ქართული, როგორც
მეორე ენა
მოსწავლეთა პროფილი: მე-11 კლასის 23 მოსწავლე, არც ერთი სსსმ მოსწავლე. ქართულის, როგორც
მეორე ენის ცოდნის დონე A2+, B1.
თემა:
ბულინგი
(გამოყენებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების მიერ 2014 წელს გამოცემული «სამართლის ქალაქის» მასალები.)
პრობლემაზე
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. გაკვეთილი წარმოადგენს საყოველთაოდ გავრცელებული
პრობლემის, ბულინგის შესახებ განხილვასა
და პრევენციის ზომების დასახვას. მოსწავლეები ჯგუფებში ამოიცნობენ პრობლემას და შეთანხმდებიან
მისი მოგვარების გზებზე. პრობლემად წარმოჩენილი საკითხი აქტუალურია და შეესაბამება
მეთერთმეტეკლასელთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესს.
მიზნები:
მოსწავლეების
ცნობიერების ამაღლება ბულინგის სხვადასხვა გამოვლინების შესახებ. მოსწავლეები შეძლებენ
პრობლემის იდენტიფიცირებას შეთავაზებული სიტუაციებდან და პრობლემის პრევენციის გზების
დასახვას.
ესგ-სთან შესაბამისობა:
ქ. მ. XI. 5.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის
(ესე; სხვადასხვა სახის კორესპონდენცია; საშუალო სირთულის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი
და სხვა) გაგება.
ქ. მ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების
მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.
ქ. მ.
XI. 20. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხზე არგუმენტირებულად მსჯელობა.
რესურსები: პროექტორი, სლაიდები
(ან წიგნის ილუსტრაციები), ფურცლებზე დაწერილი სიტუაციები, ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერები, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა
აქტივობა 1. საორგანიზაციო
საკითხები, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა. – (2 წთ.)
მიზანი: მოსწავლეთა მომზადება გაკვეთილისთვის.
აღწერა: მასწავლებლი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის
მიზნებსა და შეფასების რუბრიკას. ამბობს, რომ დღევანდელი გაკვეთილის მიზანია, განიხილონ
სიტუაციები ბულინგის შესახებ, გამოკვეთონ პრობლემური მომენტები და დასახონ ამ პრობლემების
მოგვარების გზები. ეცნობიან შეფასების
რუბრიკას, რომელიც ინდივიდუალურადაც დაურიგდებათ სამუშაო ფურცლის უკანა მხარეს თვითშეფასებისთვის.
აქტივობა 2. ბულინგზე საუბარი.
(მთელი კლასი. - 5 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ
წინარე ცოდნას ბულინგის შესახებ.
აღწერა: მსჯელობენ იმის
შესახებ, თუ რა სმენიათ ბულინგის შესახებ. მოსწავლეები განიხილავენ მასწავლებლის მიერ
შეთავაზებულ და დაფაზე დაწერილ სიტყვებს: დაცინვა,
ჩაგვრა, ძალადობა, შანტაჟი, იგნორირება, აგრესია, იგნორირება. მასწავლებელი სვამს
შეკითხვას, უნახავთ თუ არა ბულინგის შემთხვევები? არის თუ არა ჩვენს ირგვლივ ასეთი
სიტუაციები?
აქტივობა 3. ფოტოების მიხედვით
ვარაუდების გამოთქმა. (მთელი კლასი. – 4 წთ.)
მიზანი: მოტივაციის აღძვრა თემასთან დაკავშირებით.
აღწერა: მასწავლებელი პროექტორით ან წიგნის
დახმარებით აჩვენებს ფოტოებს. მოსწავლეები აღწერენ სურათებზე გამოსახულ სიტუაციებს
და გამოთქვმენ ვარაუდებს, თუ რა სიტუაციას შეიძლება ასახავდეს ეს სურათები.
II ფაზა
აქტივობა 4. სიტუაციების წაკითხვა. (მთელი კლასი, ჯგუფები.
- 5 წთ.)
მიზანი: სიტაუციების გაცნობა. ვარაუდების გადამოწმება.
აღწერა: მასწავლებელი
უკითხავს მოსწავლეებს კაზუსებს (ან გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით სთხოვს რომელიმე
მოსწავლეს.). მოსწავლეები შეუსაბამებენ მოსმენილს წარმოდგენილ ფოტოებს. მსჯელობენ,
რა გამართლდა თავიანთი ვარაუდებიდან და რა - არა.
სიტუაცია 1. გვანცამ სკოლის ეზოში
დაინახა, სამი ბიჭი როგორ უმოწყალოდ სცემდა თანასკოლელ ვაჟას. დასისხლიანებული
ვაჟა მიწაზე დაეცა, თავდამსმხმელები კი გაიქცნენ. გვანცას უნდოდა დახმარებოდა
მას, მაგრამ შეეშინდა და უყურადღებოდ მიატოვა გასაჭირში მყოფი ვაჟა.
სიტუაცია 2. კობა კარგად სწავლობს და ამიტომ თანაკლასელი კოტე მუდმივად ამცირებს.
კოტეს საქციელს სხვა თანაკლასელი ბიჭებიც ბაძავენ და კობა მუდმივად მათი დაცინვისა
და ჩაგვრის ობიექტია. ერთ დღესაც, კოტე მას საკლასო კარის უკან ჩაუსაფრთდა, ხელი ჰკრა
და წააქცია. დაცემის შედეგად კობას ცხვირი გაუტყდა.
სიტუაცია 3. გიორგიმ და მისმა მეგობარმა თანაკლასელის ქურთუკზე საღებავით დააწერეს
“ჩამშვები”, რადგან იფიქრეს, რომ გაცდენილი გაკვეთილების შესახებ მან “ჩაუშვა” ისინი
მასწავლებელთან.
