Sunday 7 October 2018

13 შეკითხვა გარედაკვირვების შესახებ

პირდაპირ დავიწყოთ. მაგრამ სანამ ამ შეკითხვებსა და პასუხებს გაეცნობით, შეგიძლიათ გადახედოთ წერილს "გარედამკვირვებელი გიყურებს შენ!" გაზეთ "ახალი განათლების" ფბ-გვერდზე ან გაზეთის ელექტრონულ pdf-ვერსიაში. 

სანამ დაიწყებთ, კიდევ ერთი გაფრთხილება, წამლების რეკლამაში რომ იციან ხოლმე: დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მპგეც-სა და მის გზამკვლევებს. 


I შეკითხვა. გამოცხადდება თუ არა გარედაკვირვება მეორე სემესტრში, ახლა რომ არ დავრეგისტრირდე? 

პასუხი: თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ გამოცდილებას, როცა სწორედ მეორე სემესტრში გამოცხადდა რეგისტრაცია, უნდა ველოდოთ გამოცხადებას. მაგრამ სასურველია, ვისაც ეკუთვნის, ყველა ახლავე დარეგისტრირდეს. მოგეხსენებათ, გადადებული საქმე ეშმაკისაა - ვაიდა, არ გამოცხადდეს?! ხომ მოგიწევთ წლის დაკარგვა?! 
ვის ეკუთვნის გარედაკვირვების გავლა და, მას, ვისაც მოგროვებული აქვს 13 კრედიტქულა და ამ ცამეტ კრედიტქულაში შედის ან პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ან ორი სამოდელო გაკვეთილი. შესაძლებელია, ისიც და ისიც. (შევნიშოთ, რომ დანარჩენი კრედიტქულები იქნება არასავალდებულო აქტივობებით დაგროვებული, ოღონდ არა შიდადაკვირვების გაკვეთილებით.) 

II შეკითხვა: როდის დამესწრებიან, ვინ და რამდენი დამესწრება, როგორ დამესწრებიან?

პასუხი: დავიწყოთ თქვენ მიერ გამოტოვებული შეკითხვით: რატომ დაგესწრებიან? დაგესწრებიან, რათა სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადეკვატური გაკვეთილის ჩატარება, ხართ კომპეტენტური და კვალიფიციური. (...ახლა, ეს კი დაადასტურეს ერთ დროს თქვენი დიპლომით და სკოლის შეფასების ჯგუფიც კვერს უკრავს თქვენი შიდა დაკვირვების გაკვეთილის დადებითად შეფასებით, მაგრამ სად შიდა დაკვირვების ჯგუფი რომ დაადასტურებს თქვენს კომპეტენციას და სად გარე დამკვირვებელი?!)

როდის დაგესწრებიან? როდესაც დასრულდება რეგისტრაცია, გარკვეული დროის (ალბათ, ორი-სამი კვირის) შემდეგ თქვენ თქვენს გვერდზე გამოგიჩნდებათ, თუ დროის რა მონაკვეთში მოვა გარედამკვირვებელი. მაგალითად, 12-17 ნოემბერი ან 5-11 დეკემბერი. (ყურადღება მიაქციეთ, მეორე მაგალითში ხუთზე მეტი დღე იმიტომაა, რომ შაბათ-კვირითაა გატეხილი სადამკვირვებლო პერიოდი.). 
ამ პერიოდიდან ერთ მშვენიერ დღეს დაგესწრებათ გარედამკვირვებელი. შესაძლოა, ეს დღე იყოს სადამკვირვებლო პერიოდის პირველი დღე, შეიძლება იყოს მეორე დღე ან მესამე, მეოთხე ან სულაც მეხუთე. ხოლო ამ დღის შესახებ თქვენ გაიგებთ წინა დღით - გარედამკვირვებელი დაუკავშირდება  რესურსცენტრსა და სკოლის ხელმძღვანელობას. ეს უკანასკნელნი კი თქვენ შეგატყობინებენ.  

