Thursday 8 March 2018

მოსწავლეებზე სასტიკი მოპყრობის შემთხვევები სკოლებში

არასამთავრობო-სამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანთა და მასწავლებელთა მონიტორინგის ცენტრმა" ჩაატარა კვლევა, რომელიც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და დაცულობის კოეფიციენტის შედარებით ანალიზს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე სკანდალური ტენდენცია, რომელიც კვლევის ანგარიშშია ასახული. ამ ტენდენციების გაცნობამდე შევეხოთ კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდებს, აქტუალობასა და რეპრეზენტატულობას. 

კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო მოძრაობა "მასწავლებელი საზღვრების გარეშეც მასწავლებელიას" დაკვეთით მსოფლიო ბანკისა და ედუარდო დე მონტეროსონის ფონდის დაფინანსებით. გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიურება, ფოკუს ჯგუფი, ჩართული დაკვირვება. სულ კვლევაში მონაწილეობდა 1824 მშობელი, 183 მასწავლებელი, 18 ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ეს ციფრები საშუალებას იძლევა ვისაუბროთ კვლევის რეპრეზენტატულობის მაღალ ხარისხზე.

ბოროტი ენები და მასწავლებლები იკითხავენ, როგორ შეიძლება კვლევის ჩატარება მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და დაცულობის კოეფიციენტის შედარებით ანალიზის მიზნით მოსწავლეთა მონაწილეობის გარეშეო, მაგრამ მათ გასაგონად ვუპასუხებთ:

- როგორ შეიძლება და მშვენივრად შეიძლება!

კვლევის შედეგების მიხედვით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის დამოკიდებულება გაუსაძლისია. მოსწავლეები მასწავლებლების მხრიდან განიცდიან სასტიკ მოპყრობასა და ცხოვრებისთვის შეუთავსებელ დამოკიდებულებებს.

ანკეტირებამ გამოალინა, რომ გამოკითხულ მშობელთა 84 %-ის აზრით მასწავლებლები საშინლად სასტიკები არიან მოსწავლეების მიმართ, ხოლო 7 %-ის აზრით სასტიკები არიან.

მასწავლებლების ანკეტირების შედეგებიც დაახლოებით ამასვე ადასტურებს. მათი 75 % აცხადებს, რომ საშინელი სისასტიკე მასწავლებლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს. ამასვე ეთანხმება გამოკითხულ ადმინისტრატორთა აბსოლუტური უმრავლესობა (80 %).

ანკეტირების შედეგების ერთგვარ განმარტებას იძლევა ჩაღრმავებული ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფების შედეგებიც. მშობლები აცხადებენ, რომ მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტურად იყენებენ მათ შვილებთან დამამცირებელ, მეტად სასტიკ, დისკრიმინაციულ და ფრიად მტანჯველ მიდგომებს. ისეთებს, როგორიცაა:
  • დამცინავი გამოხედვა;
  • თვლიანი ბეჭდების გაკეთება როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელზე.
  • მარცხენა წარბის აწევა;
  • თვალების დაბრიალება; 
  • ხელში რუკის საჩვენებელი ჯოხის დაჭერა.
მშობლების გამოკითხვის შედეგებს თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა მასწავლებელთა ანკეტირების მონაცემებიც. შეკითხვაზე: "ატარებთ თუ არა ბეჭედს მარცხენდა და/ან მარჯვენა ხელზე?"  მასწავლებელთა 94 % თანხმობას აცხადებს. ხოლო შეკითხვაზე: "იყენებთ თუ არა გაკვეთილზე ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა საჩვენებელი ჯოხი?" მასწავლებელთა 73 % უპასუხებს, რომ იყენებენ. 

შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მასწავლებლები არა მხოლოდ აღიარებენ ასეთი სასტიკი მეთოდების გამოყენებას, არამედ ნორმად, ჩვეულებრივ რამედ მიაჩნიათ ისინი. მაგალითად, მასწავლებელთა 68 %-ის აზრით თვალების დაბრიალებაში, როგორც მოსწავლეთა ქცევის კორექციის ინსტრუმენტის გამოყენებაში, ისინი "ტრაგედიას ვერ ხედავენ". 

კვლევის შედეგები ავლენს, აგრეთვე, მასწავლებელთა მხრიდან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებსა და ქცევებს. მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობა ( 77 %) აცხადებს, რომ მისი შვილის კლასში გამოიყენება განსხვავებული მიდგომები და მეთოდები სხვადასხვა მოსწავლის მიმართ. მაგალითად, თუ ერთ ნაწილს მოსწავლეებისას კლასში დავალების შესასრულებლად 10 წუთს აძლევენ, სხვა მოსწავლეებს ზუსტად იმავე დავალების შესრულებას 7 წუთში სთხოვენ ან დამატებითი დავალების შესრულებას აიძულებენ. ამ საკითხს ადასტურებენ პედაგოგებიც და ასეთ მიდგომებს ე. წ. დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს უწოდებენ. სამწუხაროდ, ისინი ვერც ამ ნაწილში აცნობიერებენ, რამდენად დამღუპველია მომავალი თაობისთვის განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები, როგორ ამყარებს სტიგმას "სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის" მათ მიერ გამოყენებული განსხვავებული მიდგომები. 

