სტატია იხილეთ აქ |
“მარილით
დასაპალნებული ვირი წყალში უცებ წაიქცა. მარილი დადნა, საპალნე ბევრად შემსუბუქდა და
ვირი ადვილათ ადგა. ეს კარგია, შენმა მზემ, იფიქრა ვირმა, - წყალმა კიდეც გამაგრილა
და საპალნეც შემიმსუბუქა; კვლავისათვის ამას კარგად დავიხსომებ. რამდენიმე დღის უკან
ამ ვირს ღრუბლები აჰკიდეს და იმავე გზაზედ წაიყვანეს. შუა წყალში რომ შევიდა, ვირი
განზრახ წაიქცა. ეგონა საპალნე ახლაც შემიმსუბუქდებაო. ის კი არა, ღრუბლები წყლით გაიჟღინთა,
საპალნე საშინლათ დამძიმდა. უგუნური ვირი ვეღარ წამოდგა და დაიხრჩო წყალში.” (იაკობ
გოგებაშვილი, “დედა ენა”, 1876)
1918
წელი. ტფილისი. საქართველო.
შიდი წლის
სესემ დილაადრიან გაიღვიძა და ტანთ ჩაიცვა საჩქაროზე. ერთი სულის აქვს, როდის გაიქცევა
სკოლისაკენ - გუშინ მასწვალებელი დაჰპირდათ, ხვალ პირველ ასოებს შევისწავლითო.
...იასე
მასწავლებელმა ოთახში შესვლისთანავე სიყვარულით მოიკითხა სესე და სხვა შეგირდები. რუდუნებით
აიღო ხელში იმ დილით დაკრეფილი ლურჯთვალა ყვავილების
კონა და ღიმილით იკითხა:
- აბა, ყმაწვილებო, ეს რა არის?
- ეს არის ია, მასწავლებელო, - ერთხმად
შესძახეს ბავშვებმა.
- ყოჩაღ, ბავშვებო! ეს მართლაც იაა. რამდენ
თქვენგანს გინახავთ იგი ჩვენს მინდორ-ველებზე და რამდენი მიგირთმევიათ დედებისთვის,
არა?! - ტკბილად საუბრობდა იასე მასწავლებელი და ერთ თვალს გოგებაშვილის მიერ შედგენილ
“მასწავლებლის გზამკვლევისკენ” აპარებდა, არაფერი დამავიწყდესო, მეორეს კი მოსწავლეთა
აღტყინებულ თვალებში უყრიდა, - ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, იაკობ გოგებაშვილმა ეს
ყვავილი სწორედ ჩვენს დედაენაში შეიტანა და პირველი ასონი, რომელთაც ჩვენ დღეს შევისწავლით,
სწორედ ესენი არიან: ხმა-ასო “ი” და ხმა-ასო “ა”. აბა, ვნახოთ როგორ იწერება “ი” და
როგორ იწერება “ა”.
იასე მასწავლებელი
რუდუნებითვე წერს დაფაზე ჯერ ერთ ასოს, შემდეგ მეორეს და გაღიმებული მობრუნდება ბაშვებისკენ.
- ეს არის ი”, ეს არის “ა”, - ამბობს იგი
და ხელს ადებს ახლახან გამოყვანილს ასოებს, - აბა ყველამ ერთად ამოვიკითხოთ: “იიიიი”,
“აააა”... რა გამოვიდა ბავშვებო? “ია”, - ამას უკვე ერთხმად ამბობენ ბავშვები.
ასე შემოვიდა
სესეს ცხოვრებაში პირველად ქართული ასოები. მას შინ ხომ არც წიგნი ჰქონდა, არც გაზეთი
რამე, გინდაც, ჟურნალი. ქუჩის აბრა-წარწერანიც მხოლოდ რუსულად თუ იყო ამოგვირისტებულნი.
2018
წელი. თბილისი. საქართველო.
ექვსი წლის
ეკაც დილაადრიან ადგა და ერთ-ერთი საჯარო სკოლისკენ გაეშურა. მან გუშინ თავის კომპიუტერში
ახალი პროგრამა დააინსტალირა და ძალიან საინტერესო თამაშიც გადმოწერა... ეკას ჯერ კიდევ
სკოლაში მისვლამდე შეეძლო სხვადასხვა ციფრული ოპერაციის შესრულება. მართალია, საკუთრად
არ ჰქონდა, მაგრამ ოჯახის კომპიუტერში დღის განმავლობაში ერთი საათით შეეძლო საქმიანობა.
ახლა უკვე საკუთარი ბუკი აქვს, სულ საკუთარი.