ვინ? დაგესწრებათ ერთი გარედამკვირვებელი, სამინისტროს მიერ მოვლენილი კვალიფიციური პერსონა, რომელიც კომპეტენტურია როგორც ზოგადპედაგოგიკური, ასევე კონკრეტულსაგნობრივი მიმართულებით. შესაძლოა, დაკვირვებას ესწრებოდეს რესურსცენტრის წარმომადგენელი, რომელიც თქვენს შეფასებაში არ მონაწილეობს. (ნუ შეაწუხებთ გარედამკვირვებელს თხოვნით, ჩემი კოლეგა დამესწრება, ფოტოებს გადამიღებს, ფეისბუკზე დავდებო.)

როგორ? როგორ დაგესწრებათ და, მშვიდად, აუღელვებად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით. შესაბამისად, არ ინერვიულოთ: ვაიმე, როგორ მიყურებს? რატომ არ გამიღიმა? მოვეწონე თუ არა?! გაითავლისწინეთ, რომ არაა განსაზღვრული წინასაგაკვეთილო და გაკვეთილისშემდგომი გასაუბრებები და უკუკავშირის მოცემა.

III შეკითხვა. პასუხს როდის გავიგებ?


პასუხი: ათ სამუშაო დღეში აისახება პასუხი თქვენს ისქულში და მოგენიჭებათ კუთვნილი ოთხი კრედიტი, რითაც გზა გაგეხსნებათ სანატრელი წამყვანობისკენ.


IV შეკითხვა: როგორი იქნება პასუხი - დადებითი თუ უარყოფითი?
პასუხი: ცხადია, დადებითი. საპილოტე გარედაკვირვების პროცესში მხოლოდ პედაგოგთა 16 %-მა მიიღო უარყოფითი შეფასება და რაღა თქვენ იქნებით ასეთი?!

V შეკითხვა: რამდენი გაკვეთილის გეგმა უნდა ავტვირთოთ და როდის?
პასუხი: თქვენ უნდა ატვირთოთ ხუთი გაკვეთილის ხუთი გეგმა გამოცხადებულ სადამკვირვებლო პერიოდამდე ათი სამუშაო დღით ადრე.
იმ შემთვევაში თუ გაქვთ დაწყვილებული გაკვეთილი, თითოეული გაკვეთილის გეგმა ატვირთეთ ცალ-ცალკე, რადგან გარედამკვირვებელი ერთ გაკვეთილს ესწრება  და არა ორს. თუმცაღა, მეორესაც რომ დაესწროს, დარწმუნებული ვარ, ატვირთული გეგმის მიხედვით იმასაც მშვენივრად წარუძღვებით.

Vშეკითხვა: როგორ უნდა შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა?
პასუხი: გაკვეთილის გეგმა უნდა შეადგინოთ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი კომპონენტები: 1. მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. 2. საგანი. 3. სწავლების საფეხური/კლასი. 4. მოსწავლეთა რაოდენობა. 5. გაკვეთილის თემა. 6. გაკვეთილის მიზანი. 7. აქტივობების აღწერა (თავისი გამოყენებული მეთოდებით, კლასის ორგანიზების ფორმებით, რესურსებითა და დროის მითითებით), 8. გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. 9. მოსწავლის შეფასება (თავისი კრიტერიუმებითა და რუბრიკით). 10. ხელმოწერა. 11. თარიღი.
ძველი ფორმა


ახალი ფორმა 1-ლი გვერდი

ახალი ფორმა მე-2 გვერდი

ახალი ფორმა მე-3 გვერდი


გაკვეთილის გეგმას თავზე დააწერეთ ხუთიდან რომელია: 1-ლი გაკვეთილი, მე-2 გაკვეთილი და ა. შ. დაბლა მისათითებელმა თარიღმა გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, დააწერეთ როგორც გაკვეთილის გეგმის ატვირთვის თარიღი (ანუ სადამკვირვებლო პერიოდამდე ათი დღით ადრე ანუ როდესაც გაკვეთილის გეგმა დაწერეთ), აგრეთვე ამ კონკრეტული "გაკვეთილის ჩატარების თარიღი" (თუ სადამკვირვებლო პერიოდია 12-17 ნოემბერი, მეორე გაკვეთილის თარიღი იქნება 13 ნოემბერი, მეოთხე 15 ნოემბერი და ა. შ.). 