მეტიც, მასწვალებელთა ერთი ნაწილი მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფების მიმართ იყენებენ ე. წ. რემედიაციას (მათივე ტერმინია, თითქოს, რუსთველის ენა ვერ ახერხებდეს ცნებათა დეფინირებას.), რაც გულისხმობს დაბალი აკადემიური შედეგების მქონე მოსწავლეების გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დატოვებას და მათთვის დამატებითი მეცადინეობების ჩატარებას. კარგად მოგეხსენებათ, ისედაც გადატვირთული სასწავლო პროგრამების პირობებში, რა გაუსაძლისი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ე. წ. დამატებითი მეცადინეობები. მართალია, ეს რემედიაცია ზოგჯერ ჩვეულებრივი გაკვეთილების პარალელურად ხორციელდებაო, მაგრამ ამ შემთხვევაში იმავე პრობლემას ვაწყდებით, რაზეც წინა აბზაცში მოგახსენებდით. 

მშობლები ფოკუს ჯგუფებში ისეთ ხშირ შემთხვევებზეც გვესაუბრებიან, რომელიც მასწავლებლების მეტყველებას წარმოაჩენს, როგორც ერთობ შეურაცხმყოფელსა და ფრიად დისკრიმინაციულს. აღსანიშნავია, რომ ამ გამონათქვამებსა და ვორდინგს ადასტურებენ როგორც  თავად ადმინისტრაციის წევრები, ასევე, პედაგოგები. 

ქვემოთ წარმოგიდგენთ მასწავლებელთა მიერ არცთუ იშიათად გამოყენებულ ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას (კვლევის ჯგუფი ბოდიშს უხდის მკითხველებს შემოთავაზებული გამონათქვამების გამო. ასევე, გთხოვთ, ბაშვებსა და სუსტი ფსიქიკის პატრონებს მოარიდოთ წინამდებარე ტექსტი!)
  • იცინე, იცინე და სემესტრის ბოლოს ვნახოთ, ვინ გაიცინებს! (ამ გამოთქმაში კარგად ჩანს, როგორც უზღუდავს პედაგოგი მოსწავლეებს სიცილის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, რა იცის მან, რომ სემსტრის ბოლოსაც არ გაიცინებს მოსწავლე?!
  • გოგონები ბიჭებზე უარესები ხართ! (ვფიქრობთ, არაა საჭირო საუბარი ამ გამოთქმის გენდერულ მიკერძოებასა და მის მიერ მახინჯი სტერეოტიპების დანერგვაზე.)
  • რვეული და წიგნი რომ დაგრჩა, თავი რატომ არ დაგრჩა?! (რაც არ უნდა იდიომატური ფორმა მიანიჭ`ნ პედაგოგებმა ამ გამოთქმას, მაინც საგრძნობია სადო-მაზოხისტური მიდრეკილებები მისი გამომყონებლისგან.)
  • რას გიგავს ეს წიგნი, საჭმელი ჭამე ზედ?! (წამროგიდგენიათ საბრალო, მშიერი მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი საჭმელზე ელაპარაკება?!)
  • რა ხდება, რა ხმაურია?! ბოლობოლო, ორი მასწავლებელი ვდგავართ აქ! (მერე რა, რომ ორი მასწვალებელი დგას კლასში? რა ისეთი პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ მათ, რომ გაერთიანების შემთხვევაში ორმაგ ეფექტს იძლეოდეს?! არარაფერს ვამბობთ ამ გამომთქმის დამაშინებელ და დისკრიმინაციულ ხასიათზე...)
  • ორიანს არამხოლოდ დაგიწერ, არამედ გამოგაყოლებ! (რა იცის მასწავლებელმა წინასწარ, შუა სემესტრში, რას გამოაყოლებს მოსწავლეს?! ეს ხომ პირდაპირ გაუპატიურებაა საგანმანათლებლოს სისტემის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტისა, როგორიცაა პირუთვნელი და ობიექტური შეფასება?!)  

ეს და სხვა შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა არცთუ მთლად საიმედო ხელშია და სასწრაფოდაა მისაღები ისეთი ზომები, რომლებიც სკოლებში მდგომარეობას შედარებით ასატანს გახდის ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის!

(ფოტოები გადმოტვირთულია გუგლის საძიებო სისტემიდან)




"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