ეკას უამრავი
ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი აქვს ნანახი. მშობლები, როცა ახერხებდნენ, ყოველთვის
უკითხავდნენ სხვადასხვა ლამაზ წიგნს. ბაბუა კი გამოჭერილი ჰყავდა და ლამის ზეპირად
იცის ათობით საბავშვო მოთხრობა, ზღაპარი და ლექსი. ხშირად დაიკავებდა წიგნს ხელში და
თავისით, თითის გაყოლებით “კითხულობდა” და “კითხულობდა”. მართალია ყველა ასო - არა,
მაგრამ რამდენიმე იცის. იცის თავისი და თავისი ძმის სახელების დაწერაც. კითხულობს,
მართლა კითხულობს საყვარელი წიგნებისა და ფილმების სათაურებს, სხვადასხვა წარწერას
პროდუქტებზე, ნაცნობ წარწერებს ქუჩაში, მეტროში...
...თავი
დავანებოთ სესესა და ეკას. მგონი, გასაგებია, თუ რატომ შევაწუხეთ ისინი ჩვენი წერილისთვის.
ხომ უხერხულია, ეკას მასწავლებელმა, ლამზირამ, კითხვისა და წერის სწავლა ისევე დააწყებინოს
თავის მოსწავლეებს, როგორც სესეს დააწყებინა იასე მასწავლებელმა?!
...100-150
წლის წინ მასწავლებელთა კვალიფიკაცია არ იყო ბრწყინვალე. არც სკოლათა მოწყობილობით
გვქონდა საქმე საამაყოდ. შესაბამისად, თუკი 1876 წელს ან 1912 წელს გამოცემული “დედა
ენის” მიხედვით შევადგენთ დღევანდელი პირველკლასელებისთვის ქართულის სახელმძღვანელოებს,
წერილის დასაწყისში გახსენებული, ღრუბლით დასაპალნებული ვირის როლში აღმოვჩნდებით...
ხომ არ შეიძლება, მე-12 საუკუნის რესურსებით ვაწარმოოთ საბრძოლო მოქმედებები ახლაც?!
დღეს რომ დავით აღმაშენებლი გავაცოცხლოთ, ცხენებითა და ხმლებით შეაიარაღებდა თავის
მხედრებს?! როგორც დიდგორია ქართული საბრძოლო ხელოვნების გვირგვინი, ასევე “დედაენაა”
ქართული საგანმანათლებლო ხელოვნების სამკაული. და წარმოიდგინეთ, 2008 წლის შინდისის
ბრძოლის დროს ჩვენი გმირი ოცეული რუს აგრესორებს დახვედროდა ხმლითა და ცხენებით. ისინი
ხომ ერთი ავტომატის ჯერით გახდებოდნენ რუსი კაციჭამიის მსხვერპლნი? ჩვენც, როდესაც
სახელმძღვანელოს შედგენას ვაპირებთ, სწორი პარალელი უნდა გავავლოთ სიტუაციებში და არასწორი,
დამღუპველი ტრანსფერი არ უნდა განვახორციელოთ.
მოკლედ და
მკაფიოდ, გადაჭრით და პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა განვაცხადოთ: კითხვის იმავე
რესურსითა და მიდგომით სწავლება დღეს, როგორც ასწავლიდნენ საუკუნის წინათ, აღარ შეიძლება.
იაკობის პედაგოგიკური ნაშრომები მოითხოვს, რომ საანბანე წიგნი იყოს მოსწავლის ინტერესებზე
მორგებული, ერთი მხრივ, თანამედროვე მეთოდიკის შესაბამისი, “გაუკეთესებული”, მეორე
მხრივ. შესაბამისად, 1912 წლის გამოცემის მიხდვით შედგენილი სახელმძღვანელო იქნება
იაკობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული, მათი ღალატი. მეტიც, იაკობი თავისივე სახელმძღვანელოთი
იყო უკმაყოფილო, რადგან მას იძულებით არგებდა მაშინდელი მასწავლებლების კვალიფიკაციისთვის,
რაც, რა დასამალია, “მტკნარი უხეირობით” ხასიათდებოდა. ჯერ კიდევ 1876 წელს იაკობ გოგებაშვილი
წერდა: “ჩვენი ანბანი არის შედგენილი ანალიტიკურ-სინტეტიურ მეთოდზედ (ეს მეთოდი იაკობ
გოგებაშვილის შექმნილი არაა. ამ მეთოდით ისწავლებოდა კითხვა იმდროინდელ პროგრესულ მსოფლიოში.
იაკობი მას “ზოლოტოვის მეთოდს” უწოდებს.)... რადგანაც სპეციალისტები მაინც თითქმის
არ მოიპოვებიან ჩვენ ხალხურ შკოლებში მასწავლებლებათა, ამიტომ ამ ანბანის მეთოდი უნდა
მიგვეყვანა სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის (ხაზს ვუსვამ, - გ. ჭ.). ამ შემთხვევაში
ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ ჰაზრით, რომ ხარისხი მეთოდის სარგებლობისა პირდაპირ დამოკიდებულია
მის მარჯვეთ მოხმარების სიადვილეზედ და უკეთესი მეთოდი უარესზედ მავნებელია და გადამრევი
ბავშვების გონებისათვის, თუ მისი ხეირიანათ მოხმარება შეუძლებელია სპეციალურათ მოუმზადებელ
მასწავლებელთათვის.” (გოგებაშვილი, ი.
