Friday 5 April 2024

 თინათინი და ავთანდილი

(ზღაპარი პირველკლასელებისთვის ანბანისშემდგომი პერიოდისთვის)


იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორჭმული ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მეფე მოხუცდა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:

— მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ ტახტზეო.

ვეზირებმა გაიოცეს:

— რას ამბობთ, მეფეო, თქვენი მოხუცება ვინ გაიგონაო?!

მეფემ თავისი არ დაიშალა და თინათინის გამეფების დღე დანიშნა. სწორედ თინათინი ერქვა მეფის ასულს, ხოლო თავად ხელმწიფეს ერქვა: მეფე არაბეთისა — როსტევანი.

თინათინი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე მზესაც კი თვალებს სჭრიდა. იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალს, ავთანდილს. ავთანდილის სილამაზე და ვაჟკაცობა მთელს სამეფოში იყო ცნობილი. მას არ ჰქონდა ნათქვამი თინათინისთვის, მიყვარხარო, მაგრამ თურმე ქალი ამას მაინც ხვდებოდა. 

თინათინის გამეფებამ დიდი ზარზეიმით ჩაიარა. მეორე დღეს მეფე როსტევანმა სანადიროდ წასვლა ბრძანა. მეფესთან ერთად ავთანდილიც იყო და იმდენი ნადირი მოინადირა, მეფესაც კი აჯობა.

მეფესა და მის ამალას ნადირობის ამბავი სულ გადაავიწყდათ, როდესაც იდუმალი რაინდი ნახეს. ეს რაინდი მდინარის პირას იჯდა, ცალი ხელით ცხენის აღვირი ეჭირა, მეორეზე კი თავი ჩამოედო და ტიროდა.

როდესაც მეფის მხლებლები მასთან მივიდნენ, შეებრძოლა და გაიქცა. გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ცამ ჩაყლაპა თუ — დედამიწამ, ვერაფერი გაიგეს. დაბრუნდნენ შინ დაღონებულები.

როდესაც იდუმალი რაინდის ამბავი თინათინმა გაიგო, ავთანდილი დაიბარა. ახალმა დედოფალმა მისალმების შემდეგ ჭაბუკს უთხრა:

— დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და, რაღა დაგიმალო, მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ. ჰოდა, თუ გინდა შენი ცოლი გავხდე, წადი და ის იდუმალი რაინდი მოძებნე. სამ წელიწადს დაგელოდები და იმედია, გამარჯვებული დაბრუნდებიო.

ავთანდილს თან გაუხარდა, თინათინი რომ სიყვარულში გამოუტყდა, თან დადარდიანდა საყვარელი ადამიანის დატოვება რომ მოუწევდა. თუმცა იდუმალი რაინდის მოძებნა მასაც ძლიერ უნდოდა.

რაღას იზამდა ავთანდილი?!  მოემზადა და გაუდგა გზას იდუმალი რაინდის საძებნელად.

  

💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗💗

დავალებები ტექსტზე სამუშაოდ


ტექსტის წაკითხვამდე


 

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