ხელმოწერის ადგილას შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ხელმოწერის დაპატარავებული ფოტო და შემდეგ გადაიყვანოთ გაკვეთილის გეგმის ვორდის დოკუმენტი pdf-ფორმატში. 

გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინეთ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა. ამ რუბრიკის მიხედვით გაკვეთილის ორი მხარე ექვემდებარება შეფასებას: 1. სასწავლო გარემო და 2. სწავლება.

პირველი მხარე (სფერო) სამკომპონენტიანია:

1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო;

1.2. კლასის მართვა;

1.3. სასწავლო რესურსი.

მეორე მხარე (სფერო) ხუთკომპონენტიანია:

2.1. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია. სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსის გამართულობა.

2.2. მოსწავლეებთან კომუნიკაცია. ინსტრუქციები აქტივობებისთვის.

2.3. სწავლების სტრატეგიები.

2.4. მოტივაცია და ჩართულობა.

2.5. სწავლების დროს შეფასების გამოყენება.

VII შეკითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სსსმ მოსწავლე გვყავს?
პასუხი: გეგმაში მოსწავლეთა რაოდენობის პუნქტში მიუთითეთ მის/მათ შესახებ, ხოლო აქტივობების აღწერისას ჩაამატეთ, თუ რას აკეთებთ ამ მოსწავლისთვის განსხვავებულად მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.

VIII  შეკითხვა: გაკვეთილის გეგმა უნდა მიჰყვებოდეს/ემთხვეოდეს თემატურ გეგმას?
პასუხი: არავინ არ იცის თქვენი თემატური გეგმის არსებობის შესახებ. შესაბამისად, გეგმები შეადგინეთ იმ თემაზე/საკითხზე, რომელიც მოგეხერხებათ. მთავარია, ისინი შეესაბამებოდეს თქვენს საგნობრივ სტანდარტს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და იმის მიხედვით დაგეგმოთ გაკვეთილები. შეგიძლიათ არ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და სხვაგვარად, სხვა მასალაზე დაყრდნობით წარმართოთ გაკვეთილი.

IX შეკითხვა: გაკვეთილი ჩვეულებრივი უნდა იყოს თუ გან-სა-კუთ-რე-ბუ-ლი?
პასუხი: ჩვეულებრივი. ცხადია, თქვენ განსაკუთრებულად მოემზადებით, მაგრამ გაკვეთილი ჩვეულებრივი უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ არაა აუცილებელი იყოს სამოდელოს ტიპისა. კერძოდ, ინტეგრირებული, ინოვაციური, გამჭოლ კომპეტენციებზე თუ პრობლემაზე ორიენტირებული. მიმდინარე, მუშა გაკვეთილი უნდა იყოს. 
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს სამფაზიანი გაკვეთილი, რომელზეც ბავშვები ისწავლიან რაღაც ახალს, შეიძენენ ან განივითარებენ რაიმე უნარს. ანუ გაკვეთილზე გექნებათ სამიზნე კომპეტენცია, რომელსაც დაუთმობთ გაკვეთილის ძირითად ნაწილს და რომელსაც ექნება თავისი შესავალი (პირველი ფაზა) და შეჯამება (მესამე ფაზა). 

