Tuesday, 2 March 2021

გოგონა და თოვლის გუნდა

გოგონა და თოვლის გუნდა

(ქართული მულტიპლიკაციური ფილმის "მე წვიმად მოვალ" მიხედვით)

ყდა






















Monday, 6 July 2020

განათლების აკრედიტაციის ცენტრიც, ბოდიში მომითხოვია და, უნდა გაუქმდეს!

* * *
ამას წინათ ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ვიყავი სტუმრად. ბრწყინვალე შენობა, ბრწყინვალე რემონტი, რესურსები, ტუალეტები... შთაგონებული რექტორი, რომლის მილიონიანი პირადი ქონება, ნახატებისა და სხვა ნივთების სახით, უნივერსიტეტშია განთავსებული — უნივერსიტეტისთვის ჩუქებით ნაჩუქარი და სტუდენტსაც ყოველდღიურად შეუძლია, მაგალითად, პიკასოს ნახატისთვის თვალის შევლება...

და ამ დროს ამ უნივერსიტეტს აკრედიტაციის ცენტრი ეუბნება, მე უნდა განვსაზღვრო, მიიღო თუ არა სტუდენტებიო. მე უნდა გადავწყვიტო, რომელი სპეციალისტის მომზადების შესაძლებლობა გაქვსო.

* * *
...დღეს უფრო კეთილშობილური ნივთი — ბომბონერი,  ავიღოთ მაგალითად და წარმოვიდგინოთ ბომბონერების ბაზარი. დავუშვათ, ბომბონერის ყიდვა გინდათ და ბომბონერების ბაზარზე შეხვედით (მოგეხსენებათ, "ბაზარში შეხვედით" მეტად პირობითი ფრაზაა — შეგიძლიათ, ან უშუალოდ რაღაც ტერიტორიაზე ფიზიკურად მოხვდეთ, ან ონლაინსივრცე მოიხილოთ, ან ერთიც და მეორეც.). კარგად წარმოვიდგინოთ, რა ხდება ბაზარზე:

მარჯვნივ, პირობითად, განთავსებულია მწვანე ბომბონერების სექცია, სადაც გადასახადების გადამხდელების ფულით დაფინანსებული პირები უფასოდ არიგებენ ბომბონერებს. მყიდველთა დიდი ნაწილიც სწორედ ამ უფასოდ შემოთავაზებულ ბომბონერებს აწყდება. რა დასამალია და, ამ ბომბონერების ხარისხი არაა სახარბიელო, თუმცა, უფასოობის გამოისობით ყველაზე მეტი მუშტარი მას ჰყავს.

მარცხნივაც ბომბონერების სექციებია, ოღონდ იქ ფული უნდა გადაიხადო და არჩევანიც მრავალფეროვანი და, რასაკვირველია მაღალი ხარისხისაა. ფასებიც განსხვავებულია — უმცირესით დაწყებული და უძვირესით დამთავრებული.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადების გადამხდელებისვე ფულით შექმნილია ე. წ. აკრედიტაციის სამსახური და მაკრედიტირებლები დადიან და ამოწმებენ ბომბონერების ხარისხს. და როგორ გგონიათ, რომელი ბომბონერების ხარისხს გააკონტროლებენ?
ბომბონერების ბაზრის მოდელირება

უფასო ბომბონერების ხარისხს? არა. აკონტროლებენ იმ ბომბონერების ხარისხს, რომელშიც მომხმარებელი ფულს იხდის. მიდიან მაკრედიტირებლები და არ აძლევენ ბომბონერების გაყიდვის უფლებას იმ ვაჭარს, რომელიც რაღაც დადგენილ კრიტერიუმს დაარღვევს.

კრიტერიუმების მოგონებასა და დადგენას რა უნდა?

მაგალითად:
  • შეფუთვაზე ფერის სიხასხასე
  • ბომბონერების შენახვის ვადა
  • ბომბონერების შემადგენლობაში სახარინის/შაქრის/გლუკოზის/წყლის ... წილი
  • გამყიდველის ბაზარში დაგვიანების გრძლიობა
  • გამყიდველის მიერ ფორმისა და მარცხენა ხელზე ბაფთის ტარების წესი (ბაზარი სახელმწიფოსია და უნდა ბაფთის ტარებას მარცხენა ხელზე დაავალდებულებს ბომბონერების გამყიდველებს და უნდა — მარჯვენა ფეხზე!) 

  1. არადა, სიხასხასე უფასო ბომბონერს უარესი აქვს, მაგრამ მაკრედიტირებლები მათ ხმას ვერ სცემენ, რადგან მათი აკჯრედიტაცია გაურკვეველი ვადითაა გადაწეული. 
  2. არადა, შენახვის ვადა უფასო ბომბონერებს უარესად აქვთ დარღვეული, მაგრამ მაკრედიტირებლები მათ ხმას ვერ სცემენ, რადგან მათი აკრედიტაცია გაურკვეველი ვადითაა გადაწეული. 
  3. არადა, უფასო ბომბონერების შემადგენლობაში სახარინის/შაქრის/გლუკოზის/წყლის ... წილი უარესია, მაგრამ მაკრედიტირებლები მათ ხმას ვერ სცემენ, რადგან მათი აკრედიტაცია გაურკვეველი ვადითაა გადაწეული.
  4. არადა, უფრო მეტად აგვიანებენ უფასო ბომბონერების გამყიდვლელები ბაზარში, მაგრამ მაკრედიტირებლები მათ ხმას ვერ სცემენ, რადგან მათი აკრედიტაცია გაურკვეველი ვადითაა გადაწეული.  
  5. არადა, ფორმისა და მარცხენა ხელზე ბაფთის ტარების წესიც უფრო მეტად უფასო ბომბონერების გამყიდველების მხრიდან ირღვევა, მაგრამ მაკრედიტირებლები მათ ხმას ვერ სცემენ, რადგან მათი აკრედიტაცია გაურკვეველი ვადითაა გადაწეული. 
* * *
როგორ არწმუნებს აკრედიტაციის ცენტრი გადასახადის გადამხდელებს იმაში, რომ ამ ცენტრის არსებობა აუცილებელია და მასში კოლოსალური თანხების ხარჯვა სასარგებლოა?
დავფიქრდეთ, რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს ცეტრს?

   1. ომ შეიძლება, სასწავლებელში ჰიგიენური ნორმები არ იყოს დაცული?
ამიტომ კერძო სასწავლებელი უნდა დაიხუროს და ადამიანმა, რომელიც სამი ათას ლარს იხდის წეილიწადში შვილის განათლებისთვის, შვილი უნდა გადაიყვანოს ისეთ საჯარო დაწესებულებაში, რომლის ტუალეტშიც წყალი არ მოდის.

   2. ხომ შეიძლება, ბავშვმა არ იაროს და ისე გააფორმონ სკოლაში? 
აქ იმის შიშს გამოთქვამს აკრედიტაციის ცენტრი, რომ ადამიანმა ფული გადაიხადოს იმ მომსახურებაში, რომელსაც არ იღებს. ანუ ადამიანს ბიუჯეტში ფული შეაქვს, განსხვავებით იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი ბიუჯეტის ფულს ხარჯავს ისე, რომ მომსახურებას არ იღებს (მაგალითად, საჯარო სკოლებში არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი არ დადის და სკოლა ვაუჩერის ანუ გადასახადის გადამხდელების ფულს მაინც ღებულობს.) 

   3. სიბნელე რომ ასწავლონ სკოლებში?
რატომ უნდა ასწავლოს მშობელმა საკუთარ შვილს სიბნელე და ამაში ფული გადაიხადოს? 
ან რა შეიძლება მივიჩნიოთ სიბნელედ? 
  • რომ დედამიწა კვადრატის ფორმისაა და დიდ კუზე დგას?
  • რომ ქართულში რვა ბრუნვა აქვს არსებით სახელს?
  • რომ აკაკი წერეთელი ვაჟა ფშაველას მართლა ლექსებს უწუნებდა? 
  • რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოა? 
დავანებოთ თავი წინასწარმეტყველებას და ყველაზე უარესი წარმოვიდგინოთ: შესაძლოა სასწავლებელში ისწავლებოდეს, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიები — აფხაზეთი და შიდა ქართლი არ აქვს ოკუპირებული. ამ შემთხვევაშიც კი უნდა გავითვალისწინოთ ორი მომენტი: 
  1. ის, რაც კანონმდებლობით მიუღებელია და აკრძალულია, დასჯადი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. ამას არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი მაკონტროლებელი ორგანოები გარდა პროკურატურისა. კერძოდ, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭქვეშ დაყენება დასჯადია, იგი დასჯადი იქნება სასწავლებელშიც და კლუბშიც, ბაზარშიც და თეატრშიც. რადგანაც აკრძალულია გახრწნილების გავრცელება, ეს აკრძალული იქნება ყველგან და დამატებითი ინსტიტუცია ამის აღსრულებას არ უნდა სჭირდებოდეს. რადგანაც აკრძალულია პროზლიტიზმი, იგი აკრძალული იქნება ყველგან. 
  2. ინფორმაციის გავრცელება დღეს აღარ ხდება მხოლოდ აგურებითა და რკინა-ბეტონით აშენებულ ორ-სამსართულიან შენობებში, სადაც იძულების წესით მიჰყავთ ბავშვები და ვიღაც კათედრაზე შემდგარი ადამიანი, რაღაც სასწაულებრივად დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიდან ცოდნას გასცემს. დღეს სხვაგვარადაც ვრცელდება ცოდნა და ასეთი სიბნელების გასანეიტრალებლად სხვა ხერხებს უნდა მივმართოთ, თორემ დავემსგავსებით ზოგიერთ, გვარს არ დავასახელებ, სახელმწიფოს, საზღვრებზე წიგნების შეტანას რომ აკონტროლებენ ისევ. 
* * *
ადამიანები ხსნიან სასწავლებელს, მშობლებს (ყველაზე დაინტერესებულ ადამიანებს) აკმაყოფილებთ ამ სასწავლებლის ხარისხი და ფულს უხდიან დამფუძნებელს, სასწავლებლის დამფუძნებლები ფულს იხდიან ბიუჯეტში და რომ დავანებოთ თავი?! არა?! 


