Wednesday, 14 February 2018

ჩემი გასაუბრება


7 თებერვალს გავიარე გასაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიასთან სკოლის დირექტორის პოზიციაზე წარდგენის მიზნით.

ვფიქრობ, სასკოლო საზოგადოებას დააინტერესებს აღნიშნული ფორმატის ვიდეო. 

Tuesday, 13 February 2018

სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური დასჯა ბრუნდება?!

(როგორ დავწეროთ ეტალონი სტატია საგანმანათლებლო პორტალისთვის)


ამ ბლოგში სტატიის დაწერის ერთი საკმაოდ გავრცელებული მეთოდია გადმოცემული. 

ვიღებთ რაიმე საჭირბოროტო საკითხს, რომელზეც ვიცით, რომ საზოგადოების მომეტებული ყურადღება იქნება მობილიზებული. მაგალითად, მოსწავლეთა ცემის ფაქტები. გასაგებია, რომ მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ზოგიერთი სკოლების გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია საკითხის გამწვავება. 

მოვიგონოთ, რომ ვითომ ვიღაც მშობელმა მოგვწერა, რომ მისი შვილის პარალელური კლასელის რომელიღაც მასწავლებელს თავისი მოსწავლეების მშობლებისთვის განუცხადებია, რომ მალე მოსწავლეებს ფიზიკურადაც დასჯიანო. ცხადია, ჩვენ, როგორც  მედიაპორტალს, ვერავინ ვერ მოგვთხოვს წყაროს გათქმას. სამაგიეროდ, საკმაოდ სკანდალური სტატია შეგვიძლია გამოვაცხოთ და მოვიზიდოთ საზოგადოების ინტერესი და გავიზარდოთ რეიტინგი.  

შემდეგ შევარჩიოთ რესპოდენტები და დავიწყოთ რეკვები. ჯერ რომელიმე პრესტიჟული სკოლის დირექტორს დავურეკოთ:

- გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო აპირებს მოსწავლეების ფიზიკურად დასჯა აღადგინონ სკოლებში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით და რამდენად სამართლიანად და მისაღებად მიგაჩნიათ სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა?!

- უკაცრავად და, თქვენ ვინ ბრძანდებით?!

- მე ეტალონური საგანმანათლებლო მედიაპორტალის ჟურნალისტი გახლავართ ესა და ეს და მაინტერესებს თქვენი კომენტარი მოსწავლეთა ცემის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით სამინისტროს ამ ინიციატივას?!

- როგორ უნდა შევეფასო? რა თქმა უნდა, უარყოფითად! ვინ გითხრათ, რომ ეს სამინისტროს ინიციატივაა?! 

(აღარაა საჭირო გაგრძელება! ვემშვიდოებებით და ვუთიშავთ... სტატიის სათაურიც გამოტყვრა: "თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დირექტორი სამინისტროს ინიციატივას ეწინააღმდეგება!")

შემდეგ კარგი იქნება მასწავლებლის კომენტარი. ასევე, მოსწავლისა და მშობლის. ცხადია, მათი კომენტარების შინაარსს არავითარი მშნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, სტატიის დაბალანსებისთვისაა საჭირო. გასაგებია, რომ მათი მოძიება პრობლემა არ იქნება. თუ გაჭირდა, მოვიგონებთ ვინმე მაკას ან ნიკას და ეგ იქნება... 

ბოლო მთავარი შტრიხი: კომენტარი სამინისტროდან. ვრეკავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ან, ბოლოსდაბოლოს, სამინისტროს ცხელ ხაზზე და წარდგენის შემდეგ ვეკითხებით:

- გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეთა დისციპლინის განმტკიცების მიზნით სამინისტრო აპირებს სკოლებში აღადგინოს მოსწავლეთა ფიზიკური დასჯის სავალდებულოობა. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას?!

- მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მადლობა ზარისთვის!

(ესენი გაწაფულები არიან ჩვენს მოშორებაში, მაგრამ არ ჩვენ ვართ ჯაბანნი. ასე მშვიდად ვერ დაგვისხლტებიან ხელიდან!)

- უკაცრავად, ერთი წუთით! ამის შესახებ საუბრობენ მშობლები და მოსწავლეები. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი მოგვცა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დირექტორმა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სამინისტროს გადაწყვეტილებას...

- უკაცრავად, მაგრამ სხვას ვერფერს გეტყვით: თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს!

- ანუ თქვენ გინდათ თქვა, რომ სკოლის დირექტორები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლესაც სამინისტრო არ ადასტურებს და პირიქით?!

- გოგონი, თქვენ ქართული არ გესმით?!

- ჯერ ერთი მე თქვენი "გოგონი" არ ვარ. ბიჭი ვარ, ვაფშემც!.. და მეორეც, ესე იგი, თქვენ არც არყოფთ და არც ადასტურებთ ინფორმაციას!.. მადლობააა!

მერე რა, რომ უკვე გათიშული ჰქონდა ეტლეფონი. მშვენიერი სტატია გამოვა შემდეგი დასასრულით: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას.