1876)
ეს ნიშნავს
იმას, რომ იაკობის “დედაენები”, იაკობისვე სამწუხაროდ, უმარტივესადაა შედგენილი, რადგან
სხვა შემთხვევაში მასწავლებლები ვერ ასწავლიდნენ და ბავშვებს “გადარევდნენ”.
...მაინც
რა არის გოგებაშვილის “დედაენა” - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ
გოგებაშვილისეული მეთოდი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს აზრით? რას
მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013
წლის 12 მარტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 03/43 ბრძანებით? რას განესაზღვრა
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია 2014 წლის 14 აპრილის საქართველოს მთავრობის
295-ე დადგენილებით? რის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოს პარლამენტის წევრები
ძეგლისთვის საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით? (სიმართლე რომ ვთქვათ, ჯერ
კიდევ 2017 წელს გამოაცხადა მინისტრმა ჯეჯელავამ კონკურსი გოგებაშვილის მეთოდით
სახელმძღვანელოს შედგენაზე, თუმცა კონკურსს შედეგები არ მოჰყოლია.) ვნახოთ, რა წერია
იმ სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ახლავს კულტურის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს/ძეგლს“ და რომელიც შედგენილია
პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარის მიერ.
სააღრიცხვო ბარათის შინაარსი წარმოდგენილია შემოკლებით და ამის მიხედვით:
· ”დედაენის” - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს - შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი
უნიკალურია და ქართული ენის ბუნებაზე ზუსტად მორგებული.
· იგი ითვალისწინებს ქართული წერა-კითხვის თანდათანობით და
ძალდაუტანებლად სწავლებას მარტივიდან რთულისაკენ, ნაცნობიდან უცნობისაკენ.
· უმთავრესი, რასაც ი. გოგებაშვილისეული მეთოდი ემყარება, ესაა
პირველი საანბანე სიტყვა "ია".
· ყოველი ახალი საანბანე სიტყვა არის ბავშვისათვის კარგად ნაცნობი
საგნის აღმნიშვნელი; ესთეტიკურად მიმზიდველი; ამასთანავე იოლად დასახატავი.
· ყოველ მომდევნო გაკვეთილზე შემოტანილი ახალი ასო გრაფიკულად
სიახლოვეს ავლენს წინა ასოსთან (ა, ი და თ...).
· საანბანე სიტყვა არის იოლად დასამარცვლი და ახალი ასო -
მარცვლიდან მარტივად გამოსაყოფი (შეძლებისდაგვარად საანბანე სიტყვაში
თანხმოვანკომპლექსისგანაც თავისუფალია). ამ პრინციპით აიგო "დედაენის"
მეორე და მომდევნო გაკვეთილები (თითი, საათი, თხა, თოხი, ხე, უთო, ძუა...).
· ყველა სიტყვა არის საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გაზრდილი
ბავშვისთვის ნაცნობი ან იოლად შესაცნობი.
· მეორე საანბანე გაკვეთილიდან მოყოლებული ყოველ ახალ გაკვეთილზე
ხდება თითო ასოს გაცნობა. ძირითადი პრინციპი ასეთია: "ერთ გაკვეთილზე - ერთი
სიძნელე".
· უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოთა სწავლების
თანამიმდევრობას. მაგალითად, "დედა ენაში" ჯერ კ (სოკო) ისწავლება, მერე
- ვ (იხვი). ი. გოგებაშვილი განმარტავს: არ შეიძლება მათი ადგილების გაცვლა (თავის
ოპონენტებს უხსნის), "ჯერ იმიტომ, რომ მასვე გაებუტება გენეტური მეთოდი,
რადგანაც რთული ასო წინ მოექცევა უფრო მარტივსა, რომელიც პირველის ელემენტს
შეადგენს, მერმე იმიტომ, კ მკაფიოდ გამოთქმისათვის ბევრად ადვილია ვ-ზე და
ადვილადვე უერთდება, უკავშირდება ყოველს გვარს ასოსა, კითხვის პროცესს
აადვილებს".
· ასოთა სწავლების თანამიმდევრობის მთავარი პრინციპი არის:
ბგერათა გამოთქმის სიადვილე-სიძნელე (მარტივიდან რთულისაკენ); ბგერათა რაგვარობა;
ბგერათა სინტაგმატური თვისებები; ბგერათა გამოყენების სიხშირე; რამდენად ცნობილი
საგნის დასახელებაში შედის ესა თუ ის ბგერა და ეს საგანი დასახატავად რამდენად
მოხერხებულია; როგორია ამ ბგერის შესაბამისი ასოს გრაფიკული მოხაზულობა.
· საანბანე წიგნი უნდა იყოს "ენობრივი სახელმძღვანელო".