* * *
რა ბედი უნდა ეწიოთ აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს?! (ისევე, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაკებს?) 
ჩვენ ხომ ადამიანთა უხელფასოდ დატოვების მოთხოვნით არ უნდა გამოვიდეთ?
რა — და, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე ნაცადი ხერხი გამოვიყენოთ: ორი წლის განმავლობაში ვუხადოთ ხელფასი ისე, რომ სამსახრუში არც კი იარონ — არაფრის კეთებაში. ყველანაირი დათვლით, ასე უფრო იაფი დაგვიჯდება მათი შენახვა გადასახადის გადამხდელებს. 

P. S. არადა, რა სჯობია კარგ აკრედიტაციის სამსახურს?! რა - და კარგი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კერძო აკრედ8ტაციის სამსახური, რომლის მ9მსახურებასაც ნებაყოფლობით იყიდოან საგანმანათლებლო დაწესებულებები.

Monday, 26 August 2019

როგორ დაწერდა იაკობ გოგებაშვილი „დედაენას“ 2020 წლისთვის

(ექვსი დასათაურებული ნაკვეთი და ერთი შეჯამება)


პირველი ნაკვეთი

(დასაწყისი)
წუხელ წერილი მომწერა იაკობ გოგებაშვილმა. სიზმარში, რასაკვირველია.
„ძმაო, გიორგი, – მწერდა ის, – შენი „დოდონა” ვნახე იუთუბზე და ფრიად აღტაცებული დავრჩი, როგორ ოსტატურად ახერხებ პატარებისთვის წერა-კითხვის სწავლებასა… თან რა საყვარელნი არიან შეგირდნი შენნი და როგორი ფაციცით ერთვებიან შეთავაზებულს საკითხავს თუ წერითს სავარჯიშოებშიდ…
როგორც ვნახე, შენი მიზანი ყოფილა ასო-ბგერა „დ” გესწავლებინა მოწაფეთათვის და ამისთვის იყენებ ერთს, მეტად სასაცილო მედუზას ტიკინასა სახელად დოდონას. დოდონა… დოდონა… სახელიც როგორი მჟღერი, დასამახსოვრებელი და სახასიათო შეგირჩევია…
ჯერ იმაზედ მოგახსენებ, რაც ძლიერ მომეწონა შენს ვიდეოგასაკვეთში და მერმედ რამდენსამე შეკითხვასაც, გინა ჩემს ეჭვსაც გამოვსთქვამ.
ბავშვები სრულიად აღტაცებულები რჩებიან დასაწყისში ტიკინას გამოცნობის მომენტშიდ (მართალია, ეს ნაწილი გასაკვეთისა არაა წარმოდეგნილი ვიდეოში, მაგრამ შესავალში ჩვენთვის განკუთვნილ ნაწილშიც ხომ ასრედ წარმოადგენ ტიკინასა და მეტადრე ასე წარუდგენდი მოწაფეთაცა.) – ჯერ ერთი ფეხის ამოღება, შემდეგ – მეორისა… ასეთი რამ მართლაც აღიტაცებს მოწაფეთა სასწავლო წადილსა, რასაცა მოტივაციობით უხმობენ ლათინთა ენათა…
ფრიად მომეწონა მიკროტექსტის შეთხზვა ამ ტიკინა დოდონაზედ მოწაფეთა მონაწილეობითვე. უმარტივესი ტექსტისა, რაიცა მოსაფიქრებლადაც უადვილესია და დასამახსოვრებლადაცა. აკი დაიხსომეს კიდევაც ბავშვებმა…
„ეს არის მედუზა დოდონა.
დოდონას აქვს ხუთი დიდი ფეხი.
დოდონა არ დადის.
დოდონა დაცურავს.“
გავგიჟდი, ისე მომეწონა ტექსტის ფიცარზედ დაწერის პროცესი მოწაფეთა ჩართულობითა. როგორი წადილით ანუ მოტივირებით ისწრაფოდნენ დასაწერადა და როგორ დაუნანებლად უმარჯვებდი სკამსაცა მასსა დასაჯდომელსა შესაყენებლად საწერსა მას ადგილსა მისაწვდომადა…
უმარტივესი ტექსტის ჩაწერის შემდეგ ბავშვებმა ადვილადვე წარიკითხეს ტექსტი იგი დაწერილი შესახებ მედუზა დოდონისა. გაიწაფნენ კიდეცა სხვადასხვას გზით წაკითხვის მეოხებითა და, რაც მთავარია, გაიწაფნენ კიდევაც სამიზნე ასო-ბგერა “დ”-ს ამოცნობაშიდ შენ მიერ შეთავაზებული გამიზნული სავარჯიშოებებითა, გინა აქტივობებითა.
ჩემდა გასაკვირად გამზადებული ტექსტიც, დიდ ქაღალდზე წინასწარ დაწერილი, გააკარ ფიცარზედ და ცალკერძ მასზედ ავარჯიშ-ამეცადინე მოწაფენი იგინი. ბარაქალა!
აღარაფერს ვამბობ განსატვირთ სავარჯიშოზედ, – როგორ აცურავებდნენ მას მედუზასა ყმაწვილები, როგორი სიხარულითა და ჟვილითა… აქაც ბარაქალა!..
ბოლოს კი დაახატ-დააწერინე მედუზა დოდონაი იგი. ეტყობოდა მოწაფეთა ფუსფუსსა, როგორი რუდუნებითა და ჩართულობითაც ხატავდნენ და წერდნენ იგინი… მოკლედ, ფრიად ნასიამოვნები დავშთი.
ახლა კი, ერთი ეჭვი იგი მინდა გაგიზიარო ამ წარმართულს გასაკვეთის შესახებ: განა ყველა ასო კი იცოდნენ მოწაფეებმა, რასაც კი ტექსტის დაწერისას იყენებდი?! შეძლებენ კია იგი მოწაფენი ამ უცნობის ასოების მარჯვედ წაკითხვასა?! კი ბატონო, ზეპირად რომ შეგეთხზათ ტექსტი და გესაუბრათ დოდონაზედ, არ გამიჩნდებოდა ასეთი შეკითხვა, მაგრამ…
არადა, მეორე მხრივ, ჩემი საკუთარი თვალით კი დავრწმუნდი, რომ კითხულობდნენ ბავშვები… მოკლედ, ერთობ ჩამაფიქრა შენმა “დოდონამ” და კითხვა გამიჩინა: ხომ არ ვცადო ჩემს ახლს დედაენაშიდ მასეთი მიდგომით რამდენიმე ასო-ხმის მიწოდება?! “
ამ დგილამდე მივედი და გამეღვიძა… როგორც ვხვდებით, იაკობის სიზმრისეულ წერილში საუბარია ენობრივი პრაქტიკის მიხედვით კითხვისა და წერის სწავლების შესახებ. ამ და კითხვისა და წერის სწავლების სხვა თანამედროვე მეთოდებს ჩვენს მასწავლებლებში დიდ პოპულარიზებას უწევდა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) და მისი წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი პაატა პაპავა. ენობრივი პრაქტიკის კითხვის სწავლების მიზნით გამოყენებაზე მე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩავატარე და ანგარიშიც გავაზიარე. ხოლო სასწავლო-მეთოდიკური ფილმი „დოდონა“, მართლაცაა ხელმისაწვდომი იუთუბზე: https://www.youtube.com/watch?v=XM9hzEj8JKQ
მეორე ნაკვეთი
(იაკობის წერილი ზაზას)
ძმაო ზაზა,
როგორ ხარ? როგორ არიან შენი ბალღები? კნეინა ელისაბედი რასა იქმს?! კი მაგრამ, რომ მსწერდი, ბევრი ნაყივნის ჭამით ფრიადი ცემინება დასჩემდაო, განა ესრედ უნდა მოფრთხილება ახლადშერთულ კნეინასა?!
ვიცი, ჩემი ამბებიც გაინტერესებს… ორი ნედილია ქვიშხეთს დავჰყავ – ხომ მოგეხსენება, რარიგ მჰრგებს იქაური ჰაერი და ხილი… ახლა ერთობ მომჯობინებულად ვჰგრძნობ ამ ჩემს თავსა…
გუშინ აკაკი მესტუმრა და ერთი უცნაური საიტი რამე გასართობი მაჩვენა. სწორედ რომ საჩემო იქნება – ჯერ ჩემი დედაენისთვის შეიძლება ძლიერ საინტერესო, შემდეგ ამ დედაენით მოსარგებლე ყმაწვილთათვისა. ტუნდუ ჰრქვიან, შეიძლება, კიდეც გეცოდინოს შენა.
როგორი მოსახერხებელი რამაა, იცი? ნებისმიერი სიუჟეტის დასურათხატებაა შესაძლებელი. შეარჩევ ნებისმიერ პერსონაჟსა, რომელსაცა გინა სიცილით გააცინებ,  გინა ტირილით დაამწუხრებ. თუ გინდა, შეუსაბამებ შენთვის სასურველს ნებისმიერ ფონსა, თუ გინდა, ხელში დააჭერინებ სასურველს იარაღსა ანუ ინსტრუმენტსა.
მოკლედ, ერთობ მოსამხარი რამაა ჩემი მიზნებისთვისა, მაგრამ ჩემი გაუწაფავი მარჯვენის ამბავი მოგეხსენება ტექნოლოგიებშიდ და ფრიად ვწვალობ. წუხელ იმდენი ვიწვალე ხმა-ასო განზედ შედგენილს ამბის ილუსტაციაზედ, მაგრამ რად გინდა – შენახვა არ დამვიწყებია ანუ დასეივება?!  
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისედაც მიმიხვდებოდი ჩემს სათხოვარსა: ერთი-ორი საღამო გამომიარე ჩემს ბინაზედ, წავიმუშავოთ რამდენიმე ილუსტრაციაზედ შიგ ჩასანერგი მცირე რამ ტექსტებითა. ამით შენის ნახვითაც გავიხარებ და ჩვენი მოწაფეების კითხვის შესწავლის საქმესაც ერთი-ორად წარვაგდებთ წინა!..
ასევე ძალიან მინდა, ახალ დედაენაშიდ საკომპიუტერო რამ თამაშ-გაკვეთილებიც ჩავნერგო. დედაენაშიდ როგორ, მაგრამ რამდენიმე სავარჯიშო აუცილებლად მინდა თითოეულს ასოზედ დისკებზედ გადავიტანოთ და რამდენიმე მიკრო ამბავ-ილუსტრაცია შენთან ერთად რომ შევადგინო.
აღარ გსთხოვ განმეორებით. ვიცი, შენც ფრიად გაგიხარდება ჩემი ნახვა!..

