Wednesday, 31 January 2018

გაკვეთილის გეგმა პირველ კლასში და მისივე რეფლექსია

 I კლასი, ქართული, როგორც მეორე ენა, საწყისი დონე - A0 

ზამთარი 

მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ფონოლოგიური უნარების (დამარცვლა, ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის იდენტიფიცირება...) განვითარება, მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარის განვითარება, ახალი სიტყვების მიკროსიმღერაში გამოყენება.

სტანდარტთან შესაბამისობა: 

ქ.მ.დაწყ.(I).5. 
ცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერები, ნასწავლი სიტყვები, მარტივი ფრაზები, ენის გასატეხები; 
ავლენს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს; 
ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკა-ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს); 

გამჭოლი მიზნები: მოსმენისა და მეტყველების საწყისი ელემენტების გამომუშავება. 

გამოყენებული მეთოდები: სრული ფიზიკური რეაქცია, სიტყვის ბარათები, თემატური პოსტერი. 

გასააქტიურებელი ლექსიკა: ზამთარი, თოვლი, თოვლის ბაბუა, ციგა, გუნდა, თოვლის გუნდა, ფიფქი, ფიფქები. 

გამოყენებული რესურსი: თემატური პოსტერი “ზამთარი”, სიტყვის ბარათები, რვეულები, კლამები, ფანქრები, პიანინო. 

მსვლელობა: 

(აქტივობების ჩამონათვალი აჭარბებს 35 წთ-ს. მათი ამოღება ან შემოკლება გადაწყდება უშუალოდ გაკვეთილის დროს. აქტივობის ნომრის შემდეგ გამუქებული ასოებით ამ აქტივობის მიზანი წერია.) 

აქტივობა 1. გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა, სიის ამოკითხვა სახელების ბარათების გამოყენებით და მასზე დაფუძნებული ფონოლოგიური ვარჯიში – 5 წთ. 

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების პრინციპებს: - დღეს ჩვენ ვისწავლით ერთ პატარა სიმღერას და ვიმღერებთ პიანინოზე. გინდათ? ასევე ვისწავლით რამდენიმე ახალ სიტყვას, ვივარჯიშებთ ამ სიტყვებზე და წავიკითხავთ ამ სიტყვებს. უნდა ვიაქტიუროთ, ვილაპარაკოთ, ყურადღებით მოვუსმინოთ, წავიკითხოთ სიტყვები... შემდეგ ამოიღებს მოსწავლეთა სახელების ბარათებს და ვარჯიშობენ ბგერებად წარმოთქმული სიტყვების გაერთიანებაზე და თან აჩვენებს ამ ბარათებს. ან/და ასახელებს პირველ ბგერას და მოსავლეებმა უნდა გამოიცნონ, რომელი მოსწავლეა (ან პირველ ორ ბგერას.) 

აქტივობა 2. წელიწადის დროების ჩამოთვლა; რომელი უფრო უყვართ?–2 წთ. 

მასწავლებელი აჩვენებს პოსტერს, რომელზეც წელიწადის ოთხივე დროა და ჩამოთვლიან მათ. იმეორებენ, დამარცვლიან. შემდეგ ეკითხება რამდენიმე მოსწავლეს: - ზამთარი უფრო გიყვარს თუ გაზაფხული? - ზაფხული უფრო გიყავრს თუ შემოდგომა? ყველაზე ძალიან რომელი გიყვართ? ამის შემდეგ შემოაქვს დახურული პოსტერი და კითხულობს, რომელი სეზონი იქნება ამ პოსტერზე? გაზაფხული? ზაფხული? შემდეგ შლის ზამთრის პოსტერს და აკრავს დაფაზე. 

აქტივობა 3. პოსტერზე ინტერაქცია. – 8 წთ. 

- რა არის ეს? ეს არის ზამთარი. ზამთარი? დიახ. ეს ზამთარია? დიახ ეს ზამთარია. ეს გაზაფხულია? არა ეს ზამთარია. აბა დავმარცვლოთ: ზამ-თა-რი. რომელია პირველი ბგერა, ბავშვებო? ზ-ზ-ზ-ზ-ზ. 

- ეს რა არის? - ამავე პრინციპით მიმდინარეობს ინტერაქცია შემდეგ საგნებსა და ნივთებზე: ბავშვი, სახლი, ციგა, გუნდა, თოვლის ბაბუა. (დრო დამოკიდებულია საჭროებაზე.) - რამდენი ბავშვია პოსტერზე? რამდენი სახლია? რამდენი ციგაა? 

ქტივობა 4. ზეპირმეტყველება პოსტერზე. – 5 წთ. 

მასწავლებელი იძახებს რამდენიმე მოსწავლეს ჯგუფ-ჯგუფად და აღწერენ პოსტერს მოდელის მიხედვით (ეს შეიძლება გაკეთდეს VII აქტივობის დროს, როცა სხვები ხატავენ). 
- ეს არის ციგა. ეს არის გუნდა. ეს არის თოვლის ბაბუა. (ეს სამიზნე სიმღერის ტექსტია.) 

აქტივობა 5. სრული ფიზიკური რეაქცია - მოსმენის უნარის ვარჯიში – 5 წთ. 

- თუ ეს ზამთარია, ბიჭები ადგნენ ფეხზე... 