ეს სახელმძღვანელო ისე უნდა აიგოს, რომ არა მარტო შეასწავლოს, არამედ უნდა
შეაყვაროს ბავშვს მშობლიური ენა. "აქ ყოველი ახალი სიტყვა აუცილებლად უნდა
იყოს გამეორებული შემდეგ გაკვეთილებში რამდენჯერმე, რათა ღრმად ჩაებეჭდოს ბავშვს
მეხსიერებაში".
· "სახელმძღვანელო უნდა იყოს უშეცდომო." უმნიშვნელო
შეცდომა საანბანე სახელმძღვანელოსთვის არ არსებობს; "ისე საჭირო არასდროს არ
არის ამ კანონის დაცვა, როგორც სწავლის დასაწყისში" (ი. გოგებაშვილი).
· სახელმძღვანელო უნდა გამოირჩეოდეს "წერის მასალის
სიმდიდრით, ღირსებით; ელემენტარული იდეალების რაოდენობით... უნდა იყოს
სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს იქითა
და აქეთა საქართველოისას; საერო და სამრევლო სკოლებისას ერთად, უნდა დაეხმაროს
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების გაერთიანებას" (ი. გოგებაშვილი).
· საანბანე სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიექცეს წიგნის საერთო ტექნიკურ მხარეს: შრიფტების ზომას, შრიფტების მონაცვლეობას,
ინტერვალსაც კი ასოსა და ასოს შორის, სიტყვასა და სიტყვას შორის, სტრიქონსა და
სტრიქონს შორის; სათაურს, ქვესათაურსა და ტექსტს შორის.
· აუცილებელია საგანგებო ყურადღება მიექცეს წერის ტექნიკას,
კალიგრაფიას, ასოების გამოყვანის პრინციპს; ტრადიციული "სწორე, პირდაპირი,
მართებული" წერის უპირატესობის დასაბუთებას "ირიბ, დახრილ"
წერასთან შედარებით.
· ზნეობრივ-ეთიკური პრინციპები უნდა იყოს დაცული საანბანე
სახელმძღვანელოს შედგენისას, რადგანაც "ეთიკა, სპეტაკი ზნე საძირკველია
ხალხის არსებობისა, სიმტკიცისა, კეთილდღეობისა" (ი. გოგებაშვილი).
ეს ვრცელი
ციტატა არამატერიალურ ძეგლად გამოცხადებული “დედაენის” სააღრიცხვო ბარათიდან დაგვეხმარება
მასწავლებლებსა და სახელმძღვანელოს ავტორებს, რათა ბოლომდე გავაცნობიეროთ, რა იგულისხმება
“გოგებაშვილის მეთოდში”. მაგრამ მხოლოდ ასე, - 1876 – 1912 წლების დედაენების ანალიზით,
- ჩვენ ვერ დავადგენთ გოგებაშილის სტრატეგიას. ჩვენ საფუძლიანად უნდა შევისწავლოთ იაკობის
პედაგოგიკური წერილები. აუცილებელია, რომ მინისტრის მიერ შექმნილმა კომისიამ თუ ახალი
სახელმძღვანელოს შემდგენმა ექსპერტთა კოლეგიამ აგრეთვე გაითვალისწინოს გოგებაშვილის
ჭეშმარიტი პედაგოგიკური პრინციპები და სულისკვეთება, რაც, სამწუხაროდ (განმეორებით
ვუსვამ ხაზს), ვერ აისახა სრულად მის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებში მაშინდელი მასწავლებლების
უდაბლესი კვალიფიკაციის გამო. ავტორმა ხომ იძულებით დაიყვანა თავისი დედაენა “სიადვილის
უკანასკნელ ხარისხამდის.” სრულიად ნათელია, რომ დღეს იაკობი თავის დედაენას ააგებდა
იმავე “ანალიტიკურ-სინტეტიური” მეთოდით, ოღონდ არამც და არამც არ დაიყვანდა მას “სიადვილის
უკანასკნელ ხარისხამდის” (ამ სიტყვების წაკითხვისას სრულიად კონკრეტული ტერმინი მადგება
ენის წვერზე...). კითხვის სწავლების “არაადვილი” ანუ სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური
მეთოდი დღეს საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია - მის დანერგვას წლების განმავლობაში
ახორციელებდა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი - G-PriEd და მისი წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი
პაატა პაპავა. შესაბამისად, დღევანდელ მასწავლებლებშიც საკმაო მზაობაა, რათა გოგებაშვილის
ოცნება ასრულდეს და მისეული, მისთვის საოცნებო დედა ენა ეღირსოს ქართველ პირველკლასელებს.
ადვილი მისახვედრია, რომ ზემოთ აღწერილ “გოგებაშილის მეთოდში”, რომელიც სააღრიცხვო
ბარათის მიხედვითაა მოტანილი ანუ ოფიციალური დოკუმენტია, არაა სრულად ასახული გოგებაშვილის
პრინციპები და სულისკვეთება. ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია სწორედ იმ კომისიის მიერ,
რომელიც მომავალში უნდა შეიქმნას.