შენი პოეზიითა და ტექნიკურობითაც მარად აღფრთოვანებული,
შენი ძმა იაკობი

მესამე ნაკვეთი
(დედაენა სხვაა, იაკობის პრინციპები სხვაა.)
რამდენიმე სიტყვა იმის შესახებაც, როგორ ვერ ახერხებდა იაკობ გოგებაშვილი თავის დედაენებში საკუთარი პედაგოგიკური პრინციპების სრულად ასახვას. იგი ამბობდა, რომ სახელმძღვანელოს შედგენისას იძულებული იყო ისინი დაეყვანა “სიადვილის უკიდურეს ხარისხამდის”.
იაკობი თავის სახელმძღვანელოებში ითვალისწინებდა მაშინდელი მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებს, მათ მზაობას. ითვალისწინებდა იმას, რომ ამ 6-8 წლის ასაკის ბავშვებს სკოლაში შესვლამდე, ანუ მანამდე, სანამ დედაენას ხელში დაიჭერდნენ, არავითარ საკითხავ რესურსზე ხელი არ მიუწვდებოდათ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში მათ რაიმე წარწერა, ნაწერი ტექსტი არც კი დაენახათ. (შესაძლოა ეს წარწერა ყოფილიყო რუსულ ენაზე გაკეთებული რაიმე აბრა თავის სოფელში, ქუჩაზე. (ამ მხრივ მდგომარეობა უდნავ უკეთესი იქნებოდა ტფილისსა და ქუთაისში, სხვა ქალაქებში.)
ახლა წარმოვიდგინოთ მასწავლებელთა კვალიფიკაცია, რაც არ იყო სახარბიელო. ამის შესახებ სხვადასხვა წერილში თავის წუხილს გამოხატავს იაკობიც. შესაბამისად, სახელმძღვანელოების შედგენისას იგი ითვალისწინებდა მასწავლებელთა შესაძლებლობებსაც.”რადგანაც სპეციალისტები მაინც თითქმის არ მოიპოვებიან ჩვენ ხალხურ შკოლებში მასწავლებლებათა, ამიტომ ამ ანბანის მეთოდი უნდა მიგვეყვანა სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ ჰაზრით, რომ ხარისხი მეთოდის სარგებლობისა პირდაპირ დამოკიდებულია მის მარჯვეთ მოხმარების სიადვილეზედ და უკეთესი მეთოდი უარესზედ მავნებელია და გადამრევი ბავშვების გონებისათვის, თუ მისი ხეირიანათ მოხმარება შეუძლებელია სპეციალურათ მოუმზადებელ მასწავლებელთათვის.” (გოგებაშვილი, ი. 1876)
ეს აბსოლუტური გამოუცდელობა ბავშვებისა, ერთი მხრივ, და მასწავლებლების საეჭვო პროფესიონალიზმი, მეორე მხრივ, იაკობს უბიძგებდა თავისი სახელმძღვანელო აეგო უმარტივესი პრინციპებით. კერძოდ, უმარტივესი სიტყვებითა და წინადადებებით მიეწოდებინა თითო-თითო ასო ისე, რომ ყოველ ახალ ტექსტში (პირობითი ტექსტი. აზრობრივად დაუკავშირებელი წინადადებების ერთობა.) გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ აქამდე შესწავლილი ასოები.
აზრობრივად დაუკავშირებელი წინადადებების კითხვაში ვარჯიში მოსწავლეებს წაფავდა ასოებისა და მარცვლების დეკოდირებაში და, რაც არ უნდა ნაკლებ კვალიფიციურად წარმართულიყო მაშინდელი მასწავლბელის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, დედაენას ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა მოწაფეს მართლაც სწრაფად ასწავლიდა კითხვას.
ეს მახასიათებლები (სიმარტივე და ეფექტიანობა) განაპირობებს იმას, რომ იაკობის დედაენა (ან იმის მიხედვით აგებული სხვა დედაენები) დღესაცყველაზე პოპულარულია  ჩვენს თანამედროვე მასწავლებლებშიც. დიდი წვალება და ინტერპრეტაციები ამ დედაენის მიხედვით სწავლებას არ სჭირდება და მოსწავლეთა შედეგებიც გარანტირებულია. და რა უნდა უნდოდეს სხვა მასწავლებელს? არაფერი.
მაგრამ უნდა ვთქვათ სხვა მხარეც, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით,მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მომავალი მკითხველების ბედ-იღბალს. პატარა მოსწავლეებისთვის ოცდაცამეტჯერ შეთავაზებული აზრისგან დაცლილი ტექსტი რამდენად მოქმედებს მომავალი მკითხველის ეფექტურობაზე?!
რამდენად აყალიბებს ეფექტურ მკითხველს კითხვის სწავლის პირველ ეტაპზე ოცდაცამეტი წვალება და იმედგაცრუება? იმედგაცრუება, რადგან ბავშვის ის მოლოდინი, რაც მას ჰქონდა საინტერესო და ლამაზი წიგნების კითხვისგან (დედისგან, ბაბუისგან წაკითხვისას), ქრება. და მას ჰპირდებიან, რომ სანამ კითხვას ისწავლის, ასე უაზრო წინადადებების კითხვით უნდა ივარჯიშოს, უნდა იწვალოს.
მით უფრო უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გოგებაშილის შეგონება, – თითოეულს მიწოდებულს საგანზედ, სიტყვაზედ საინტერესო რამ ამბავი მიაწოდეთ ბავშვებსო, – უგულებელყოფილია. გინახავთ მასეწავლებელი რაიმე საინტერესო ამბავს უყვებოდეს მოსწავლეებს ჯარაზე?! ან სხვა რომელიმე სიტყვაზე? არა.

მეოთხე ნაკვეთი
(„ჯარა“ და „ჩიტი ხეზე ჰკიდია“)
უნდა შევეხოთ იმ ლექსიკას, რასაც იაკობი თავის დედაენებში იყენებდა და რასაც აუცილებლად გამოცვლიდა ახალი დედაენის შედგენისას.
რა იყო მისი ამოსავალი პრინციპი ლექსიკური ერტეულების შერცევისას? სიტყვა უნდა ყოფილიყო ცნობილი ბავშვისთვის, ადვილად წარმოსადგენი (წარმოსახვა) და გრაკვეულწილად დადებითი  ემოციის აღმძვრელი.
სიტყვები უნდა ყოფილიყო ადვილად ამოსაკითხიც, დასამარცვლიც, არცთუ გრძელი.
სიტყვებს იაკობი იყენებდა მშობელთა დასამშვიდებლადაც: როდესაც ისინი ორჭოფობდნენ შვილების განათლებაზე, იაკობი მათ არწმუნებდა, რომ აი, სულ ნაცნობი და მომავალში გამოსადეგი რამეები ისწავლება ჩვენს სკოლაშიო…
შესაბამისად, როდესაც მოსწავლე თავის დედაენაში ჯარას დაინახავდა, მას თვალები გაუფართოვდებოდა, რადგან ერთ ფრიად მნიშვნელოვან ნივთსშეხედავდა, რომელიც შეიძლება შინ არ ჰქონოდა, იმდენად ძვირფასი იყო, მაგრამ ნანახი კი აუცილებლად ექნებოდა.
დღევანდელი მოსწავლე რომ ამ ჯარას დაინახავს, რა დამოკიდებულება აღეძვრება? გაცეცდება, როგორც აკაკი იტყოდა…
არა, ჯარაც უნდა იცოდეს მოსწავლემ და თახჩაც, მაგრამ კითხვის სწავლის პირველ საფეხურზე რომ შევთავაზოთ ეს სიტყვები დღევანდელ მოსწავლეს, ჩვენ დავარღვევთ იაკობის რამდენიმე პრინციპს: უცნობ ლექსიკურ ერთეულებზე დავაყრდნობთ კითხვის სწავლებას, რასაც არავითარი დადებითი ემოცია არ მოჰყვება მოსწავლეში და მეორეც: ერთ სირთულეს (ასოების შესწავლა) დავამატებთ მეორე სირთულეს (უცნობი ლექსიკურ ერთეული).
ამიტომაც იაკობი დიდი გაფაციცებით შეარჩევდა დღევანდელი ბავშვების ლექსიკას. სულაც არ გამოვრიცხავ, ასო-ბგერა “ჯ”-ს შესწვალის მიზნით სამიზნე სიტყვად “ჯოისტიკი” გამოეყენებინა…