სიტუაცია
4. კახამ და მისმა მეგობარმა თანაკლასელის
ფეისბუქი გატეხეს და მისი ყველა ელექტრონული შეტყობინება წაიკითხეს. როგორც აღმოჩნდა,
თანაკლასელს მიმოწერა ჰქონდა პარალელურკლასელ ანასთან. “ეგრეც ვიცოდით, მას ნამდვილად
ანა უყვარს”, - დაასკვნეს მათ.
სიტუაცია 5. გაკვეთილები დამთავრდა და მოსწავლეები და მასწავლებლები შინ წავიდნენ,
გიორგიმ და გელამ კი გართობა გადაწყვიტეს - სკოლის დარაჯს მოჰპარეს საკლასო ოთახის
გასაღები, თანაკლასელი შეიტყუეს შიგნით, ჩაკეტეს და ასე დატოვეს. მხოლოდ რამდენიმესაათიანი
ყვირილის შემდეგ შეძლო ჩაკეტილმა ბიჭმა დარაჯისთვის ხმის გაგონება.
აქტივობა 5. დავალების შესრულების მოდელირება მასწავლებლის მიერ. (მთელი კლასი. - 4 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ შესასრუელებლი დავალების არსს.
აღწერა: მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ მათ ჯგუფებში უნდა განიხილონ ეს
სიტუაციები (ერთმა ჯგუფმა - ერთი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) და წარმოადგინონ მოსაზრებები შემდეგი შეკითხვების
მიხედვით:
· რა პრობლემა იკვეთება მათ მიერ განხილულ სიტუაციებში?
· რა არის გამოსავალი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში?
·
რა უნდა გაკეთებულიყო
(რა უნდა გაკეთდეს) ასეთი შემთხვევ(ებ)ის პრევენციისთვის?
მასწავლებელს მომზადებული აქვს ნახევარ ფლიფჩატზე გამზადებული სქემა, რომელიც
უნდა შეავსონ ბავშვებმა. ერთ ასეთ სქემას აკრავს დაფაზე და თავად ავსებს ხმამაღალი
ფიქრის მეთოდის გამოყენებით ზემოთაღნიშნული მეოთხე სიტუაციის მიხედვით.
შევსებული ფურცელი დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს:
რა პრობლემა იკვეთება განხილულ სიტუაციებში?
ამ სიტუაციაში პრობლემა არის ის, რომ
ბავშვები კითხულობენ სხვის წერილებს.
რა არის გამოსავალი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში?
კახას უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი რამე მეორედ
აღარ გააკეთოს და წაკითხული ინფორმაცია არავის უთხრას.
რა უნდა გაკეთდეს ასეთი შემთხვევ(ებ)ის პრევენციისთვის?
საჭიროა ბავშვებს ავუხსნათ, რომ დაუშვებელია
სხვისი ინფორმაციის გაცნობა...
უნდა დავაყენოთ რთული პაროლი.
|
აქტივობა 6. სიტუაციების
ანალიზი. – (ჯგუფები. - 12 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები ჯგუფებში
განიხილავენ სიტუაციას და წარმოადგენენ მათს ანალიზს.
აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. სულ ოთხი ჯგუფი, თითო
ჯგუფს აქვს თითო სიტუაცია. მათი მიზანია, განიხილონ სიტუაციები და წარმოადგინონ მოსაზრებები
ზემოთ ნაჩვენები მოდელის მიხედვით. ისინი ავსებენ ფლიფჩარტზე დახაზულ სქემებს.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს. მასწავლებელი აკეთებს მოკლე უკუკავშირს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტატორებს მასწავლებელი აფასებს განმსაზღვრელი შეფასებითაც.
III ფაზა
აქტივობა 7. იდენტიფიცირებული
პრობლემების შედარება კოდექსთან. (ჯგუფები. - 5 წთ.)
მიზანი: მოსწავლეები შეადარებენ
მათ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს სს კოდექსის მუხლებს.
აღწერა: მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს ამონარიდებს სისხლის სამართლის კოდექსიდან შესაბამისი მუხლების
სახით და აკეთებენ მოკლე კომენტარს, რა დაემთხვა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციიდან,
სწორად ამოიცნეს თუ არა დანაშაულის ნიშნები.
დარიგებული მუხლების გააზრების გაადვილების მიზნით მასწავლებელმა შესაძლოა
დაფაზე დაწეროს ან წინასწარმომზადებული დაწერილი გააკრას ზოგიერთი სიტყვა/ტერმინი:
ისჯება თავისუფლების
აღკვეთით, დანაშაულის შეუტყობინებლობა, განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოსასწორებელი
სამუშაო, თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ დარღვევა...
ამონარიდები: იხ. დანართში.
აქტივობა 8. შეჯამება, რეფლექსია,
საშინაო დავალების მიცემა. – (მთელი კლასი. - 3 წთ.)
მიზანი: მოსწავლეთა შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
აღწერა: მასწავლებელი
აჯამებს გაკვეთილს, აფასებს მოსწავლეებს, აძლევს საშინაო დავალებას: მცირე სიტუაციის
მოფიქრება-აღწერა, რომელიც მათი აზრით შეიცავდა ბულინგის ნიშნებს. სიტუაცია შეიძლება
მოყვანილი იყოს როგორც რეალური ცხოვრებიდან, ასევე ფილმიდან/წიგნიდან.
მასწავლებელი კრეფს მოსწავლეთა სამუშაო და თვითშეფასების ფურცლებს შემდგომი
ანალიზისა და უკუკავშირისთვის.