ამ პროცესს
საკმაო მუშაობა სჭირდება. აჩქარება, სექმტემბრამდე “მოსწრება” დამღუპველი იქნება ხარისხისთვის.
თუკი მარტივად მივუდგებით საქმეს და 1912 წლის გამოცემაში სიტყვებსა და ენობრივ კონსტურქციებს
თანამედროვე სიტყვებითა კონსტრუქციებით შევცვლით, იმდროინდელ სურათებს გავაფერადებთ
და მეტი არაფერი, მაშინ გოგებაშვილის პრინციპებს კი არ შემოვიტანთ ახალ სახელმძღვანელოში,
არამედ იაკობისდროინდელი არაპროფესიონალი მასწავლებლების ტყვეობაში აღმოვჩნდებით. რა
დასამალია და, სულაც არ იქნება ასეთი ვარიანტი მოულოდნელი, რადგანაც “დედაენის მიხედვით”
აქამდე არსებული სახელმძღვანელოები სწორედ ასე, - არქაიზმებისა და შავ-თეთრი სურათების
გაფერადებით, - არის შედგენილი. ასეთი “გოგებაშვილის დედაენები” ბევრჯერ “დაუბრუნებიათ”
სკოლებში, იქნებოდა ეს 40-იან წლებში, თუ სულ ბოლოს - 2011 წელს.
ახალ კომისიას
(სახელმძღვამნელოს ავტორს/ავტორთა ჯგუფს) ბევრ შეკითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი,
რომელთაგან ძირითადი იქნება:
·
როგორ ააგებდა თავის დედაენას იაკობი დღეს?
·
როგორ ჩავაშენოთ 1876-1925 წლების დედაენების ტექსტები
და სიტყვებიც კი ახალ სახელმძღვანელოში?
·
რა თანმიმდვერობით და როგორ შემოვიტანოთ ასო-ბგერები
ახალ სახელმძღვანელოში? (პირადად მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას 1912 წლის ვარიანტის
თანმიმდევრობაში. თუმცა, არც მისი დარღევა მიმაჩნია ტრაგედიად, რადგან გოგებაშვილი
დღეს ამას ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა.)
·
როგორი საანბანე ტექსტები დავწეროთ სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური
მეთოდით კითხვის სწავლების მიზნით, რათა ბავშვები “არ მიეჩვივნონ უაზრო, მეხანიკურ
კითხვასა”?
·
როგორ ჩავნერგოთ ახალ სახელმძღვანელოში თანამედროვე
ტექნოლოგიები?
ვიცი, ერთი
საკითხიც უნდა გამეტანა კითხვის ნიშნით წინა ჩამონათვალში, მაგრამ გავკადნიერდები და
დადასტურებულად იაკობისეულ თეზისად გამოვიტან, რომ: არაა აუცილებელი საანბანე მიკროტექსტებში
გამოყენებული იყოს მხოლოდ უკვე ათვისებული და “ნასწავლი” ასო-ბგერები (ხმა-ასოები,
როგორც იაკობი უწოდებდა). იმისათვის, რათა ილუსტრირებული საანბანე მიკროტექსტი იყოს
საინტერესო ამბავი, აუცილებელია “არანასწავლი” ასოების გამოყენებაც. ეს არ დააბრკოლებს
ბავშვს წაკითხვისას, თუკი სათანადოდ აღვჭურავთ კითხვის ეფექტური სტრატეგიებით (და ასო-ასო
დეკოდირების გარდა რსებობს სხვა ფრიად ეფექტური სტრატეგიები.). აქვე გავიხსენოთ, რომ
ასეთი საანბანე ტექსტები შეიმუშავა ნახსენები დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd - ჯიპრაიდი)
ავტორთა ჯგუფმა თამარ ჭანტურიას მეთაურობით და ამ ტექსტების ადაპტირებულ თუ ორიგინალურ
ვერსიებს ერთობ წარმატებითა და ხალისით იყენებენ საქმეში ჩახედული პროფესიონალი მასწავლებლები,
შემოქმედებითად გამოიეყენა ერთ-ერთი გამომცემლობის საავტორო ჯგუფმაც. ღრმად ვარ დარწმუნებული,
რომ სწორედ ასეთი მიდგომაა იაკობისეული სულისკვეთება და ამაში ადვილად დარწმუნდება
ყველა, ვინც სიღრმისეულად იცნობს იაკობის პედაგოგიკურ ნაშრომებს, ერთი მხრივ, კითხვისა
და წერის თანამედროვე მიდგომებს, მეორე მხრივ.
უფრო მეტი
სიცხადის შემოსატანად კარგი იქნება, თვალი გადავავლოთ დღეისათვის არსებულ დედაენებს
(პირველი კლასის საანბანო სახელმძღვანელოები):
1.