რაც შეეხება “ხეზე ჩამოკიდებულ ჩიტს”. როგორც ცნობილია, იაკობის მიერ “ჰ”-ს სწავლის მიზნით შეთავაზებულია წინადადება „ჩიტი ხეზე ჰკიდია.“(ამ შემთხვევაში ანალიზს იაკობი წინადადებიდან იწყებს.).
გოგებაშილის დედაენის თანამედროვე ინტერპრეტატორებმა ეს წინადადება შეცვალეს. ჯერ ერთი, არაესთეტიკური და შესაბრალისია ხეზე დაკიდებული ჩიტიო. მეორეც, გრამატიკულადა არაა საჭირო ამ სიტყვაში “ჰ”-ო. ამიტომაც ერთგან შემოგვთავაზეს “ჩიტს ბარტყები ჰყავს”, მეორეგან – “ვაზს მტევანი ჰკიდია.”
შეცვალეს და დაიკარგა იაკობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და შემოთავაზებული წინადადება გახდა უსულო… ის, რომ ჩიტი ხეზე ეკიდა, მოსწავლეებში აღძრავდა სრულიად ცოცხალ და ავთენტიკურ ემოციას, რასაც მასწავლებელი მიმართავდა სათანადო აკადემიური და ეთიკური მიზნებისთვის. ხოლო შეცვლილ ვარიანტებში იაკობისეული ვარიანტის ემოცია გაქრა, გაყალბდა. (ეს ერთი მაგალითაი იმისა, თუ რატომ ჯობნის იაკობის 1912 წლის დედაენა თანამედროვე გადაკეთებულ და გაფერადებულ ვერსიებს.)
ამიტომაც, დღეს იაკობი დადარაჯებული იქნებოდა მცირე, საინტერესო ამბებისადმი. ეცდებოდა, თვითონაც მოეგონებინა ასეთი მიკროამბები და სხვათათვისაც გამოერთმია. ვფიქრობ, იგი გამოიყენებდა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში ჭანტურიას ჯგუფის მიერ შექმნილ რამდენიმე ამბავ-მოთხრობას (უფრო მათ ადაპტირებულ ვერსიებს). ამ ამბავ-მოთხრობებით აკი შედაგინა კიდეც პირველკლასელთა საანბანო სახელმძღვანელო ერთმა გონიერმა ჯგუფმა.
სწორედ ასეთი მიკროამბების შექმნა-ადაპტაციაზე იქნებოდა მიყურადებული იაკობიც. ჩვენ ჩვენეული რამდენიმე ვერსიას გტავაზობთ ამ წერილში. შემდეგი ნაკვეთიცამ მიზნის ერთგვარი ინტერპრეტაციაა.

მეხუთე ნაკვეთი
(იაკობის წერილი ლელა ცუცქირიძეს)
ძვირფასო ლელა,
ბევრგზის მითქვამს, რომ ფრიადი თაყვანისმცემელი ვარ თქვენი შემოქმედებისა. მრავალსახოვანი შემოქმედებისა. რარიგადაც გულში ჩამწვდომია თქვენი ლექსები, ასეთივე ამაღელვებელია თქვენი ნახატებიც, როგორადაც მიმზიდველია თქვენი საბავშვო მოთხრობები, ეგრედვე სანაქებოა თქვენი საბავშვო ლექსებიც. სწორედ ამ ლექსებზედ მინდა გთხოვოთ რაღაც, თუკი ზედმეტ კადნიერებაში არ ჩამომერთმევა…
მოგეხსენებათ ჩემი ინტერესი ყოველი ნიჭიერად დაწერილი საბავშვო თხზულებისადმი და, ერთობ მომეწონა თქვენი ახალი კრებულიდგან მომცრო საბავშვო ლექსები. დიდად პატივდებული დაგრჩებით, თუ ნებას დამრთავთ ერთი-ორი ჩემს “დედაენაშიდ” გამოვიყენო… განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ლექსი: “სპილო”
პიანინოს უკრასვ სპილო,
დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი-დო.
მუსიკას წერს სახალისოს,
ბავშვები რომ ახალისოს.
ვფიქრობ, ეს ლექსი კარგი იქნება ასო-ბგერა “ს”-ს შესწავლისთვის. ოღონდ მხოლოდ პირველს სტროფს გამოვიყენებ. ბავშვები ადვილად დაისწავლიან ამ სტროფს და დიდად წაადგება ჩემს მიზნებს, რადგანაც რამდენიმე მიზეზი მაქვს ამ ლექსის მოწონებისა:
  1. ლექსი ფრიად სახალისოა არა მხოლოდბავშვებისთვისა, არამედ უფროსებისთვისაც. მოგეხსენება, ხალისი რამდენად საშური ფაქტორია სასწავლო პროცესში.
  2. ადვილად დახსომებადია. ეს ფაქტორი ადვილად წაკითხვადს გაჰხდის მას და ბავშვებს სიძნელე მოეხსნება. (ამ სიძნელის მოხსნაში ერთობ დაინტერესებული ვარ, რადგანაც დედაენის ახალს რედაქციაშიდ გადავსწყვიტე შევიტანო ისეთი საანბანო ტექსტებიც, რომელშიც ყველა ასო შესაძლოა არც ჰქონდეთ ნასწავლი ყმაწვილებსა.)
  3. ფრიად არის წრმოდგენილი სამიზნე ასო-ბგერა “ს”. ეს სიმრავლე ახალი ასოსი კარგი საფუძველია ვარჯიშობებისა და დამახსოვრებისა.
მოკლედ, ზემოთ აღნიშნული განმაპირობებლების გათვალისწინებით, გთხოვთ, ნუ მეტყვით უარს თქვენის ლექსის პირველი სტროფის გამოყენებაზედ ჩემის დედაენის ახალის რედაქციისთვისა.

მარად თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელი,
იაკობ გოგებაშვილი

მეექვსე ნაკვეთი

(რა პრინციპს არ იყენებდა იაკობი)
იაკობის ანალიზურ-სინთეზური მეთოდი (მეთოდი ზოლოტოვისა, როგორც თვითონ უწოდებდა) გულისხმობდა ანალიზის დაწყებას სიტყვიდან (ზოგიერთ შემთხვევაში წინადადებისგანაც). მიუხედავდ ამისა, იგი მასწავლებლისგან მოითხოვდა, რომ შეთავაზებული სიტყვის შესახებ მასწავლებელს მოეთხრო რაიმე ამბავი. ანუ იაკობის მიხედვით ანალიზი ამბიდან უნდა დაწყებულიყო. ოღონდ ზეპირი ამბიდან… იაკობის მიერ დარიგებული, დამოძღვრილი “მასწავლებელი გარდასცემს ბავშვს ამ საგნის შესახებ რაიმე მოთხრობასა, თუ შესაძლებელია, ანდაზას, გამოცანასა და ლექსსა, რომელსაც ამღერებს მარტივს ჰანგზედ.” (გოგებაშვილი, ი, 1881, ((იაკობ გოგებაშვილი, თხზულებანი, I, თბილისი, ინსტიტუტის გამომცემლობა, 1955, გვ.გვ 286)
კიდევ ერთხელ აღვნიშოთ, რომ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებში ტექსტების შედგენისას არაა გამოყენებული ჯერ შეუსწავლელი ასოები. და როდესაც იაკობი ლაპარაკობს ბავშვებისთვის საინტერესო ამბის (ანდაზის, გამოცანის, ლექსის, სიმღერის) შეთავაზებაზე, ის გულისხმობს ზეპირ ტექსტს.
თანამედროვე კვლევებმა დაადასტურეს, რომ ბავშვს შეუძლია აღიქვას, წაიკითხოს ისეთი სიტყვებიც, რომლებშიც ყველა ასო არაა ცნობილი/ნასწავლი. ამისთვის ასო-ასო დეკოდირების გარდა ის იყენებს სხვა სტრატეგიებს: დამახსოვრებული მთლიანი სიტყვების წაკითხვა, ილუსტრაციებსა და კონტექსტზე დაყრდნობა…
გავიხსენოთ: არათუ მიმზიდეველი შინაარსის მქონე მოკლე ტექსტებს (მიკროტექსტებს), არამედ უშინაარსო, აზრობრივად დაუკავშირებელი წინადადებებისგან შემდგარ ტექსტებსაც (თუ შეიძლება მათ ტექსტები ეწოდოს) ბევრი მოსწავლე სწორედ დეკოდირების გარეშე (ე. წ. ზეპირად) კითხულობს ხოლმე.
ვფიქრობთ, იაკობი დედაენის 2020-ს გამოცემისთვისზეპირ ამბებსა თუ ლექსებს დაწერილადაც შესთავაზებდა მოსწავლეებს. ასეთი ტექსტების შექმნა-მოძიებაზე, მათს სათანადოდ ილუსტრირებაზე მიმართავდა იგი თავის ძირითად ძალისხმევას.
ეს ტექსტები, ცხადია, იქნებოდა უმარტივესი, უმცირესი. პირველ ეტაპზე –  მით უფრო. სანიმუშოდ მინდა შემოგთავაზოთ იაკობისეული პირველი ტექსტი, რომელშიც იგი ჩააშენებდა თავის “აი იას”.
აი ანა. აი გიგი.
ანა და გიგი სკოლაში მიდიან.
– აი სკოლა, – ამბობს ანა.
– აი ია, – ამბობს გიგი.
(შესაძლოა, “მიდიან” შეეცვალა  და მის ნაცვლად “არიან” გამოეყენებინა… შესაძლოა, “ამბობს ანა” და “ამბობს გიგი” საერთოდ ამოეღო და სათქმელი სიტყვები ილუსტრაციაზე გადაეტანა “ღრუბლებში”…)

ანუ იაკობი თავის 2020-ის დედაენაში წარმოადგენდა სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ანალიზი დაიწყებოდა ამბის შემცველი მცირე ტექსტიდან (ან ლექსიდან, ანდაზიდან, სიმღერიდან) და ამ ტექსტს ექნებოდა არა მხოლოდ ზეპირი სახე (ამას თავის დედაენებშიც მოითხოვდა იაკობი.), არამედ დაწერილიც.
ასეთი მიკროტექსტის შეთავაზების შემდეგ იაკობი მოსწავლეებს მისცემდა დეკოდირებაში გაწაფვაზე ორიენტირებულ წინადადებებსა და სიტყვებს სახალისო და ინტერქატიური სავარჯიშოებებითა და დავალებებით.
შეგვიძლია ვივარაუდოთ ასო-ბგერა “თ”-ს შესწავლის მიზნით გამოსაყენებელი მიკროტექსტიც, რომელიც ეყრდნობა ძველ ხალხურ საბავშვო თამაშს:
აი თათა.
აი გიგი.
თათა და გიგი თამაშობენ.
– ანა-თითი, ბანა-თითი,
რომელია შუა თითი?!
(ამ ტექსტის ილუსტრაცია იქნება პატარა გიგი და თათა, რომელთაგან გიგის ერთი ხელი შემოუჭერია თავის მეორე ხელის თითებზე და თათა დასჩერებია მის თითებს, რათა ამოიცნოს, რომელია შუა თითი.)
ალბათ, იაკობი თავის ახალ დედაენაში დაიცავდა 1912 წლის დედაენის ასოთა თანმიმდევრობას, რადგან იგი მაშინდელ მტკიცე ლოგიკას (გენეტიურობის პრინციპი, ჯერ შედარებით ადვილად მოსახაზი ასოები) ეფუძნებოდა. ხოლო ეს თანმიმდევრობა სულაც არ იქნება ხელისშემშლელი ახალი სახელმძღვანელოსთვის.
უნდა ვივარაუდოდთ ისიც, რომ იაკობი აუცილებლად დატოვებდა დეკოდირებისთვის ვარჯიშის მიზნით თავის ერთმანეთთან დაუკავშირებელ წინადადებებსაც. ამ შემთხვევაში იგი მასწავლებელს სთხოვდა, რომ ეს სავარჯიშოები გაემდიდრებინა მცირეოდენი აზარტითა და მოტივაციით სახალისო აქტივობების გამოყენებით.

