Sunday, 22 April 2018
Thursday, 19 April 2018
ინოვაციური ტიპის სამოდელო გაკვეთილი პირველ კლასში
(ინოვაცია: საანბანო პერიოდში ასო-ბგერა შეისწავლება მთლიანენობრივი, სრულფასოვნად
ანალიზურ-სინთეზური მიდგომით, რაც არაა გათვალისწინებული ჩვენს ხელთ არსებულ არცერთ
სახელმძღვანელოში.)
თემა: ყვავი და ბაყაყი. ასო-ბგერა “ყ”-ს სწავლება.
საგანი, კლასი: ქართული, როგორც მეორე ენა. პირველი კლასი.
მოსწავლეთა პროფილი: 26 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე.
შენიშვნა: სსსმ მოსწვალეს არ სჭირდება სპეციფიკურად ადაპტირებული რესურსი ან მოდიფიცირებული
აქტივობა, მას უმთავრესად დამატებითი მამოტივირებელი ბიძგის მიცემა უნდა, რათა სრულფასოვნად
ჩაერთოს გაკვეთილზე. შესაძლებელია, არც ეს დასჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, მისთვის მომზადებულია სარეზერვო რესურს-აქტივობები.
მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ ყოველ ჯერზე, ნებისმიერ სიტუაციაში, სწორად ამოიცნონ ასო-ბგერა “ყ” ტექსტსა
თუ დამოუკიდებლად. მოახერხებენ მის მართებულად დაწერას.
კავშირი ესგ-სთან:
ქ.მ.დაწყ.(I).2.
|
კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით
მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება.
|
ქ.მ.დაწყ.(I).3.
|
სათანადო სტრატეგიების გამოყენებით ხმამაღალი (გამართული
და გაწაფული) კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევის გამოვლენა.
|
გაკვეთილის აქტუალობა: ანბანის შესწავლა ერთ-ერთი საკვანძო მომენტია მთლიან სასწავლო პროცესში
და მისი უმტკივნეულოდ, სახალისოდ წარმართვა, ერთი მხრივ, აძლიერებს პირველკლასელი მოსწავლის
მოტივაციას სწავლაში, მეორე მხრივ, აადვილებს ამ პროცესს. სახელმძღვანელოს ტექსტებისა
და მიდგომისგან განსხვავებული, შემოთავაზებული მიდგომით ასო-ბგერის ათვისება სწორედ
ამ მიზნებს ემსახურება.
გამოყენებული მეთოდები: რეალური ნივთები, სამოდელო წერა, ერთობლივი წერა, სამოდელო წაკითხვა,
ერთობლივი წაკითხვა, დამოუკიდებელი წერა, სიტყვის ბარათები.
შეფასება: განმავითარებელი შეფასება (რუბრიკა იხ. დანართში)
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს
შეუძლიათ ნასწავლი ასო-ბგერების დეკოდირება, ნაცნობი სიტყვების მთლიანად წაკითხვა,
გამომუშავებული აქვთ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, აქვთ საბაზისო ლექსიკური მარაგი.
რესურსები: რეალური საგნები
(ყვავისა და ბაყაყის თოჯინები), დაფაზე ცარცით დაწერილი მიკროტექსტი, სიტყვის ბარათები,
გამოსაძახებელი ჩხირები.
გაკვეთილის მსვლელობა
პირველი
ფაზა
(შენიშვნა: ფაზებად დაყოფილია მოდელის "გამოწვევა-ახალი მასალა-განმტკიცება" მიხედვით. თავად გაკვეთილი აგებულია მოდელზე: "მთელი-ნაწილები-მთელი". კერძოდ: 1-4 აქტივობა არის "მთელი", 5-6 აქტივობა - "ნაწილები", 7-8 აქტივობა - "მთელი".)
აქტივობა 1. საორგანოზაციო საკითხები. მიზნისა და შეფასების კომპონენტების
გაცნობა. – 2 წთ.
მიზანი: მოსწავლეები
ელემენტარულ დონეზე გაიაზრებენ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კომპონენტებს.
მასწვალებელი ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას: ვინ არაა დღეს? რამდენი მოსწავლე არაა? (ამ ინტერაქციას, ისევე როგორც ნებისმიერ კონტექსტურ სამეტყველო აქტს, თავისი დადებითი დატვირთვა აქვს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის.)