იაკობის 1876-1925 წწ-ის დედაენები (1925 წელს შეწყვიტეს
დედაენის გამოცემა და დაიწყეს კითხვის ე. წ. ბარათებით/პლაკატებით სწავლება. 1940-იან
წლებში კვლავ შემოიღეს იაკობის მიხედვით შემუშავებული ე. წ. “საბჭოთა დედაენა”, რომელსაც
მესამე ჯგუფში გავაერთიანებ.)
2.
ე. წ. გოგებაშვილის მემკვიდრეების დედაენა. ისინი პრეტენზიას
აცხადებენ, რომ ყველაზე უკეთ მათ “ესმით” გოგებაშვილის და მხოლოდ მათ უნდა გამოიყენონ
სახელი “დედა ენა”. ისინი ილუსტრაციების დონეზეც კი სკრუპულოზურად მიჰყვებიან 1912
წლის გამოცემას და მომხრე არიან, რომ მხოლოდ ლექსიკური საჭიროებების მიხედვით შევიდეს
ცვლილებები დედაენაში. იგივე უნდა დარჩეს აიიათი დაწყება, ასოთა შემოტანის თანმიმდევრობა
და საანბანე ტექსტებში უცნობი ასოების დაუშვებლობის პრინციპი, რომელსაც ისინი გოგებაშვილისეულს უწოდებენ
(ღრმად მჯერა, რომ გოგებაშვილი სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც “სიადვილის უკანასკნელ
ხარისხზე” საუბრობდა. მაშინდელი მასწავლებლების დისკვალიფიკაციის გამო იყო იაკობი იძულებული
ამ პრინციპით - უცნობი ასოების გარეშე - შეედგინა საანბანე ტექსტები. ამიტომაც ესენი
არც არის სრულფასოვანი ტექსტები. მაგალითად, “ბადე დაება. საბანი დაიხურე. აბგა დაიხა.
ბებერი ლობიოთი გაძღა..”). “მემკვიდრეთა” ერთ-ერთი პრინციპია, აგრეთვე, ანალიზის დაწყება
სიტყვით: თითი, საათი და ა. შ. (არც ეს არაა გოგებაშვილისთვის შეუცვლელი მოთხოვნა და
რამდენიმეგან იგი ანალიზს იწყებს წინადადებიდან. ანუ მასწავლებლების კვალიფიკაციის
გათვალისწინებით “სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის” დაყვანილ სახელმძღვანელოშიც კი
ანალიზურ მიდგომას წინადადებისგან იწყებს.). პირობითად, ამ ჯგუფებს (სრულიად შესაძლებელია,
რამდენიმე ჯგუფი იყოს, რადგან თუკი ერთი ადამიანი განაცხადებს, გოგებაშვილის მე მესმის
ყველაზე უკეთო, სხვაც გამოჩნდება ასეთი.) ვუწოდოთ გოგოლაშვილის ხაზი.
3.
მესამე ჯგუფის
დედაენები ცოტა უფრო გათავისუფლებულია მემკვიდრეობითობისგან და ისინი მხოლოდ “გოგებაშვილის
მიხედვით” ჩემულობენ სახელმძღვანელოს შედგენას. აქედან გამომდინარე, არ ერიდებიან გარკვეულ
შემთხვევაში ასოთა თანმიმდევრობის შეცვლასაც კი. თუმცა, ძირითადი პრინციპები (აი ია,
არცერთი უცნობი ასო საანბანე ტექსტში, ასოთა თანმიმდევრობა უმრავლესად) დაცულია. შესაძლოა,
ასეთ ჯგუფებს ვუწოდოთ რამიშვილის ხაზი. (აქ და სხვა ჯგუფების დედაენებში გამოყენებულია
საინტერესო, ორიგინალური მხატვრობა, რაც ცალკე საკვლევი და სამუზეუმო თემაა.)
4.
მეოთხე ჯგუფში შევიყვანოთ განსხვავებული დედაენები,
რომლებიც არ მისდევენ გოგებაშვილის დედაენებს. კერძოდ, ანბანს არც აიიათი იწყებენ,
არც ასოთა 1912 წლის თანმიმდევრობას მიჰყვებიან, სიტყვებიც განსხვავებული შემოაქვთ,
სიტყვებსა და წინადადებებში იყენებენ უცნობ ასოებსაც, კითხვის სტრატეგიად დასაწყისშივე
შემოაქვთ მთლიანი სიტყვების ამოკითხვის მეთოდი. ასეთ ჯგუფებს ვუწოდოთ როდონაიას ხაზი.
5. მეხუთე ჯგუფში მოვათავსოთ დედაენები, სადაც ასოები შემოდის
განსხვავებული თანმიმდევრობითა და პრინციპებით, გამოყენებულია საინტერესო ილუსტრაციები
საწყის ეტაპზე მინიმალისტური ტექსტებით. ტექსტებში არაა გამოყენებული უცნობი ასოები.
ამ ჯგუფს ვუწოდოთ სულაკაურის ხაზი.