შეჯამება

ზემოთ შვეეცადეთ იაკობ გოგებაშილის ინტერპრეტაციები გაგვეცოცხლებინა. ინტერპრეტაციები იმის შესახებ, თუ რას და როგორ გააკეთებდა იგი დღევანდელი მოსწავლეებისთვის. ვფიქრობს, ასეთი ინტერპრეტაციები უფრო აცოცხლებს იაკობს, ვიდრე მისი დედაენების აღდგენა-გაფერადება…
ისევე, როგორც რუსთველის ლექსმა, სამწუხაროდ, იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკურმა გენიამაც შეაფერხა კითხვის სწავლების მიდგომების მომავალი განვითარება და დღესაც კი ჩვენ გოგებაშვილის 1912 წლის დედაენის მიხედვით ვცდილობთ ახალი დედაენის შექმნას. და ეს მაშინ, როდესაც თავად გოგებაშილის პედაგოგიკური პრინციპები უფრო პროგრესული და თანამედროვეა, ვიდრე მისივე დედაენა, რომელიც მორგებული იყო მე-19 საუკუნის მოსწავლესა დ მასწავლებელს.
გოგებაშვილის პუბლიცისტიკაში გაფანტულია მისი ნააზრევი, მისის მისწრაფებები და სულისკვეთება, რაც ჩვენ გავრწმუნებს, რომ მისი პედაგოგიკა არის უფრო ღრმა და მეტი, ვიდრე მისი დედაენებია. ეს მოცემულობა არც მის დედაენებს აკნინებს, არც გოგებაშვილს. პირიქით, ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ იაკობი მართლად ღირსეული წარმომადგენელია მე-19 საუკუნის გენიოსთა ხუთეულისა.
გიორგი ჭაუჭიძე
სსიპ ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

Monday, 15 July 2019

აი იაკობის დედაენა

სტატია იხილეთ აქ


“მარილით დასაპალნებული ვირი წყალში უცებ წაიქცა. მარილი დადნა, საპალნე ბევრად შემსუბუქდა და ვირი ადვილათ ადგა. ეს კარგია, შენმა მზემ, იფიქრა ვირმა, - წყალმა კიდეც გამაგრილა და საპალნეც შემიმსუბუქა; კვლავისათვის ამას კარგად დავიხსომებ. რამდენიმე დღის უკან ამ ვირს ღრუბლები აჰკიდეს და იმავე გზაზედ წაიყვანეს. შუა წყალში რომ შევიდა, ვირი განზრახ წაიქცა. ეგონა საპალნე ახლაც შემიმსუბუქდებაო. ის კი არა, ღრუბლები წყლით გაიჟღინთა, საპალნე საშინლათ დამძიმდა. უგუნური ვირი ვეღარ წამოდგა და დაიხრჩო წყალში.” (იაკობ გოგებაშვილი, “დედა ენა”, 1876)

1918 წელი. ტფილისი. საქართველო.
შიდი წლის სესემ დილაადრიან გაიღვიძა და ტანთ ჩაიცვა საჩქაროზე. ერთი სულის აქვს, როდის გაიქცევა სკოლისაკენ - გუშინ მასწვალებელი დაჰპირდათ, ხვალ პირველ ასოებს შევისწავლითო.
...იასე მასწავლებელმა ოთახში შესვლისთანავე სიყვარულით მოიკითხა სესე და სხვა შეგირდები. რუდუნებით  აიღო ხელში იმ დილით დაკრეფილი ლურჯთვალა ყვავილების კონა და ღიმილით იკითხა:
            - აბა, ყმაწვილებო, ეს რა არის?
            - ეს არის ია, მასწავლებელო, - ერთხმად შესძახეს ბავშვებმა.
            - ყოჩაღ, ბავშვებო! ეს მართლაც იაა. რამდენ თქვენგანს გინახავთ იგი ჩვენს მინდორ-ველებზე და რამდენი მიგირთმევიათ დედებისთვის, არა?! - ტკბილად საუბრობდა იასე მასწავლებელი და ერთ თვალს გოგებაშვილის მიერ შედგენილ “მასწავლებლის გზამკვლევისკენ” აპარებდა, არაფერი დამავიწყდესო, მეორეს კი მოსწავლეთა აღტყინებულ თვალებში უყრიდა, - ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, იაკობ გოგებაშვილმა ეს ყვავილი სწორედ ჩვენს დედაენაში შეიტანა და პირველი ასონი, რომელთაც ჩვენ დღეს შევისწავლით, სწორედ ესენი არიან: ხმა-ასო “ი” და ხმა-ასო “ა”. აბა, ვნახოთ როგორ იწერება “ი” და როგორ იწერება “ა”.
იასე მასწავლებელი რუდუნებითვე წერს დაფაზე ჯერ ერთ ასოს, შემდეგ მეორეს და გაღიმებული მობრუნდება ბაშვებისკენ.
            - ეს არის ი”, ეს არის “ა”, - ამბობს იგი და ხელს ადებს ახლახან გამოყვანილს ასოებს, - აბა ყველამ ერთად ამოვიკითხოთ: “იიიიი”, “აააა”... რა გამოვიდა ბავშვებო? “ია”, - ამას უკვე ერთხმად ამბობენ ბავშვები.
ასე შემოვიდა სესეს ცხოვრებაში პირველად ქართული ასოები. მას შინ ხომ არც წიგნი ჰქონდა, არც გაზეთი რამე, გინდაც, ჟურნალი. ქუჩის აბრა-წარწერანიც მხოლოდ რუსულად თუ იყო ამოგვირისტებულნი.

2018 წელი. თბილისი. საქართველო.
ექვსი წლის ეკაც დილაადრიან ადგა და ერთ-ერთი საჯარო სკოლისკენ გაეშურა. მან გუშინ თავის კომპიუტერში ახალი პროგრამა დააინსტალირა და ძალიან საინტერესო თამაშიც გადმოწერა... ეკას ჯერ კიდევ სკოლაში მისვლამდე შეეძლო სხვადასხვა ციფრული ოპერაციის შესრულება. მართალია, საკუთრად არ ჰქონდა, მაგრამ ოჯახის კომპიუტერში დღის განმავლობაში ერთი საათით შეეძლო საქმიანობა. ახლა უკვე საკუთარი ბუკი აქვს, სულ საკუთარი.
ეკას უამრავი ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი აქვს ნანახი. მშობლები, როცა ახერხებდნენ, ყოველთვის უკითხავდნენ სხვადასხვა ლამაზ წიგნს. ბაბუა კი გამოჭერილი ჰყავდა და ლამის ზეპირად იცის ათობით საბავშვო მოთხრობა, ზღაპარი და ლექსი. ხშირად დაიკავებდა წიგნს ხელში და თავისით, თითის გაყოლებით “კითხულობდა” და “კითხულობდა”. მართალია ყველა ასო - არა, მაგრამ რამდენიმე იცის. იცის თავისი და თავისი ძმის სახელების დაწერაც. კითხულობს, მართლა კითხულობს საყვარელი წიგნებისა და ფილმების სათაურებს, სხვადასხვა წარწერას პროდუქტებზე, ნაცნობ წარწერებს ქუჩაში, მეტროში...


...თავი დავანებოთ სესესა და ეკას. მგონი, გასაგებია, თუ რატომ შევაწუხეთ ისინი ჩვენი წერილისთვის. ხომ უხერხულია, ეკას მასწავლებელმა, ლამზირამ, კითხვისა და წერის სწავლა ისევე დააწყებინოს თავის მოსწავლეებს, როგორც სესეს დააწყებინა იასე მასწავლებელმა?!

...100-150 წლის წინ მასწავლებელთა კვალიფიკაცია არ იყო ბრწყინვალე. არც სკოლათა მოწყობილობით გვქონდა საქმე საამაყოდ. შესაბამისად, თუკი 1876 წელს ან 1912 წელს გამოცემული “დედა ენის” მიხედვით შევადგენთ დღევანდელი პირველკლასელებისთვის ქართულის სახელმძღვანელოებს, წერილის დასაწყისში გახსენებული, ღრუბლით დასაპალნებული ვირის როლში აღმოვჩნდებით... ხომ არ შეიძლება, მე-12 საუკუნის რესურსებით ვაწარმოოთ საბრძოლო მოქმედებები ახლაც?! დღეს რომ დავით აღმაშენებლი გავაცოცხლოთ, ცხენებითა და ხმლებით შეაიარაღებდა თავის მხედრებს?! როგორც დიდგორია ქართული საბრძოლო ხელოვნების გვირგვინი, ასევე “დედაენაა” ქართული საგანმანათლებლო ხელოვნების სამკაული. და წარმოიდგინეთ, 2008 წლის შინდისის ბრძოლის დროს ჩვენი გმირი ოცეული რუს აგრესორებს დახვედროდა ხმლითა და ცხენებით. ისინი ხომ ერთი ავტომატის ჯერით გახდებოდნენ რუსი კაციჭამიის მსხვერპლნი? ჩვენც, როდესაც სახელმძღვანელოს შედგენას ვაპირებთ, სწორი პარალელი უნდა გავავლოთ სიტუაციებში და არასწორი, დამღუპველი ტრანსფერი არ უნდა განვახორციელოთ.