ეკითხვა: გაკვეთილის გეგმები ერთმანეთს უნდა ებმოდეს?
პასუხი: არაა აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ სრულიად დამოუკიდებელი გაკვეთილები, თუმცა გარკვეული ლოგიკური ბმა მათ შორის უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ერთი თემა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ერთი კომპეტენცია იყოს აღებული, რომელსაც, დავუშვათ, სამ გაკვეთილზე განავითარებთ სხვადასხვა თემატიკაზე. 
გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი უნდა იყოს მთლიანი პროცესი, რომელიც იწყება, ვითარდება, მთავრდება 45 წუთში ან 40 წუთში ან 35 წუთში, იმისდამიხედვით, თუ რომელ კლასში ატარებთ. 
(ბოლო წინადადებით ავირიდეთ მომდევნო შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენწუთიანი უნდა იყოს გაკვეთილი.)

XI შეკითხვა: რამდენი აქტივობა უნდა იყოს გაკვეთილზე?
პასუხი: რამდენიც საჭირო იქნება. გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი არ გადატვირთოთ ზედმეტად მრავალფეროვანი აქტივობებით ისევე, როგორც რესურსების გამოყენების დროსაც ზომიერება გამოიჩინეთ. 

XII შეკითხვა: თუ გაკვეთილზე გათვალისწინებული მექნება ჯგუფური მუშაობა, - და, ალბათ, აუცილებლად მექნება, - ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე დავაჯგუფო და ისე დავსვა, თუ გაკვეთილის მსვლელობისას გადავაჯგუფო?
პასუხი: როგორც თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის იქნება უფრო მოსახერხებელი. მთავარია, მოსწავლეთა განლაგებამ ხელი არ შეუშალოს მათს კომფორტულ ათვისებას.
აქვე აღვნიშნოთ, ცალკე რომ არავინ იკითხოს, ჯგუფში შეიძლება იყოს იმდენი მოსწავლე, რამდენსაც თქვენ მიიჩნევთ ოპტიმალურად. თუმცაღა, შვიდდარვამოსწავლიანი ჯგუფები არაა რეკომენდებული. 

XIII შეკითხვა: რამდენი მოსწავლე შევაფასო გაკვეთილზე და გამოვაცხადო თუ არა ნიშნები? 
პასუხი: როგორც აკეთებთ ხოლმე სხვა გაკვეთილებზე, ისე მოიქეცით აქაც. ვფიქრობ, სამი-ოთხი მოსწავლის შეფასება განმსაზღვრელი შეფასებით საკმარისი იქნება. რაც შეეხება განმავითარებელი შეფასების წარმოჩენას, კარგი იქნება, თუ გაკვეთილზე გააკეთებთ ორ-სამ უკუკავშირს, რომელშიც აღნიშნავთ კონკრეტული მოსწავლის პროგრესსა და მისცემთ რაიმე რჩევას.  
რაც შეეხება ნიშნების ხმამაღლა გამოცხადებას, თქვენ გადაწყვიტეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გყავთ მიჩვეული მოსწავლეები, როგორი კულტურაა თქვენს სკოლასა და კლასში. თუკი ვინმემ ამის გამო შენიშვნა მოგცათ, არ შეეკამათოთ, მშვიდად მიიღეთ. ხოლო თუკი ამის გამო ქულა დაგაკლოთ და უარყოფითად შეგიფასათ გაკვეთილი, აუცილებლად გააპროტესტეთ.


სხვა შეკითხვები დააკომენტარეთ ქვემოთ და ერთობლივად ვიმსჯელოთ.

Saturday 6 October 2018

სსიპ ქ. მარნეულის #2 საჯარო სკოლაში არსებული წრე "მომავლის პროფესია"