6. მეექვსე ჯგუფში შევიყვანოთ დედაენა, რომელშიც გამოყენებულია
ჯიპრაიდში (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი - G-PriEd, 2011-2017 წწ.) ჭანტურიას ჯგუფის მიერ შექმნილი საანბანე ტექსტები.
ამ ტექსტებში აქტიურადაა გამოყენებული სამიზნე ასო-ბგერა, გადმოცემულია საინტერესო
ამბავი და გვხდება უცნობი ასოებიც. ამ ჯგუფს ვუწოდოთ ჭანტურიას ხაზი.
7. მეშვიდე ჯგუფში შევიყვანოთ დედაენები, რომლებშიც ავტორები
მეტ-ნაკლებად მიჰყვებიან 1912 წლის ჩარჩოს, მაგრამ თავისუფლად შემოაქვთ საკუთარი საავტორო
ტექსტები, - და ეს გამოარჩევს სხვებისგან, - რომელშიც ზღუდავენ უცნობი ასოების გამოყენებას.
შესაბამისად, ტექსტებიც არ ხასიათება შინაარსობრივი და ნარატიული სიღრმით. ამ ჯგუფს
ვუწოდოთ კუპრავას ხაზი.
8.
მერვე ჯგუფი მივანიჭოთ ისეთ დედაენებს, რომლებშიც მიმზიდველ
ილუსტრაციებზე დაყრდნობით შემოაქვთ ტექსტები, სადაც უცნობი ასოები კი არის მინიმალურად
გამოყენებული, მაგრამ დაბურულია და არ ჩანს ეს უცნობი ასოები. ამ ჯგუფს ვუწოდოთ დაბურული
უცნობი ასოების ხაზი.
9. მეცხრე ჯგუფში შევიყვანოთ ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც
სახელმძღვანელო ჯერჯერობით სულაც არ არის შექმნილი. ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ მთავარია
პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც სათანადო მიდგომებით აღჭურვილი ეფექტურად და ხალისით
წარმართავს კითხვის სწავლებას ნებისმიერი რესურსის (ილუსტრაცია, სიმღერა, სახელმძღვანელოს
ტექსტი, ელექტრონული ტექსტი, სათამაშო, თოჯინა, პიესა, კლიპი...) გამოყენებით. ამ ჯგუფს,
რომელიც ჩემი ღრმა რწმენით იაკობ გოგებაშვილის დაფუძნებულია, ვუწოდოთ პაპავას ხაზი.
ცხადია ეს
დაჯგუფებები პირობითია და კიდევ ითხოვს კვლევა-შესწავლას. უბრალოდ, შეკითხვა მინდა
დავსვა: გინახავთ ბავშვი, რომელსაც კითხვა იმის გამო ვერ ესწავლოს, რომ რომელიმე ზემოთ
აღწერილი წიგნით ასწავლეს?! ცხადია, არ გინახავთ. მეტიც, არ გინახავთ ბავშვი, რომელსაც
კითხვა არ სცოდნოდეს. ანუ კითხვას ბავშვები მაინც სწავლობენ. მე რომ ვინმემ მკითხოს,
კითხვა იმდენად მოთხოვნადი კომპეტენციაა, რომც არ ვასწავლოთ, მაინც შემოესწავლებათ
ბავშვებს. მაშინ რატომ არის ასეთი პრინციპული და საყოველთაო საკითხი, როგორ წარვმართავთ
ანბანის ათვისების სამთვიან პერიოდს?! არადა, მეტად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, საბედისწეროდ
მნიშვნელოვანიც. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი უწიგნურობა იმიტომაცაა
გამეფებული, რომ ამ სამთვიან პერიოდში არ ხდება ისეთი რამეები, რაც უნდა ხდებოდეს,
რაც იაკობს გაუხარდებოდა და რაც არის გოგებაშვილის მიდგომა და სულისკვეთება. რა ხდება
ამის ნაცვლად? რა და, ექვსი წლის ბავშვს, რომელიც ოცნებობს ლამაზი და საინტერესო წიგნების
დამოუკიდებლად წაკითხვაზე, “აღმოვაჩენინებთ”, რომ კითხვა ყოფილა ისეთი რამეების კითხვა,
როგორიც მის დედაენაშია. და რა არის დედაენაში? გადაშალეთ ნებისმიერი ახლანდელი გრიფირებული
სახელმძღვანელო და წაიკითხეთ ნებისმიერი საანბანო ტექსტი. ცხადია, თქვენ იქიდან აზრს
ვერ გამოიტანთ. ანდა, ძებნა რომ არ დაიწყოთ, თქვენი პირველი კლასის დედაენის საანბანე
ტექსტები გაიხსენეთ. პრინციპში, ვერც გაიხსენებთ. თუ მიანცდამაინც: “გოშია ავია. კამეჩი
ღონიერია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ...” ახლა ბავშვის იმედგაცრუება წარმოიდგინეთ. ან თქვენი
გაუცნობიერებელი იმედგაცრუება გაიხსენეთ და გაზომეთ ამ იმდეგაცრუების გავლენის ხარისხი
მომავალი ეფექტური მკითხველის ჩამოყალიბების გზაზე.