მოკლედ და მკაფიოდ, გადაჭრით და პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა განვაცხადოთ: კითხვის იმავე რესურსითა და მიდგომით სწავლება დღეს, როგორც ასწავლიდნენ საუკუნის წინათ, აღარ შეიძლება. იაკობის პედაგოგიკური ნაშრომები მოითხოვს, რომ საანბანე წიგნი იყოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, ერთი მხრივ, თანამედროვე მეთოდიკის შესაბამისი, “გაუკეთესებული”, მეორე მხრივ. შესაბამისად, 1912 წლის გამოცემის მიხდვით შედგენილი სახელმძღვანელო იქნება იაკობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული, მათი ღალატი. მეტიც, იაკობი თავისივე სახელმძღვანელოთი იყო უკმაყოფილო, რადგან მას იძულებით არგებდა მაშინდელი მასწავლებლების კვალიფიკაციისთვის, რაც, რა დასამალია, “მტკნარი უხეირობით” ხასიათდებოდა. ჯერ კიდევ 1876 წელს იაკობ გოგებაშვილი წერდა: “ჩვენი ანბანი არის შედგენილი ანალიტიკურ-სინტეტიურ მეთოდზედ (ეს მეთოდი იაკობ გოგებაშვილის შექმნილი არაა. ამ მეთოდით ისწავლებოდა კითხვა იმდროინდელ პროგრესულ მსოფლიოში. იაკობი მას “ზოლოტოვის მეთოდს” უწოდებს.)... რადგანაც სპეციალისტები მაინც თითქმის არ მოიპოვებიან ჩვენ ხალხურ შკოლებში მასწავლებლებათა, ამიტომ ამ ანბანის მეთოდი უნდა მიგვეყვანა სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის (ხაზს ვუსვამ, - გ. ჭ.). ამ შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ ჰაზრით, რომ ხარისხი მეთოდის სარგებლობისა პირდაპირ დამოკიდებულია მის მარჯვეთ მოხმარების სიადვილეზედ და უკეთესი მეთოდი უარესზედ მავნებელია და გადამრევი ბავშვების გონებისათვის, თუ მისი ხეირიანათ მოხმარება შეუძლებელია სპეციალურათ მოუმზადებელ მასწავლებელთათვის.”  (გოგებაშვილი, ი. 1876)
ეს ნიშნავს იმას, რომ იაკობის “დედაენები”, იაკობისვე სამწუხაროდ, უმარტივესადაა შედგენილი, რადგან სხვა შემთხვევაში მასწავლებლები ვერ ასწავლიდნენ და ბავშვებს “გადარევდნენ”. 

...მაინც რა არის გოგებაშვილის “დედაენა” - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს აზრით? რას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 12 მარტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 03/43 ბრძანებით? რას განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია 2014 წლის 14 აპრილის საქართველოს მთავრობის 295-ე დადგენილებით? რის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოს პარლამენტის წევრები ძეგლისთვის საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით? (სიმართლე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაცხადა მინისტრმა ჯეჯელავამ კონკურსი გოგებაშვილის მეთოდით სახელმძღვანელოს შედგენაზე, თუმცა კონკურსს შედეგები არ მოჰყოლია.) ვნახოთ, რა წერია იმ სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ახლავს კულტურის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს/ძეგლს“ და რომელიც შედგენილია პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარის მიერ. სააღრიცხვო ბარათის შინაარსი წარმოდგენილია შემოკლებით და ამის მიხედვით:
·      ”დედაენის” - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს - შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი უნიკალურია და ქართული ენის ბუნებაზე ზუსტად მორგებული.
·      იგი ითვალისწინებს ქართული წერა-კითხვის თანდათანობით და ძალდაუტანებლად სწავლებას მარტივიდან რთულისაკენ, ნაცნობიდან უცნობისაკენ.
·      უმთავრესი, რასაც ი. გოგებაშვილისეული მეთოდი ემყარება, ესაა პირველი საანბანე სიტყვა "ია".
·      ყოველი ახალი საანბანე სიტყვა არის ბავშვისათვის კარგად ნაცნობი საგნის აღმნიშვნელი; ესთეტიკურად მიმზიდველი; ამასთანავე იოლად დასახატავი.
·      ყოველ მომდევნო გაკვეთილზე შემოტანილი ახალი ასო გრაფიკულად სიახლოვეს ავლენს წინა ასოსთან (ა, ი და თ...).
·      საანბანე სიტყვა არის იოლად დასამარცვლი და ახალი ასო - მარცვლიდან მარტივად გამოსაყოფი (შეძლებისდაგვარად საანბანე სიტყვაში თანხმოვანკომპლექსისგანაც თავისუფალია). ამ პრინციპით აიგო "დედაენის" მეორე და მომდევნო გაკვეთილები (თითი, საათი, თხა, თოხი, ხე, უთო, ძუა...).
·      ყველა სიტყვა არის საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გაზრდილი ბავშვისთვის ნაცნობი ან იოლად შესაცნობი.
·      მეორე საანბანე გაკვეთილიდან მოყოლებული ყოველ ახალ გაკვეთილზე ხდება თითო ასოს გაცნობა. ძირითადი პრინციპი ასეთია: "ერთ გაკვეთილზე - ერთი სიძნელე".
·       უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოთა სწავლების თანამიმდევრობას. მაგალითად, "დედა ენაში" ჯერ კ (სოკო) ისწავლება, მერე - ვ (იხვი). ი. გოგებაშვილი განმარტავს: არ შეიძლება მათი ადგილების გაცვლა (თავის ოპონენტებს უხსნის), "ჯერ იმიტომ, რომ მასვე გაებუტება გენეტური მეთოდი, რადგანაც რთული ასო წინ მოექცევა უფრო მარტივსა, რომელიც პირველის ელემენტს შეადგენს, მერმე იმიტომ, კ მკაფიოდ გამოთქმისათვის ბევრად ადვილია ვ-ზე და ადვილადვე უერთდება, უკავშირდება ყოველს გვარს ასოსა, კითხვის პროცესს აადვილებს".
·      ასოთა სწავლების თანამიმდევრობის მთავარი პრინციპი არის: ბგერათა გამოთქმის სიადვილე-სიძნელე (მარტივიდან რთულისაკენ); ბგერათა რაგვარობა; ბგერათა სინტაგმატური თვისებები; ბგერათა გამოყენების სიხშირე; რამდენად ცნობილი საგნის დასახელებაში შედის ესა თუ ის ბგერა და ეს საგანი დასახატავად რამდენად მოხერხებულია; როგორია ამ ბგერის შესაბამისი ასოს გრაფიკული მოხაზულობა.
·      საანბანე წიგნი უნდა იყოს "ენობრივი სახელმძღვანელო". ეს სახელმძღვანელო ისე უნდა აიგოს, რომ არა მარტო შეასწავლოს, არამედ უნდა შეაყვაროს ბავშვს მშობლიური ენა. "აქ ყოველი ახალი სიტყვა აუცილებლად უნდა იყოს გამეორებული შემდეგ გაკვეთილებში რამდენჯერმე, რათა ღრმად ჩაებეჭდოს ბავშვს მეხსიერებაში".
·      "სახელმძღვანელო უნდა იყოს უშეცდომო." უმნიშვნელო შეცდომა საანბანე სახელმძღვანელოსთვის არ არსებობს; "ისე საჭირო არასდროს არ არის ამ კანონის დაცვა, როგორც სწავლის დასაწყისში" (ი. გოგებაშვილი).
·      სახელმძღვანელო უნდა გამოირჩეოდეს "წერის მასალის სიმდიდრით, ღირსებით; ელემენტარული იდეალების რაოდენობით... უნდა იყოს სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს იქითა და აქეთა საქართველოისას; საერო და სამრევლო სკოლებისას ერთად, უნდა დაეხმაროს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების გაერთიანებას" (ი. გოგებაშვილი).
·       საანბანე სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წიგნის საერთო ტექნიკურ მხარეს: შრიფტების ზომას, შრიფტების მონაცვლეობას, ინტერვალსაც კი ასოსა და ასოს შორის, სიტყვასა და სიტყვას შორის, სტრიქონსა და სტრიქონს შორის; სათაურს, ქვესათაურსა და ტექსტს შორის.
·    აუცილებელია საგანგებო ყურადღება მიექცეს წერის ტექნიკას, კალიგრაფიას, ასოების გამოყვანის პრინციპს; ტრადიციული "სწორე, პირდაპირი, მართებული" წერის უპირატესობის დასაბუთებას "ირიბ, დახრილ" წერასთან შედარებით.
·      ზნეობრივ-ეთიკური პრინციპები უნდა იყოს დაცული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენისას, რადგანაც "ეთიკა, სპეტაკი ზნე საძირკველია ხალხის არსებობისა, სიმტკიცისა, კეთილდღეობისა" (ი. გოგებაშვილი).