სსიპ ქ. მარნეულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებლის
გიორგი ჭაუჭიძის წრე “მომავლის პროფესია”
1. ზოგადი დებულებები
1. 1. წრე “მომავლის პროფესია” დაფუძნებულია სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო
სკოლის პედაგოგის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა
პროფესიული განვითარება” მონაწილის გიორგი ჭაუჭიძის მიერ.
1. 2. წრეში გაერთიანებულები არიან XI-XII კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც
აპირებენ სწავლა გააგრძელონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
1. 3. წრეობრივი მეცადინეობები ტარდება 2018-19 სასწავლო წელს სკოლის
ტერიტორიაზე კვირაში ორი დღის განმავლობაში ერთსაათიანი ხანგრძლივობით.
1. 4. წრეში გაწევრიანებული მოსწავლეებისთვის მეცადინეობები სრულიად უფასოა.
სრულიად უფასოდ მიეწოდებათ მოსწავლეებს რესურსებიც.
1. 5. წრეზე ჩარიცხვა ხდება მოსწავლისა და მშობლის სურვილითა და თანხმობით
სკოლის დირექციასა და წრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. კავშირი: 577-955-257.
2. წრის მიზნები და ამოცანები
წრეში გაწევრიანებული მოსწავლეები შეძლებენ სასურველ დონეზე ჩააბარონ
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის გათვალისწინებული ზოგადი
უნარების გამოცდა. ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეები მეცადინეობენ წრის
ხელმძღვანელის მეთვალყურეობით.
3. წრის პროგრამა
3. 1. ზოგადი უნარების გამოცდის მნიშვნელობა და მისი ტესტის სტრუქტურა.
3. 2. ტესტის ვერბალური და მათემატიკური ნაწილები და მათი დახასიათება.
3. 3. ანალოგიებზე დაფუძნებული დავალებების პირველი ტიპი და
მათი ამოხსნის გზები.
3. 4. ანალოგიებზე დაფუძნებული დავალებები მეორე ტიპი და მათი
ამოხსნის გზები.
3. 5. წინადადების შევსებაზე ორიენტირებული დავალებების პირველი ტიპი.
3. 6. წინადადების შევსებაზე ორიენტირებული დავალებები მეორე ტიპი.
3. 7. ლუგიკური ამოცანები.
3. 8. წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებები.
3. 9. მათემატიკური ნაწილის რაოდენობრივი შედარების დავალებები.
3. 10. მათემატიკური ნაწილის ამოცანები.
3. 11. მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული დავალებები.
4. საწრეო მეცადინეობებზე გამოყენებული რესურსები
4.1. საწრეო მეცადინეობებზე გამოიყენება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ სხვადასხვა წელს გამოყენებული გამოცდების ელექტრონული
ვერსიები, რომელთა ამობეჭვდა, საჭიროების შემთხვევაში, ხდება სკოლის
პრინტერის მეშვეობით სასკოლო ან/და წრის ხელმძღვანელის სახსრებით.
4.2. საწრეო მეცადინეობებზე შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი დამატებითი
რესურსები, როგორიცაა სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოები მათემატიკასა
და ქართულში, სხვადასხვა ავტორის მიერ გამოცემული ზოგადი უნარების
ტესტების სახელძღვანელოები.
4.3. წრეობრივი მეცადინეობები წარიმართება პროექტორითა და კომპიუტერებით
აღჭურვილ ოთახში, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ელექტორნული
რესურსებით სარგებლობისას.
5. მონიტორინგი და შეფასება. წრის შედეგების აღიარება.
5. 1. წრის შედგების მონიტორინგი ხორციელდება პერმანენტულად სკოლის
ადმინისტრაციის მიერ. მონიტორინგის შედეგები აისახება წრის მუშაობის
გაუმჯობესებაში.
5. 2. წრის შედეგები გაიზომება სკოლისა და წრის ხელმძღვანელისაგან
დამოუკიდებლად ისეთი ინდიკატორების საშუალებით, როგორიცაა შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ზოგადი უნარების გამოცდები.
5.3. ზოგადი უნარების გამოცდების მონაცემები მოპოვებული იქნება მოსწავლეებთან
და მათ მშობლებთან შეთანხმებით და დაცული იქნება სრული კონფიდენციალურობა.

წრის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ღია სივრცეში და გამოქვეყნებულია
სკოლის გვერდსა და ჯგუფში.

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