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს, რომ ისინი ისწავლიან ახალ ასო-ბგერას, დაწერენ და წაიკითხავენ მიკროტექსტს. ამისთვის საჭიროა აქტიურები და ყოჩაღები იყვნენ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს, რომ ისინი ისწავლიან ახალ ასო-ბგერას, დაწერენ და წაიკითხავენ მიკროტექსტს. ამისთვის საჭიროა აქტიურები და ყოჩაღები იყვნენ.
აქტივობა 2. მოტივაციის აღძვრა. წინარე ცოდნის გაქტიურება. პერსონაჟის
წარდგენა. – 5 წთ.
მიზანი: მოსწავლეები
გაიაქტიურებენ წინარე ლექსიკურ მარაგსა და ნასწავლ ასო-ბგერებს. გაიცნობენ ახალ პერსონაჟებს
რომლებზეც დაწერენ მიკროტექსტს.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
ტომსიკას/ყუთს და ეუბნება, რომ იქ ჰყავს პერსონაჟი. მოსწავლეები ასახელებენ, თუ რა
იქნება იქ. მასწავლებელიც ეხმარება,
იწვევს პროვოცირებას...
- აბა, რა იქნება? ლომი? მაიმუნი? ბანანი? ზაზა?..
- პირველი ბგერა არის “ყ”...
მეორე
ფაზა
აქტივობა 3. მიკროტექსტის ზეპირად შეთხზვა და დაფაზე დაწერა.
– 6 წთ.
მიზანი: მიკროტექსტის, როგორც საკითხავი რესურსის შექმნის პროცესში მოსწავლეები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.
მასწვალებელი მოსწავლეების მონაწილეობით
შექმნის მიკროტექსტს, რომელსაც მასწავლებელი წერს დაფაზე მოსწავლეთა თვალწინ. დაწერის
პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლები, ისინიც დაწერენ ცალკეულ ასოებს და სიტყვებსაც
კი.
ტექსტი:
ეს
არის ყვავი.
ეს
არის ყვავი ყოყო.
ეს
არის ბაყაყი.
ეს
არის ბაყაყი ყიყი.
-
ყვა-ყვა-ყვა! - ამბობს ყვავი.
-
ყი-ყი-ყი! - ამბობს ბაყაყი.
შენიშვნა: ტექსტი შეიძლება
ოდნავ შეიცვალოს მოსწავლეთაგან წამოსული იდეების, უკუკავშირის საფუძველზე.
აქტივობა 3.1. ფიზიკური განტვირთვა. - 2 წთ.
მიზანი: მოსწავლეები
განიტვირთებიან ფიზიკური მოძრაობებით.
მასწვალებელი სვამს შეკითხვას, როგორ
ფრენენ ყვავები და ამოძრავებენ ფრთებს და თან ყრანტალებენ: ყვააა!.. ყვააა!...
შემდეგ კითხულობს, როგორ დახტიან ბაყაყები.
ხტიან და ყიყინებენ: ყი! ყი! ყი!
ფიზიკური განტვირთვა (ფოტო: ლელა ჯაბანაშვილი) |
აქტივობა 4. ტექსტის წაკითხვა. – 5
წთ.
მიზანი: მოსწავლეები გაიწაფებიან შეთხზული ტექსტის წაკითხვაში.
მასწავლებელი ჯერ თვითონ, ხელის სიტყვებზე
გაყოლებით კითხულობს ტექსტს, შემდეგ ექოს ტიპის წაკითხვით კითხულობენ, შემდეგ ერთობლივად
კითხულობენ.
ამის შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ
ჯგუფურად და აფასებენ ერთმანეთის წაკითხვას: როგორ წაიკითხეს? სწორად წაიკითხეს? ხმამაღლა
წაიკითხეს? ერთად წაიკითხეს?
მესამე
ფაზა
აქტივობა 5. სიტყვის ბარათების წაკითხვა.
– 3 წთ.
მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ სიტყვებს სხვადასხვა მეთოდით.
მასწვალებლი ამოიღებს სიტყვის ბარათებს
და აჩვენებს კლასს (ცხადია, სიტყვის ბარათები წარმოადგენს შეთხზულ ტექსტში გამოყენებულ და ფურცლებზე დიდი ასოებით დაწერილ სიტყვებს. შესაძლოა, გამოვურიოთ სამი-ოთხი სხვა სიტყვაც.). მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ერთად, ჯგუფებად ან ინდივიდუალურად გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით.