ეს ვრცელი ციტატა არამატერიალურ ძეგლად გამოცხადებული “დედაენის” სააღრიცხვო ბარათიდან დაგვეხმარება მასწავლებლებსა და სახელმძღვანელოს ავტორებს, რათა ბოლომდე გავაცნობიეროთ, რა იგულისხმება “გოგებაშვილის მეთოდში”. მაგრამ მხოლოდ ასე, - 1876 – 1912 წლების დედაენების ანალიზით, - ჩვენ ვერ დავადგენთ გოგებაშილის სტრატეგიას. ჩვენ საფუძლიანად უნდა შევისწავლოთ იაკობის პედაგოგიკური წერილები. აუცილებელია, რომ მინისტრის მიერ შექმნილმა კომისიამ თუ ახალი სახელმძღვანელოს შემდგენმა ექსპერტთა კოლეგიამ აგრეთვე გაითვალისწინოს გოგებაშვილის ჭეშმარიტი პედაგოგიკური პრინციპები და სულისკვეთება, რაც, სამწუხაროდ (განმეორებით ვუსვამ ხაზს), ვერ აისახა სრულად მის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებში მაშინდელი მასწავლებლების უდაბლესი კვალიფიკაციის გამო. ავტორმა ხომ იძულებით დაიყვანა თავისი დედაენა “სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის.” სრულიად ნათელია, რომ დღეს იაკობი თავის დედაენას ააგებდა იმავე “ანალიტიკურ-სინტეტიური” მეთოდით, ოღონდ არამც და არამც არ დაიყვანდა მას “სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის” (ამ სიტყვების წაკითხვისას სრულიად კონკრეტული ტერმინი მადგება ენის წვერზე...). კითხვის სწავლების “არაადვილი” ანუ სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მეთოდი დღეს საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია - მის დანერგვას წლების განმავლობაში ახორციელებდა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -  G-PriEd და მისი წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი პაატა პაპავა. შესაბამისად, დღევანდელ მასწავლებლებშიც საკმაო მზაობაა, რათა გოგებაშვილის ოცნება ასრულდეს და მისეული, მისთვის საოცნებო დედა ენა ეღირსოს ქართველ პირველკლასელებს. ადვილი მისახვედრია, რომ ზემოთ აღწერილ “გოგებაშილის მეთოდში”, რომელიც სააღრიცხვო ბარათის მიხედვითაა მოტანილი ანუ ოფიციალური დოკუმენტია, არაა სრულად ასახული გოგებაშვილის პრინციპები და სულისკვეთება. ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია სწორედ იმ კომისიის მიერ, რომელიც მომავალში უნდა შეიქმნას.

ამ პროცესს საკმაო მუშაობა სჭირდება. აჩქარება, სექმტემბრამდე “მოსწრება” დამღუპველი იქნება ხარისხისთვის. თუკი მარტივად მივუდგებით საქმეს და 1912 წლის გამოცემაში სიტყვებსა და ენობრივ კონსტურქციებს თანამედროვე სიტყვებითა კონსტრუქციებით შევცვლით, იმდროინდელ სურათებს გავაფერადებთ და მეტი არაფერი, მაშინ გოგებაშვილის პრინციპებს კი არ შემოვიტანთ ახალ სახელმძღვანელოში, არამედ იაკობისდროინდელი არაპროფესიონალი მასწავლებლების ტყვეობაში აღმოვჩნდებით. რა დასამალია და, სულაც არ იქნება ასეთი ვარიანტი მოულოდნელი, რადგანაც “დედაენის მიხედვით” აქამდე არსებული სახელმძღვანელოები სწორედ ასე, - არქაიზმებისა და შავ-თეთრი სურათების გაფერადებით, - არის შედგენილი. ასეთი “გოგებაშვილის დედაენები” ბევრჯერ “დაუბრუნებიათ” სკოლებში, იქნებოდა ეს 40-იან წლებში, თუ სულ ბოლოს - 2011 წელს.

ახალ კომისიას (სახელმძღვამნელოს ავტორს/ავტორთა ჯგუფს) ბევრ შეკითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი, რომელთაგან ძირითადი იქნება:
·      როგორ ააგებდა თავის დედაენას იაკობი დღეს?
·      როგორ ჩავაშენოთ 1876-1925 წლების დედაენების ტექსტები და სიტყვებიც კი ახალ სახელმძღვანელოში?
·      რა თანმიმდვერობით და როგორ შემოვიტანოთ ასო-ბგერები ახალ სახელმძღვანელოში? (პირადად მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას 1912 წლის ვარიანტის თანმიმდევრობაში. თუმცა, არც მისი დარღევა მიმაჩნია ტრაგედიად, რადგან გოგებაშვილი დღეს ამას ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა.)
·      როგორი საანბანე ტექსტები დავწეროთ სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მეთოდით კითხვის სწავლების მიზნით, რათა ბავშვები “არ მიეჩვივნონ უაზრო, მეხანიკურ კითხვასა”?
·      როგორ ჩავნერგოთ ახალ სახელმძღვანელოში თანამედროვე ტექნოლოგიები?

ვიცი, ერთი საკითხიც უნდა გამეტანა კითხვის ნიშნით წინა ჩამონათვალში, მაგრამ გავკადნიერდები და დადასტურებულად იაკობისეულ თეზისად გამოვიტან, რომ: არაა აუცილებელი საანბანე მიკროტექსტებში გამოყენებული იყოს მხოლოდ უკვე ათვისებული და “ნასწავლი” ასო-ბგერები (ხმა-ასოები, როგორც იაკობი უწოდებდა). იმისათვის, რათა ილუსტრირებული საანბანე მიკროტექსტი იყოს საინტერესო ამბავი, აუცილებელია “არანასწავლი” ასოების გამოყენებაც. ეს არ დააბრკოლებს ბავშვს წაკითხვისას, თუკი სათანადოდ აღვჭურავთ კითხვის ეფექტური სტრატეგიებით (და ასო-ასო დეკოდირების გარდა რსებობს სხვა ფრიად ეფექტური სტრატეგიები.). აქვე გავიხსენოთ, რომ ასეთი საანბანე ტექსტები შეიმუშავა ნახსენები დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd - ჯიპრაიდი) ავტორთა ჯგუფმა თამარ ჭანტურიას მეთაურობით და ამ ტექსტების ადაპტირებულ თუ ორიგინალურ ვერსიებს ერთობ წარმატებითა და ხალისით იყენებენ საქმეში ჩახედული პროფესიონალი მასწავლებლები, შემოქმედებითად გამოიეყენა ერთ-ერთი გამომცემლობის საავტორო ჯგუფმაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ასეთი მიდგომაა იაკობისეული სულისკვეთება და ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც სიღრმისეულად იცნობს იაკობის პედაგოგიკურ ნაშრომებს, ერთი მხრივ, კითხვისა და წერის თანამედროვე მიდგომებს, მეორე მხრივ.

უფრო მეტი სიცხადის შემოსატანად კარგი იქნება, თვალი გადავავლოთ დღეისათვის არსებულ დედაენებს (პირველი კლასის საანბანო სახელმძღვანელოები):
1.     იაკობის 1876-1925 წწ-ის დედაენები (1925 წელს შეწყვიტეს დედაენის გამოცემა და დაიწყეს კითხვის ე. წ. ბარათებით/პლაკატებით სწავლება. 1940-იან წლებში კვლავ შემოიღეს იაკობის მიხედვით შემუშავებული ე. წ. “საბჭოთა დედაენა”, რომელსაც მესამე ჯგუფში გავაერთიანებ.)
2.     ე. წ. გოგებაშვილის მემკვიდრეების დედაენა. ისინი პრეტენზიას აცხადებენ, რომ ყველაზე უკეთ მათ “ესმით” გოგებაშვილის და მხოლოდ მათ უნდა გამოიყენონ სახელი “დედა ენა”. ისინი ილუსტრაციების დონეზეც კი სკრუპულოზურად მიჰყვებიან 1912 წლის გამოცემას და მომხრე არიან, რომ მხოლოდ ლექსიკური საჭიროებების მიხედვით შევიდეს ცვლილებები დედაენაში. იგივე უნდა დარჩეს აიიათი დაწყება, ასოთა შემოტანის თანმიმდევრობა და საანბანე ტექსტებში უცნობი ასოების დაუშვებლობის  პრინციპი, რომელსაც ისინი გოგებაშვილისეულს უწოდებენ (ღრმად მჯერა, რომ გოგებაშვილი სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც “სიადვილის უკანასკნელ ხარისხზე” საუბრობდა. მაშინდელი მასწავლებლების დისკვალიფიკაციის გამო იყო იაკობი იძულებული ამ პრინციპით - უცნობი ასოების გარეშე - შეედგინა საანბანე ტექსტები. ამიტომაც ესენი არც არის სრულფასოვანი ტექსტები. მაგალითად, “ბადე დაება. საბანი დაიხურე. აბგა დაიხა. ბებერი ლობიოთი გაძღა..”). “მემკვიდრეთა” ერთ-ერთი პრინციპია, აგრეთვე, ანალიზის დაწყება სიტყვით: თითი, საათი და ა. შ. (არც ეს არაა გოგებაშვილისთვის შეუცვლელი მოთხოვნა და რამდენიმეგან იგი ანალიზს იწყებს წინადადებიდან. ანუ მასწავლებლების კვალიფიკაციის გათვალისწინებით “სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის” დაყვანილ სახელმძღვანელოშიც კი ანალიზურ მიდგომას წინადადებისგან იწყებს.). პირობითად, ამ ჯგუფებს (სრულიად შესაძლებელია, რამდენიმე ჯგუფი იყოს, რადგან თუკი ერთი ადამიანი განაცხადებს, გოგებაშვილის მე მესმის ყველაზე უკეთო, სხვაც გამოჩნდება ასეთი.) ვუწოდოთ გოგოლაშვილის ხაზი.
3.      მესამე ჯგუფის დედაენები ცოტა უფრო გათავისუფლებულია მემკვიდრეობითობისგან და ისინი მხოლოდ “გოგებაშვილის მიხედვით” ჩემულობენ სახელმძღვანელოს შედგენას. აქედან გამომდინარე, არ ერიდებიან გარკვეულ შემთხვევაში ასოთა თანმიმდევრობის შეცვლასაც კი. თუმცა, ძირითადი პრინციპები (აი ია, არცერთი უცნობი ასო საანბანე ტექსტში, ასოთა თანმიმდევრობა უმრავლესად) დაცულია. შესაძლოა, ასეთ ჯგუფებს ვუწოდოთ რამიშვილის ხაზი. (აქ და სხვა ჯგუფების დედაენებში გამოყენებულია საინტერესო, ორიგინალური მხატვრობა, რაც ცალკე საკვლევი და სამუზეუმო თემაა.)
4.     მეოთხე ჯგუფში შევიყვანოთ განსხვავებული დედაენები, რომლებიც არ მისდევენ გოგებაშვილის დედაენებს. კერძოდ, ანბანს არც აიიათი იწყებენ, არც ასოთა 1912 წლის თანმიმდევრობას მიჰყვებიან, სიტყვებიც განსხვავებული შემოაქვთ, სიტყვებსა და წინადადებებში იყენებენ უცნობ ასოებსაც, კითხვის სტრატეგიად დასაწყისშივე შემოაქვთ მთლიანი სიტყვების ამოკითხვის მეთოდი. ასეთ ჯგუფებს ვუწოდოთ როდონაიას ხაზი.
5.  მეხუთე ჯგუფში მოვათავსოთ დედაენები, სადაც ასოები შემოდის განსხვავებული თანმიმდევრობითა და პრინციპებით, გამოყენებულია საინტერესო ილუსტრაციები საწყის ეტაპზე მინიმალისტური ტექსტებით. ტექსტებში არაა გამოყენებული უცნობი ასოები. ამ ჯგუფს ვუწოდოთ სულაკაურის ხაზი.
6. მეექვსე ჯგუფში შევიყვანოთ დედაენა, რომელშიც გამოყენებულია ჯიპრაიდში (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი - G-PriEd, 2011-2017 წწ.)  ჭანტურიას ჯგუფის მიერ შექმნილი საანბანე ტექსტები. ამ ტექსტებში აქტიურადაა გამოყენებული სამიზნე ასო-ბგერა, გადმოცემულია საინტერესო ამბავი და გვხდება უცნობი ასოებიც. ამ ჯგუფს ვუწოდოთ ჭანტურიას ხაზი.
7. მეშვიდე ჯგუფში შევიყვანოთ დედაენები, რომლებშიც ავტორები მეტ-ნაკლებად მიჰყვებიან 1912 წლის ჩარჩოს, მაგრამ თავისუფლად შემოაქვთ საკუთარი საავტორო ტექსტები, - და ეს გამოარჩევს სხვებისგან, - რომელშიც ზღუდავენ უცნობი ასოების გამოყენებას. შესაბამისად, ტექსტებიც არ ხასიათება შინაარსობრივი და ნარატიული სიღრმით. ამ ჯგუფს ვუწოდოთ კუპრავას ხაზი.
8.     მერვე ჯგუფი მივანიჭოთ ისეთ დედაენებს, რომლებშიც მიმზიდველ ილუსტრაციებზე დაყრდნობით შემოაქვთ ტექსტები, სადაც უცნობი ასოები კი არის მინიმალურად გამოყენებული, მაგრამ დაბურულია და არ ჩანს ეს უცნობი ასოები. ამ ჯგუფს ვუწოდოთ დაბურული უცნობი ასოების ხაზი.
9.   მეცხრე ჯგუფში შევიყვანოთ ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელო ჯერჯერობით სულაც არ არის შექმნილი. ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ მთავარია პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც სათანადო მიდგომებით აღჭურვილი ეფექტურად და ხალისით წარმართავს კითხვის სწავლებას ნებისმიერი რესურსის (ილუსტრაცია, სიმღერა, სახელმძღვანელოს ტექსტი, ელექტრონული ტექსტი, სათამაშო, თოჯინა, პიესა, კლიპი...) გამოყენებით. ამ ჯგუფს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით იაკობ გოგებაშვილის დაფუძნებულია, ვუწოდოთ პაპავას ხაზი.

