთილის გასაუმჯობესებელი მხარე და როგორ შევცვლი მას სხვა შემთხვევაში?
1. რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზნებს?
გაკვეთილის მიზნის მიხედვით, მოსწავლეებს მონაწილეობა უნდა მოეღოთ მოკლე ამბის დაწერაში, უნდა გავარჯიშებულიყვნენ ამ ამბის წაკითხვაში და შექმნილი ტექსტის ნაწილი უნდა გადაეწერათ რვეულებში.
აღნიშნული მიზნები მართლაც მიიღწა ჩატარებულ გაკვეთილზე. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ზეპირი ტექსტის შექმნაში, ასევე მის დაწერაში. დაწერის პროცესში მონაწილეობას ითხოვდა აბსოლუტურად ყველა მოსწავლე. პროცესის დასარეგულირებლად გამოვიყენე ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირები, რისი საშუალებითაც მოსწავლეებს არ სწყდებოდათ გული - რატომ ის და არა მეო?!
(აღსანიშნავია, რომ გამოსაძახებელი ჩხირის გარეშე გამოვიძახე ორი მოსწავლე: სსსმ მოსწავლე და ის, რომელმაც პირველმა გამოიცნო დასაწერი წინადადება. ვფიქრობ, გასაგებია ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი.)
უკლებლივ ყველა მოსწავლე ჩაერთო კითხვის აქტივობაშიც ერთობლივი კითხვის ფორმატში. (აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობისთვის არ დამითმია ხანგრძლივი დრო.) გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა რვეულებშიც მოახერხეს ილუსტრაციის დახატვა და ტექსტის ნაწილის გადაწერა.
2. რა იყო ამ გაკვეთილის ძლიერი მხარე?
ძლიერი მხარე იყო ის, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ მიიღო მონაწილეობა დაფაზე ტექსტის დაწერაში, მაგრამ ყველა მონაწილეობდა და ადევნებდა თვალ-ყურს ამ პროცესს.
გაკვეთილის ეფექტურობას განაპირობებდა თავად გამოყენებული მეთოდი - ერთობლივი წერის აქტივობა, რომელიც შერჩეული იყო ზომიერი სირთული ტექსტის შესაქმნელად. ამასთან მოსწავლეებისთვის ნაცნობი იყო ის სიუჟეტი, რაზეც ტექსტს თხზავდნენ - მათ ხომ წინა დღით უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმს.
გაკვეთილის მიზნებს ეფექტიანად ემსახურებოდა, აგრეთვე, გამოყენებული რესურსიც - ფილმის სიუჟეტის მიხევით დახატული ილუსტრაციები, რომლებიც შემდეგ (მეორე დღეს) დიდ წიგნად შეიკრა. სასიამოვნო ნახატები მოსწავლეებს ახალისებდა და აქტიურობისკენ უბიძგებდა.
3. რა შევცვალე საგაკვეთილო გეგმაში?
გაკვეთილი წარვმართე გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. მასში თითქმის არაფერი შემიცვლია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთ აქტივობას დავუთმე გეგმაში მითითებულზე ნაკლები ან მეტი დრო. მაგალითად, კითხვის აქტივობას, რომლისთვისაც გავალისწინებული მქონდა ხუთი წუთი, მოვანდომეთ დაახლოებით ოთხი წუთი. ვფიქრობ, ასეთ ცვლილებას არც საგაკვეთილო მიზნებზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა, თუ არ პირიქით, რადგან ეს დრო ჩვენ გამოვიყენეთ ტექსტის დაფაზე ერთობლივად წერის პროცესში. რა დროსაც მოსწავლეები უფრო ავთენტიკურად მონაწილეობდნენ კითხვითი კომპეტენციის გაწაფვაშიც. შესაბამისად, ცვლილებას დაექვემდებარებოდა წერის აქტივობაზე დახარჯული დრო.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ცვლილებებისთვის მზად ვიყავი და ყოველთვის მზად ვარ ხოლმე, რადგანაც, როგორც ქართველ პედაგოგთა და ექსპერტთა რჩეული ნაწილი იტყვის, “გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და მასში მომენტალური ცვლილებები არათუ მიუღებელი, არამედ საჭიროა.”
4. რა იყო ამ გაკვეთილის გასაუმჯობესებელი მხარე და როგორ შევცვლი ამ მხარეს სხვა შემთხვევაში?
გასაუმჯობესებელი მხარეც დავინახე გაკვეთილის მიმდინარეობისას და შემდგომ, რეფლექსიის დროსაც. არ გამოგვივიდა ფიზიკური განტვირთვის აქტივობა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა. მინდოდა სიმღერაზე შეგვესრულებინა სახალისო მოძრაობები, მაგრამ ბავშვებმა არ იაქტიურეს. ამის ორი მიზეზი ჰქონდა, ჩემი აზრით: 1. სიმღერა და მასზე დაფუძნებული მოძრაობები ბავშვებს არ ჰქონდათ გათავისებული - მათ ხომ მხოლოდ წინა დღეს მოუსმინეს რამდენიმეჯერ ამ სიმღერას. 2. შესაძლოა დამსწრის ეფექტმაც ითამაშა და ბავშვებსაც და მეც მოგვერიდა უფრო თამამი მოძრაობების გაკეთება.
შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ ერთ მომენტსაც: არასდროს აღარ ვეტყვი ბავშვებს, რომ ჯერ ილუსტრაცია დახატონ და მერე მიაწერონ ამ ილუსტრაციას წინადადება/სიტყვები. პირიქით, ჯერ წინადადებას დავაწერინებ და შემდეგ დავახატვინებ ილუსტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს იმდენად იტაცებთ ხატვა, რომ ძნელად, გაჭირვებით გადაერთვებიან ხოლმე წერაზე (ყველას, ცხადია, არ ვგულისხმობ.). ამიტომ უკეთესი იქნება ჯერ წერა და შემდეგ ხატვა, რომელსაც გაფერადებისა და შემკობის ეტაპზე შინაც გააგრძელებენ.
სხვა მხრივ, ვფიქრობ, გაკვეთილმა გაამართლა ჩემი მოლოდინი და არც მოსწავლეები დარჩენილან გაწბილებულები. ისინი ხომ ხალისით და აქტიურად იყვნენ ჩართულები მასში.

ბოლო შტრიხი







"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