გამოყენებული იქნება წაკითხვის სხვადასხვა
მეთოდი: ბარათის სწორად ჩვენება, გადაბრუნებულად ჩვენება, ნახევრად დაფარული ბარათის
ჩვენება. (აქტივობათა მრავალფეროვნება დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა ათვისების უნარსა
და დროში განაწილებაზე.)
აქტივობა 6. ასო “ყ”-ს მოძებნა დაფაზე
დაწერილ ტექსტში. – 4 წთ.
მიზანი: მოსწავლეები გაიწაფებიან ასო-ბგერა “ყ”-ს ამოცნობაში.
მასწავლებელი იძახებს მოსწვალეთა ნაწილს და სთხოვს ხაზი გაუსვან (შემოხაზონ)
ასო “ყ”. აგრეთვე სხვა რამდენიმე ასოსაც...
აქტივობა 7. ტექსტის გადაწერა. – 6
წთ.
მიზანი: მოსწავლეები გაიწაფებიან ასო-ბგერა "ყ"-ს წერაში.
მოსწავლეები გადაწერენ ტექსტს თავიანთ რვეულებში. (ვერსია: დახატავენ ყვავსა და ბაყაყს და მიაწერენ: ყვავი, ბაყაყი, ყვა-ყვა, ყი-ყი...)
მოსწავლეები გადაწერენ ტექსტს თავიანთ რვეულებში. (ვერსია: დახატავენ ყვავსა და ბაყაყს და მიაწერენ: ყვავი, ბაყაყი, ყვა-ყვა, ყი-ყი...)
მასწვალებელი რამდენიმე მოსწავლეს (მაგალითად, მას ვისაც უჭირს ჩართულობა,
ვინც ადრე დაამთავრებს ტექსტის გადაწერას...) აძლევს დაჭრილ ტექსტს და აწებებინებს
გამთლიანების მიზნით თავის რვეულში ან მიცემულ ფურცელზე.
მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირს.
აქტივობა 8. საშინაო დავალების მიცემა
და გაკვეთილის შეჯამება. – 2 წთ.
მიზანი: მოსწავლეები შინაც
გააგრძელებენ კითხვასა და წერაში გაწაფვაში ვარჯიშს.
მასწავლებელი სთხოვს, რომ სახლში დაწერონ სიტყვები “ყვავი” და “ბაყაყი”
სამ-სამჯერ.
მასწავლებელი მოსწავლეთა მონაწილეობით
აჯამებს და აფასებს გაკვეთილს: რა ისწავლეს, რა გააკეთეს, როგორი იყო მათი მონაწილეობა...
დანართი
შეფასების რუბრიკა
კომპონენტი
|
სუსტად
|
დამაკმაყოფილებლად
|
კარგად
|
საუკეთესოდ
|
|||
ახალი ასოს
ამოცნობა. ტექსტის წაკითხვა.
|
ვერ ცნობს ახალ
ასოს.
|
ახალ ასოს ცნობს
უმეტეს შემთხვევაში,
|
გაწაფულად კითხულობს
თითქმის ყოველ შემთხვევაში.
|
ყოველთვის უშეცდომოდ,
გამართულად კითხულობს ტექსტს, მაშინაც კი, როდესაც ზოგჯერ ჯერ უსწავლელ ასოს ხვდება.
|
|||
ახალი ასოს
დაწერა. ტექსტის გადაწერა.
|
ვერ ახერხებს
ახალი ასოს დაწერას
|
წერს ულამაზოდ.
ვერ იცავს ქართული ასოებისთვის დამახასიათებელ რეგისტრს.
|
წერს უმეტესწილად
სწორად და აკურატულად.
|
ყოველთვის ლამაზად,
აკურატულად ახერხებს ახალი ასო “ყ”-ს დაწერას.
|
|||
ვერ ერთვება
ატივობებში. ხშირად სჭირდება მასწვალებლისგან შენიშვნის მიცემა.
|
მასწავლებლისგან
ზოგჯერ სჭირდება შენიშვნის მიცემა, რათა ყურადღებით ჩაერთოს აქტივობებში.
|
ძირითადად აქტიურად
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.
|
ყოველთვის აქტიურია
და იჩენს ინიციატივებს აქტივობების მსვლელობისას.
|
სარეზერვი რესურს-მასალა
(დაჭრილი ტექსტი დასაწებებლად)
ეს
არის ყვავი.