შევაჯამოთ
და აღვნიშნოთ, რომ როდესაც ზემოთ აღწერილი მეცხრე ჯგუფის მხარდამჭერები მომრავლდებიან,
როდესაც მასწავლებლები თავისუფლად, შემოქმედებითად დაარღვევენ ვიღაცის (სამინისტროს,
ექსპერტთა კოლეგიის, სახელმძღვანელოს ავტორის, სასკოლო კათედრის, საოლქო მმოსავთა საბჭოს...)
მიერ წინასწარ გაწერილ სქემას, მაშინ და მხოლოდ მაშინ იქნება რეალიზებული იაკობ გოგებაშვილის
დაუწერელი დედაენის სულისკვეთება. ასეთი სულისკვეთების მასწავლებელი საანბანო პერიოდის ერთ კონკრეტულ დღეს პირველკალსელებს
ახალ შესასწავლ ასოდ შესთავაზებს ასო-ბგერა “ჭ”-ს იმიტომ კი არა, რომ სახელმძღვანელოთი
ან თემატური გეგმით უწევდათ ასე, არამედ მხოლოდდამხოლოდ
იმიტომ, რომ მისი პირველკლასელები დასვენებაზე სკოლის ეზოში ჭიანჭველების ბუდეს გადააწყდნენ
და საკლასო ოთახში დაბრუნებულები მთელი აჟიტირებით ჰყვებოდნენ ამის შესახებ. მასწავლებელმაც
არად ჩააგდო გეგმით გათვალისწინებული ასახსნელი ასო-ბგერა “გ” (დავუშვათ, “გ” უწევდათ.),
“ჭ”-ს სწავლება განიზრახა “დარღვევით” და აღტყინებულ ბავშვებს შეეკითხა:
- გინდათ,
დავწეროთ ჭიანჭველების შესახებ?
- გვინდა,
გვინდა!..
ჯერ ზეპირად
ერთად მოხაზავენ დასაწერ მიკროტექსტს (რომ ეზოში ჭიანჭველების ბუდე ნახეს, რომ ჭიანჭველები...
ჭაიანჭველებმა... ჭაინჭველებს...), შემდეგ მასწავლებელი დაფაზე მოსწავლეების კარნახით
დაწერს წინადადებებს, ზოგიერთ ასოსა და სიტყვას მოსწავლეებსაც დააწერინებს (დაფას თუ
ვერ მისწვდებიან, სკამს მიიდგამენ.)... რასაკვირველია ამის შემდეგ ივარჯიშებენ დაწერილი
ტექსტის წაკითხვაში და რასაკვირველია დიდ ყურადღებას მიაქცევენ ახალ ასობ-ბგერა “ჭ”-ს.
როგორ ფიქრობთ, რას იტყვის შინდაბრუნებული პირველკლასელი ბავშვი? ქართულის გაკვეთილზე
ახალი “ჭ” ასო-ბგერა გვასწავლა მასწავლებელმაო?! არა.
- იცი, დე,
დღეს სკოლაში ჭაინჭველებზე მოთხრობა დავწერეთ! - იტყვის იგი და მართალიც იქნება.
...მაგრამ
მანამდე სამინისტროს დიდი საქმე აქვს: კომისია უნდა შექმნას და გოგებაშვილის დედაენასთან
ყველაზე მეტად მიახლოებული დედაენა უნდა დაწეროს. წარმატება მას ამ, თავისთავად საინტერესო,
საქმეში - ბოლობოლო, ძეგლის სტატუსი მხოლოდ საანბანე ნაწილს აქვს ამ დედაენისას, სახელმძღვანელოში
კი ეს ნაკვეთი ოდენ ერთი მესამედია. უმეტესი ნაწილი კი წინასაანბანო და ანბანისშემდგომ
საკითხავებს უნდა დაეთმოს აკი!
P. S. წარმოიდგინეთ,
სტომატოლოგი ხართ და თქვენთან მოვიდა 1912 წლის დედაენის სკოლაში შეტანის მოსურნე პაციენტი
საშინელის კბილის ტკივილით.
თქვენ უნდა
აიღოთ “აკარკარა და პილპილი და მური და აფიონი და თახუის ყუერი და ზაფრანი თანაბარი
რაოდენობით და შთატენოთ მტკივანს მას ადგილსა” (ციტირება არაზუსტია.). ზოგჯერ სურვილი
ჩნდება, საქმეში ჩაუხედავს, დემაგოგსა და ფსევდოპატრიოტს კბილის ტკივილის დროს ზაზა
ფანასკერტელი-ციციშვილის, ამ უდიდესი წამალთმცოდნის, ზემოციტირებული რეცეპტით ვუმკურნალოთ.