ცხადია ეს დაჯგუფებები პირობითია და კიდევ ითხოვს კვლევა-შესწავლას. უბრალოდ, შეკითხვა მინდა დავსვა: გინახავთ ბავშვი, რომელსაც კითხვა იმის გამო ვერ ესწავლოს, რომ რომელიმე ზემოთ აღწერილი წიგნით ასწავლეს?! ცხადია, არ გინახავთ. მეტიც, არ გინახავთ ბავშვი, რომელსაც კითხვა არ სცოდნოდეს. ანუ კითხვას ბავშვები მაინც სწავლობენ. მე რომ ვინმემ მკითხოს, კითხვა იმდენად მოთხოვნადი კომპეტენციაა, რომც არ ვასწავლოთ, მაინც შემოესწავლებათ ბავშვებს. მაშინ რატომ არის ასეთი პრინციპული და საყოველთაო საკითხი, როგორ წარვმართავთ ანბანის ათვისების სამთვიან პერიოდს?! არადა, მეტად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, საბედისწეროდ მნიშვნელოვანიც. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი უწიგნურობა იმიტომაცაა გამეფებული, რომ ამ სამთვიან პერიოდში არ ხდება ისეთი რამეები, რაც უნდა ხდებოდეს, რაც იაკობს გაუხარდებოდა და რაც არის გოგებაშვილის მიდგომა და სულისკვეთება. რა ხდება ამის ნაცვლად? რა და, ექვსი წლის ბავშვს, რომელიც ოცნებობს ლამაზი და საინტერესო წიგნების დამოუკიდებლად წაკითხვაზე, “აღმოვაჩენინებთ”, რომ კითხვა ყოფილა ისეთი რამეების კითხვა, როგორიც მის დედაენაშია. და რა არის დედაენაში? გადაშალეთ ნებისმიერი ახლანდელი გრიფირებული სახელმძღვანელო და წაიკითხეთ ნებისმიერი საანბანო ტექსტი. ცხადია, თქვენ იქიდან აზრს ვერ გამოიტანთ. ანდა, ძებნა რომ არ დაიწყოთ, თქვენი პირველი კლასის დედაენის საანბანე ტექსტები გაიხსენეთ. პრინციპში, ვერც გაიხსენებთ. თუ მიანცდამაინც: “გოშია ავია. კამეჩი ღონიერია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ...” ახლა ბავშვის იმედგაცრუება წარმოიდგინეთ. ან თქვენი გაუცნობიერებელი იმედგაცრუება გაიხსენეთ და გაზომეთ ამ იმდეგაცრუების გავლენის ხარისხი მომავალი ეფექტური მკითხველის ჩამოყალიბების გზაზე.  

შევაჯამოთ და აღვნიშნოთ, რომ როდესაც ზემოთ აღწერილი მეცხრე ჯგუფის მხარდამჭერები მომრავლდებიან, როდესაც მასწავლებლები თავისუფლად, შემოქმედებითად დაარღვევენ ვიღაცის (სამინისტროს, ექსპერტთა კოლეგიის, სახელმძღვანელოს ავტორის, სასკოლო კათედრის, საოლქო მმოსავთა საბჭოს...) მიერ წინასწარ გაწერილ სქემას, მაშინ და მხოლოდ მაშინ იქნება რეალიზებული იაკობ გოგებაშვილის დაუწერელი დედაენის სულისკვეთება. ასეთი სულისკვეთების მასწავლებელი  საანბანო პერიოდის ერთ კონკრეტულ დღეს პირველკალსელებს ახალ შესასწავლ ასოდ შესთავაზებს ასო-ბგერა “ჭ”-ს იმიტომ კი არა, რომ სახელმძღვანელოთი ან თემატური გეგმით უწევდათ ასე, არამედ  მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მისი პირველკლასელები დასვენებაზე სკოლის ეზოში ჭიანჭველების ბუდეს გადააწყდნენ და საკლასო ოთახში დაბრუნებულები მთელი აჟიტირებით ჰყვებოდნენ ამის შესახებ. მასწავლებელმაც არად ჩააგდო გეგმით გათვალისწინებული ასახსნელი ასო-ბგერა “გ” (დავუშვათ, “გ” უწევდათ.), “ჭ”-ს სწავლება განიზრახა “დარღვევით” და აღტყინებულ ბავშვებს შეეკითხა:
- გინდათ, დავწეროთ ჭიანჭველების შესახებ?
- გვინდა, გვინდა!..
ჯერ ზეპირად ერთად მოხაზავენ დასაწერ მიკროტექსტს (რომ ეზოში ჭიანჭველების ბუდე ნახეს, რომ ჭიანჭველები... ჭაიანჭველებმა... ჭაინჭველებს...), შემდეგ მასწავლებელი დაფაზე მოსწავლეების კარნახით დაწერს წინადადებებს, ზოგიერთ ასოსა და სიტყვას მოსწავლეებსაც დააწერინებს (დაფას თუ ვერ მისწვდებიან, სკამს მიიდგამენ.)... რასაკვირველია ამის შემდეგ ივარჯიშებენ დაწერილი ტექსტის წაკითხვაში და რასაკვირველია დიდ ყურადღებას მიაქცევენ ახალ ასობ-ბგერა “ჭ”-ს. როგორ ფიქრობთ, რას იტყვის შინდაბრუნებული პირველკლასელი ბავშვი? ქართულის გაკვეთილზე ახალი “ჭ” ასო-ბგერა გვასწავლა მასწავლებელმაო?! არა.
- იცი, დე, დღეს სკოლაში ჭაინჭველებზე მოთხრობა დავწერეთ! - იტყვის იგი და მართალიც იქნება.


...მაგრამ მანამდე სამინისტროს დიდი საქმე აქვს: კომისია უნდა შექმნას და გოგებაშვილის დედაენასთან ყველაზე მეტად მიახლოებული დედაენა უნდა დაწეროს. წარმატება მას ამ, თავისთავად საინტერესო, საქმეში - ბოლობოლო, ძეგლის სტატუსი მხოლოდ საანბანე ნაწილს აქვს ამ დედაენისას, სახელმძღვანელოში კი ეს ნაკვეთი ოდენ ერთი მესამედია. უმეტესი ნაწილი კი წინასაანბანო და ანბანისშემდგომ საკითხავებს უნდა დაეთმოს აკი!

P. S. წარმოიდგინეთ, სტომატოლოგი ხართ და თქვენთან მოვიდა 1912 წლის დედაენის სკოლაში შეტანის მოსურნე პაციენტი საშინელის კბილის ტკივილით.
თქვენ უნდა აიღოთ “აკარკარა და პილპილი და მური და აფიონი და თახუის ყუერი და ზაფრანი თანაბარი რაოდენობით და შთატენოთ მტკივანს მას ადგილსა” (ციტირება არაზუსტია.). ზოგჯერ სურვილი ჩნდება, საქმეში ჩაუხედავს, დემაგოგსა და ფსევდოპატრიოტს კბილის ტკივილის დროს ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის, ამ უდიდესი წამალთმცოდნის, ზემოციტირებული რეცეპტით ვუმკურნალოთ.   



"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