Tuesday, 13 February 2018

სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური დასჯა ბრუნდება?!

(როგორ დავწეროთ ეტალონი სტატია საგანმანათლებლო პორტალისთვის)


ამ ბლოგში სტატიის დაწერის ერთი საკმაოდ გავრცელებული მეთოდია გადმოცემული. 

ვიღებთ რაიმე საჭირბოროტო საკითხს, რომელზეც ვიცით, რომ საზოგადოების მომეტებული ყურადღება იქნება მობილიზებული. მაგალითად, მოსწავლეთა ცემის ფაქტები. გასაგებია, რომ მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ზოგიერთი სკოლების გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია საკითხის გამწვავება. 

მოვიგონოთ, რომ ვითომ ვიღაც მშობელმა მოგვწერა, რომ მისი შვილის პარალელური კლასელის რომელიღაც მასწავლებელს თავისი მოსწავლეების მშობლებისთვის განუცხადებია, რომ მალე მოსწავლეებს ფიზიკურადაც დასჯიანო. ცხადია, ჩვენ, როგორც  მედიაპორტალს, ვერავინ ვერ მოგვთხოვს წყაროს გათქმას. სამაგიეროდ, საკმაოდ სკანდალური სტატია შეგვიძლია გამოვაცხოთ და მოვიზიდოთ საზოგადოების ინტერესი და გავიზარდოთ რეიტინგი.  

შემდეგ შევარჩიოთ რესპოდენტები და დავიწყოთ რეკვები. ჯერ რომელიმე პრესტიჟული სკოლის დირექტორს დავურეკოთ:

- გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო აპირებს მოსწავლეების ფიზიკურად დასჯა აღადგინონ სკოლებში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით და რამდენად სამართლიანად და მისაღებად მიგაჩნიათ სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა?!

- უკაცრავად და, თქვენ ვინ ბრძანდებით?!

- მე ეტალონური საგანმანათლებლო მედიაპორტალის ჟურნალისტი გახლავართ ესა და ეს და მაინტერესებს თქვენი კომენტარი მოსწავლეთა ცემის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით სამინისტროს ამ ინიციატივას?!

- როგორ უნდა შევეფასო? რა თქმა უნდა, უარყოფითად! ვინ გითხრათ, რომ ეს სამინისტროს ინიციატივაა?! 

(აღარაა საჭირო გაგრძელება! ვემშვიდოებებით და ვუთიშავთ... სტატიის სათაურიც გამოტყვრა: "თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დირექტორი სამინისტროს ინიციატივას ეწინააღმდეგება!")

შემდეგ კარგი იქნება მასწავლებლის კომენტარი. ასევე, მოსწავლისა და მშობლის. ცხადია, მათი კომენტარების შინაარსს არავითარი მშნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, სტატიის დაბალანსებისთვისაა საჭირო. გასაგებია, რომ მათი მოძიება პრობლემა არ იქნება. თუ გაჭირდა, მოვიგონებთ ვინმე მაკას ან ნიკას და ეგ იქნება... 

ბოლო მთავარი შტრიხი: კომენტარი სამინისტროდან. ვრეკავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ან, ბოლოსდაბოლოს, სამინისტროს ცხელ ხაზზე და წარდგენის შემდეგ ვეკითხებით:

- გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეთა დისციპლინის განმტკიცების მიზნით სამინისტრო აპირებს სკოლებში აღადგინოს მოსწავლეთა ფიზიკური დასჯის სავალდებულოობა. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას?!

- მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მადლობა ზარისთვის!

(ესენი გაწაფულები არიან ჩვენს მოშორებაში, მაგრამ არ ჩვენ ვართ ჯაბანნი. ასე მშვიდად ვერ დაგვისხლტებიან ხელიდან!)

- უკაცრავად, ერთი წუთით! ამის შესახებ საუბრობენ მშობლები და მოსწავლეები. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი მოგვცა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დირექტორმა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სამინისტროს გადაწყვეტილებას...

- უკაცრავად, მაგრამ სხვას ვერფერს გეტყვით: თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს!

- ანუ თქვენ გინდათ თქვა, რომ სკოლის დირექტორები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლესაც სამინისტრო არ ადასტურებს და პირიქით?!

- გოგონი, თქვენ ქართული არ გესმით?!

- ჯერ ერთი მე თქვენი "გოგონი" არ ვარ. ბიჭი ვარ, ვაფშემც!.. და მეორეც, ესე იგი, თქვენ არც არყოფთ და არც ადასტურებთ ინფორმაციას!.. მადლობააა!

მერე რა, რომ უკვე გათიშული ჰქონდა ეტლეფონი. მშვენიერი სტატია გამოვა შემდეგი დასასრულით: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას.


...სამი დღე ეყოფა საზოგადოებას ყურადღების მისაქცევად. გადააზიარებენ, დალანძღავენ პედაგოგები ერთმანეთს, მშობლები - პედაგოგებს, სამინისტროს მხარდამჭერები, ნაცები, ქოცები, ზვიადისტები, რუსეთუმეები, ლიბერალები... 

ამასობაში სხვა სტატიას მოვამზადებთ. თემატიკა არ გვეყოფა თუ შეკითხვას ვერ მივიფიქრებთ?! მოვინიშნოთ ბარემ შემდგომი თემებიც:

- მართალია, რომ სკოლებში ფარდის ფულისა და გათბობის ფული მშობლებს უნდა უნდა გადაახდევინონ?!

- მართალია, რომ უფროსკლასელებისათვის სექსუალური აღზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ გაკვეთილები უნდა ჩატარდეს?!

- მართალია, რომ ვეფხისტყაოსნის სწავლების აკრძალვას აპირებთ მასში ეროტიკული სცენების გამო?!

- მართალია, რომ სკოლებში მღვდლებმა უნდა ჩაატარონ გაკვეთილები?!

- მართალია, რომ სახალმძღვანელოების ყიდვა კვლავ მშობლებს მოუწევთ და უფასო სახელმძღვანელოებს მხოლოდ სოციალურად დაუცველები მიიღებენ?


P. S. (ბოლო "მართალია" მართლა უნდა განხორციელდეს, თორემ სახელმწიფო ვეღარ უძლებს ამხელა ტვირთს და სკოლებში ბავშვებს სახელძმღვანეოები აღარ აქვთ! ანუ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ, ჟურნალისტები სასარგებლო საქმის ინიციატორებიც გამოვდივართ ხოლმე. ჩვენდაუნებურად...)








No comments:

Post a Comment

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