ეს
არის ყვავი ყოყო.
ეს
არის ბაყაყი.
ეს
არის ბაყაყი ყიყი.
-
ყვა-ყვა-ყვა! - ამბობს ყვავი.
-
ყი-ყი-ყი! - ამბობს ბაყაყი.
სიტყვის ბარათებით მუშაობა (ფოტო: ლელა ჯაბანაშვილი) |
სიტყვის ბარათები
ყვავი ბაყაყი
არის ამბობს ყვა-ყვა
ყი-ყი ყოყო ყიყი სკოლა კლასი
ყვავილი წყალი
ყაყაჩო ყური
რეფლექსია ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე
ამ რეფლექსიაში შევეცდები რამდენიმე
შეკითხვაზე პასუხის გაცემას.
0.
რამდენად უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩატარებული გაკვეთილი მართლაც აკმაყოფილებს ინოვაციური
ტიპის სამოდელო გაკვეთილის კრიტერიუმებს? რამდენად იყო ინოვაციური ეს გაკვეთილი?
ვფიქრობ, ჩატარებული გაკვეთილი, მართლაც იყო ინოვაციური
ხასიათის, რადგან ითვალისწინებს ანბანის სწავლების ისეთ თანამედროვე მიდგომას, როგორიცაა
მთლიანენობრივი, სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მიდგომა. ამასთან, ამ გაკვეთილზე
წარმოდგენილი მეთოდი/მიდგომა არაა გათვალისწინებული ჩვენს ხელთ არსებულ არცერთ სახელმძღვანელოსა
თუ მეთოდურ გზამკვლევში. (ცხადია, ეს მიდგომა ჩემი გამოგონება არაა - ასეთ მიდგომებს
ვნერგავდით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd-ის ფარგლებში.
თუმცა, ამ გაკვეთილზე წარმოდგენილი სიტუაცია, კონტექსტი და შექმნილი მიკროტექსტი სრულიად
ორიგინალურია, ჩემეულია.) გაკვთილი წარმართული იყო ანბანის ათვისების თანამედროვე მოდელის
“მთელი-ნაწილები-მთელი” მიხედვით.
ვფიქრობ, გაკვეთილით შემოთავაზებული მოდელი საშუალებას
იძლევა იგი გამოყენებული იყოს სხვა ასო-ბგერებისა და სხვა კლასებისთვის სხვა მასწავლებლების
მიერ.
1.
მივაღწიე თუ არა გაკვეთილის მიზანს?
გაკვეთილის მიზანი იყო ასო-ბგერა “ყ”-ს ათვისება, მისი
ამოცნობისა და დაწერის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ეს ესგ-ით გათვალისწინებული ერთ-ერთი
მოთხოვნაა. პირველკლასელი უნდა ახერხებდეს კითხვის საწყისი სტრატეგიების გამოყენებას,
ქართული ანბანის ასო-ბგერების ცნობას, დაწერასა და წარმოთქმას. ეს გაკვეთილი სწორედ
ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება იყო.
გაკვეთილის ბოლოს მოსწვალეები ცნობდნენ და კითხულობდნენ
როგორც სამიზნე ასო-ბგერას, ასევე ამ ბგერის გამოყენებით შედგენილ სიტყვებსა და ამ
სიტყვების გამოყენებით აგებულ ავთენტიკურ ტექსტს. ისინი, აგრეთვე ახერხებდნენ ამ ასოს
დაწერას.
2.
რა იყო გაკვეთილის ძლიერი მხარე?
გაკვეთილზე უზრუნველყოფილი იყო ყველა მოსწავლის ემოციური
და კოგნიტური პროდუქტიული ჩართულობა. (ეს ეხება სსსმ მოსწავლესაც, რომლისთვისაც მომზადებული
მქონდა სარეზერვო რესურს-აქტივობები, რომლეთა სრულად გამოყენება არ გახდა საჭირო, რადგან
ისიც სრულად იყო ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში და მანაც მიაღწია გაკვეთილზე დასახულ
მიზანს.)
მოსწვალეები მოტივირებულად და ინტერესით მონაწილეობდნენ
აქტივობებში და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდენენ საგაკვეთილო მიზნებს მიკრო ტექსტის შექმნით,
წაკითხვით, სიტყვის ბარათების ამოცნობით, წერითი აქტივობებით.
3.
შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
გაკვეთილის მსვლელობისას არსებითი ცვლილება გაკვეთილის
გეგმას არ განუცდია. მხოლოდ დროითი ფაქტორის გათვალისწინებით შევკვეცე წინასწარგანსაზღვრული
ერთი აქტივობა. კერძოდ, განზრახული მქონდა, ოთხ-ოთხ წევრიან ჯგუფებს წაეკითხათ ერთობლივად
ჩვენ მიერ შექმნილი და დაფაზე დაწერილი ტექსტი და სხვა ჯგუფებს გაეკეთებინათ უკუკავშირი.
წაიკითხა კიდეც ორმა ოთხწევრიანმა ჯგუფმა, გაუკეთეს მათ უკუკავშირი სხვა ბავშვებმა
(რომ “მათ წაიკითხეს სწორად, ხმამაღლა და არც ჩქარა და არც ნელა.”). დანარჩენი ოთხწევრიანი
ჯგუფები გავაერთიანე და ერთად წავაკითხე. ვფიქრობ, ამ ცვლილებით საგაკვეთილო მიზნები
არ დამიზარალებია, სამაგიეროდ დრო დავზოგე და მოვიტოვე მესამე ფაზის აქტივობებისთვის
(ტექსტის/ილუსტრაციის რვეულებში გადატანა და გაკვეთილის შეჯამება).
4.
რა იყო გაკვეთილის გასაუმჯობესებელი მხარე და როგორ გავაუმჯობესებ მას მომავალში?
გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა ერთი მომენტი, რომელიც
აჩენს სურვილს სხვაგვარად ყოფილიყო წარმართული.
ვგულისხმობ გაკვეთილის მესამე ფაზის აქტივობას, როდესაც
მოსწავლეები ხატავდნენ ილუსტრაციას და მასზე წარწერებს აკეთებდნენ. ამ აქტივობამ ისე
გაიტაცა მოსწავლეები, რომ გამიჭირდა დასრულებინება და გაკვეთილის შეჯამებაზე ყურადღების
მობილიზება. კი დაასრულეს ხატვა და წერა და რვეულებიც დახურეს და თვალებიც მომაპყრეს,
მაგრამ იგრძნობოდა, რომ გულისყური ისევ თავიანთი რვეულებისკენ და გასაფერადებელი ყვავებისა
და ბაყაყებისკენ ეპარებოდათ.
მომავლისთვის ასეთ შემთხვევაში აღარ მივცემ ორ აქტივობას
ერთად - მე ხომ ჯერ მიკროტექსტის ერთი ნაწილი გადავაწერინე რვეულებში და შემდეგ
დავახატინე ილუსტრაცია თავისი წარწერებით. ვფიქრობ, სრულიად საკმარისი იქნებოდა ილუსტრაციის
დახატვა და მასზე წარწერების გაკეთება. თუ მაინცდამაინც რომელიმე მოსწავლე/მოსწავლეთა
ჯგუფი ადრე დაამთავრებდა ხატვასა და ნახატზე წარწერის გაკეთებას, მას/მათ შევთავაზებდი
წინადადებების დამატებით გადაწერას.
მოსწავლის რვეულიდამ |
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილმა გაამართლა,
მიაღწია დასახულ მიზნებს. მასში მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა სასურველ დონეზე
იყო. ვფიქრობ, გაკვეთილის ინოვაციური მხარეც
სასარგებლო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის. ვოცნებობ, მსგავსი, მოსწავლეებთან ერთად შექმნილი მიკროტექსტების გამოყენებით წარიმართოს ანბანის შესწავლის პროცესი, ნაცვლად უაზრო და უშინაარსო ტექსტებით ბავშვების წამებისა.
Subscribe to:
Posts (Atom)
"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)
მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ
-
როგორც ვიცით, რეფლექსია უნდა უპასუხებდეს ხუთ შეკითხვას: რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს? ("გავედი" თუ არა მიზანზე?) რა...
-
პირდაპირ დავიწყოთ. მაგრამ სანამ ამ შეკითხვებსა და პასუხებს გაეცნობით, შეგიძლიათ გადახედოთ წერილს "გარედამკვირვებელი გიყურებს შენ!&quo...
-
თავფურცელი , სადაც იწერება პრაქტიკის კვლევის სათაური, ავტორი, სკოლა და თარიღი. სასურველია, სათაურში მკაფიოდ იყოს გადმოცემული...