...სამი დღე ეყოფა საზოგადოებას ყურადღების მისაქცევად. გადააზიარებენ, დალანძღავენ პედაგოგები ერთმანეთს, მშობლები - პედაგოგებს, სამინისტროს მხარდამჭერები, ნაცები, ქოცები, ზვიადისტები, რუსეთუმეები, ლიბერალები... 

ამასობაში სხვა სტატიას მოვამზადებთ. თემატიკა არ გვეყოფა თუ შეკითხვას ვერ მივიფიქრებთ?! მოვინიშნოთ ბარემ შემდგომი თემებიც:

- მართალია, რომ სკოლებში ფარდის ფულისა და გათბობის ფული მშობლებს უნდა უნდა გადაახდევინონ?!

- მართალია, რომ უფროსკლასელებისათვის სექსუალური აღზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ გაკვეთილები უნდა ჩატარდეს?!

- მართალია, რომ ვეფხისტყაოსნის სწავლების აკრძალვას აპირებთ მასში ეროტიკული სცენების გამო?!

- მართალია, რომ სკოლებში მღვდლებმა უნდა ჩაატარონ გაკვეთილები?!

- მართალია, რომ სახალმძღვანელოების ყიდვა კვლავ მშობლებს მოუწევთ და უფასო სახელმძღვანელოებს მხოლოდ სოციალურად დაუცველები მიიღებენ?


P. S. (ბოლო "მართალია" მართლა უნდა განხორციელდეს, თორემ სახელმწიფო ვეღარ უძლებს ამხელა ტვირთს და სკოლებში ბავშვებს სახელძმღვანეოები აღარ აქვთ! ანუ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ, ჟურნალისტები სასარგებლო საქმის ინიციატორებიც გამოვდივართ ხოლმე. ჩვენდაუნებურად...)








Wednesday, 7 February 2018

როგორ ფიქრობთ, იოანე მარუშისძის სენსაციური თარგმანი არ იმსახურებდა ჩემს ბლოგზე განთავსებას?!

ვგონებ, კი. 

Sunday, 4 February 2018

როგორ დავწეროთ რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

როგორც ვიცით, რეფლექსია უნდა უპასუხებდეს ხუთ შეკითხვას:

  1. რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს? ("გავედი" თუ არა მიზანზე?)
  2. რა იყო კარგი ჩატარებულ გაკვეთილში? რა ძლიერი მხარე შეიძლება გამოვკვეთოთ?
  3. შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რატომ? 
  4. რა არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა? ან: რა იყო პრობლემური?
  5. როგორ გავაუმჯობესებ სუსტ მხარეს? 

(შეკითხვები სხვადასხვა ფერის იმიტომაა, რომ ქვემოთა რეფლექსიებიც ამის მიხედვითაა გაფერადებული.)


   აღნიშნული შეკითხვები ადამიანმა უნდა დასვას ნებისმიერი საქმიანობის დასრულების შემდეგ, თუკი მას უნდა, უკეთესად გააკეთოს ეს საქმე მომავალში. მაგალითისთვის ავიღოთ დიასახლის რეფლექსიური ფიქრები, ვთქვათ, ლობიოს მომზადების შემდეგ:

- მშვენიერი ლობიო გამომივიდა, გემრიელად ჭამეს ბაშვებმა. ემზარსაც ძალიან მოეწონა და ღიმილით შემაქო...
საოცარი გემო ჰქონდა და სურნელიც. ძალიან კარგად მქონდა შეზავებული სანალებლებით.  თავისი როლი შეასრულა ქოთანმაც. სხვა დროს ყოველთვის ქოთანში გავაკეთებ ხოლმე. განსაკუთრებით მოუხდა ახალი ქინძი და ცოტაოდენი ძმარიც. ნიგვზითაც ზომიერად იყო შეკაზმული. თან ძალიან კარგად მოვიქეცი, რომ ნიგოზი კი არ დავაბლენდერე, არამედ ქვასანაყში დავნაყე. ბლენდერი ხომ რესტორნულ გემოს აძლევს კერძს...
თავიდან განზრახული მქონდა ხახვით გამეკეთებინა, მაგრამ სახლში არ აღმომაჩნდა და გადავწყვიტე აღარ მექნა ხახვი. 
მართალია, საკმარისად ამოვლესე ქოთანში, მაგრამ ცოტა არ იყოს, მარცვლები იყო გაპარული. მარცვლები იმდენად არ ქმნიდა პრობლემას, რამდენადაც ის, რომ ისინი მოუხარშავის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კი, ყველას ძალიან მოეწონა და ორ-ორი ჯამიც კი მიირთვეს, მაგრამ ეს ხარვეზი მაინც შესამჩნევი იყო. ჩემი დედამთილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად აღნიშნავდა ამას. მართალია, ცოტა მეჩქარებოდა და ეს იყო ამის მიზეზი, მაგრამ ეს მარჯვე დიასახლისს არ ამართლებს... 
მომავალში ვეცდები, რომ ლობიოს ხარშვა არ დავაკლო და ამოლესვის დროსაც ქოთანშივე კი არ ამოვლესო, არამედ თუშფალანგზე ამოვიღო და დაბეჯითებით დავსრისო თითოეული მარცვალი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მართლაც რომ სრულყოფილებას შევთავაზებ ჩემს საყვარელ ადამიანებს. 

   ვნახოთ რეფლექსიის ნიმუში პირველი კლასის გაკვეთილისთვის და პირობითად გამოვყოთ ზემოთ დასახელებული ხუთი პუნქტი:

გაკვეთილის მსველობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ, დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა. 
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ფონოლოგიური უნარების გავარჯიშება, ზეპირმეტყველებისა და მოსმენის უნარების გავარჯიშება, რამდენი ახალი სიტყვის ათვისება და მცირე, მარტივი სიმღერის მღერა. 
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. 

გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიც, რომლებიც არც ზედმეტად იყო გადატვირთული და არც ნაკლებობა იგრძნობოდა. კარგად იმუშავა პოსტერმა, სიტყვების ბარათებმა, აქტიურად გამოვიყენეთ სახელმძღვანელოც და რვეულებიც. საერთო ჯამში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო გაკვეთილში ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები "დადეს".  

გაკვეთილის გეგმაში წინასწარვე მქონდა ნავარაუდევი, რომ შესაძლოა, ზოგიერთი აქტივობა არ ყოფილიყო გაკვეთილის განმავლობაში ბოლომდე რეალიზებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გარკვეული ცვლილება შეიძლებოდა შეჰხებოდა საგაკვეთილო მიზანს. მართლაც, გაკვეთილის მსვლელობისას ცხადია გახდა, რომ სიმღერა, რომლის დამუშავებასაც ვაპირებდით, ბოლმდე ვერ იქნებოდა ათვისებული. ამიტომაც გადავწყვიტე მეორე სტროფის მოხსნა. ამით გაკვეთილის ტემპის ზომიერებაც შევინარჩუნეთ და არც საგაკვეთილო მიზნები დაგვიზარალებია. 

სხვა რაიმე პრობლემური მხარე გაკვეთილზე არ დაფიქსირებული მოსწავლეები ატიურად მონაწილეობდნენ საგაკვეთილო აქტივობებში. 

რას შევცვლიდი ამ გაკვეთილში, სხვა დროს რომ ჩამეტარებინა? ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ სიმღერას შევამოკლებდი-თქო. ზოგადად კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებ გაკვეთილის დროში შემოზღუდულობასა და აქტივობების რეალური გრძლიობით დაგეგმვას. 

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რეფლექსიის სქემატური მონახაზი, რომელიც შეგვეძლება გადავაკოპიროთ და შევავსოთ ჩვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით (რეფლექსიას დავნომრავ ზემოთ მითითებული ნაწილების მიხდვით):

1. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზნები -----------------------------------------------------------------------------------, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება. 

2. მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მესამე და მეოთხე აქტივობებში, როდესაც ჩვენ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. აგრეთვე გამოვყოფდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას. ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც. 

3. გაკვეთილის გეგმაში არაფერი არ შემიცვლია, თუ არ ჩავთვლით იმარ, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. 

4. გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა, დროულად მოვბილიზდი და ყველაფერი ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია. საქმე ეხება მეხუთე (მეოთხე ან მეექვსე) აქტივობის მსვლელობას, როდესაც ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. (აქ ჩავწერთ დაფიქსირებულ ხარვეზს. მაგალითად, ა) სამუშაო ფურცლები, რომლებიც წყვილებში დავარიგე, არ აღმოჩნდა საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ბავშვები კომფორტულად ვერ მუშაობდნენ ერთ ფურცელზე. ან/და ბ) მოსწავლეებმა ვერ დაძლიეს შეთავაზებული დავალება და უფრო მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე ვვარაუდობდი. ამის გამო გაკვეთილის მესამე შემაჯამებელი ფაზისთვის ცაიტნოტში აღმოვჩნდი ანუ კინაღამ, როგორც ჩემი კოლეგები იტყვიან, "დროში ვერ ჩავეტიე". 

5. სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა. კერძოდ, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. (აქ ჩავწერთ მესამე პუნქტში დასახელებული ხარვეზის გამოსწორების გზებს. მაგალითად, ა) სამუშაო ფურცლებს ორ მოსწავლეს კი არ მივცემ ერთ ცალს, არამედ თითოეულს საკუთარს გადავცემ და ასე უფრო კომფორტულად იმუშავებენ. ან/და ბ) შეთავაზებული დავალების შესრულებას ვთხოვ ჯგუფებში, რაც გაუადვილებს ამ დავალებას მოსწავლეებს და დროც დაგვეზოგება მესამე ფაზისთვის.)
ვფიქრობ, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სრულფასოვნებას შესძენდა ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. 

ბოლოს დავძენ: ბოლოს შემოთავაზებული რეფლექსიის გადაკოპირებისას, ცხადია, არაა საჭირო ფერადი შრიფტის გამოყენება და ასე შეთავაზება სკოლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის. ვინძლო, არ დაიბნენ!

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