თუ ეს თოვლია, გოგონები ადგნენ ფეხზე...

ამის შემდეგ ბაშვები ასახიერებენ გუნდაობას, სრიალს... 

აქტივობა 6. სიტყვის ბარათების წაკითხვა. – 3 წთ. 

მასწავლებელი დაფაზე აკრავს სიტყვის ბარათებს და ვარჯიშობენ მათს წაკითხვაში. (იხ. დანართი) 

აქტივობა 7. პოსტერის გადახატვა და სიტყვების გადაწერა. – 5 წთ. 

ბავშვები ხატავენ პატარა რვეულებში პოსტერს და გადაწერენ რამდენიმე დაფაზე გაკრულ (დაწერილ) სიტყვას. 

აქტივობა 8. სიმღერის შეთხზვა და მღერა ფორტეპიანოს აკომპანიმენტით - 2 წთ. 

მასწავლებელ-მოსწავლეები თხზავენ მიკროტექსტს, რომელზეც ასრულებენ სიმღერას: 

ეს არის ციგა, ეს არის გუნდა, 
ეს არის თოვლის ბაბუა. – 2-ჯერ 
ზამთარი... ზამთარი... ზამთარი... 
ზამთარი... ზამთარი... ზამთარი... 
ჩვენ გვიყვარს ციგა, ჩვენ გვიყვარს გუნდა, 
ჩვენ გვიყვარს თოვლის ბაბუა. – 2-ჯერ 
ზამთარი... ზამთარი... ზამთარი... 
ზამთარი... ზამთარი... ზამთარი... 
(თუ საკლასო ოთახში ფორტეპიანო არ დგას, და არ დგას ოთახთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფანდური, გიტარა, აკორდეონი... ბოლობოლო, აკომპანიმენტის გარეშეც შეიძლება სიმღერა.) 
აკორდები: C – F – G – C მისამღერი: F – C – G – C

გაკვეთილის შედეგები:

მოსწავლეები ასახელებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, იყენებენ მათ მცირე სიმღერაში, გაივარჯიშებენ ფონოლოგიურ და მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარებს. 

სიმღერის ნაწყვეტი




დანართი 1

მოსწავლეთა შედეგების შეფასების რუბრიკა 


შეფასების კომპონენტი
გასაუმჯობესებელი
კარგი
საუკეთესო
სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის იდენტიფიცირება
ვერ ახრხებს დამარცვლასა და ბგერებად დაშლას, ვერ ცნობს პირველ ბგერას.
ახერხებს ზოგიერთი სიტყვის ბგერებად დაშლასა და დამარცვლას.
შეუძლია ყველა სიტყვის ბგერებად დაშლა დამარცვლა.
ინსტრუქციების გაგება და შესრულება
ვერ ხვდება ინსტრუქციებს
ძირითადად ხვდება და ასრულებს მიცემულ ინსტრუქციებს
სრულად ხვდება და ასრულებს ინსრუქციებს.
პოსტერზე დაყრდნობთ საუბარი 
ვერ ახერხებს პოსტრეზე გამოსახული საგნების დასახელებას
შეუძლია პოსტერზე არსებული საგნების დასახელება.  
პოსტერზე დაყრდნობით შეუძლია მოკლე წინადადებების გამოთქმა  


დანართი 2. პოსტერი



დანართი 3. სიტყვის ბარათები 

თოვლი          გუნდა          ციგა   

   თოვლის ბაბუა            ქუდი      

ზამთარი     სახლი      ბავშვი      ფიფქი




ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია 

გაკვეთილის მსველობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ, დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა. მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. ანუ "მიზანზე გავედი", როგორც ჩვენი პედაგოგიური საზოგადოება იტყოდა. 
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ფონოლოგიური უნარების გავარჯიშება, ზეპირმეტყველებისა და მოსმენის უნარების გავარჯიშება, რამდენი ახალი სიტყვის ათვისება და მცირე მარტივი სიმღერის მღერა. გაკვეთილის გეგმაში წინასწარვე მქონდა ნავარაუდევი, რომ შესაძლოა, ზოგიერთი აქტივობა არ ყოფილიყო გაკვეთილის განმავლობაში ბოლომდე რეალიზებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გარკვეული ცვლილება შეიძლებოდა შეჰხებოდა საგაკვეთილო მიზანს. თუმცა, მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. 

თითქმის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმით გათვალისწინებული გეზით. თუმცა, ბოლო აქტივობისთვის განსაზღვრული სიმღერის ტექსტი არ გვქონდა ბოლომდე დამუშავებული გაკვეთილზე. ამიტომაც სიმღერას მოვაკელით ბოლო სტროფი და ვიმღერეთ პირველი სტროფი და მისამღერი. ვფიქრობ, ასეთი კორექტირება არც საგაკვეთილო მიზანს აკლებდა რამეს, ხოლო მოსწავლეთა შესაძლებლობები ასე უფრო იქნებოდა გათვალისწინებული. 
რას შევცვლიდი ამ გაკვეთილში, სხვა დროს რომ ჩამეტარებინა? ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ სიმღერას შევამოკლებდი-თქო, მაგრამ სწორედ ასეთი თქმა იქნება ამ გაკვეთილის გამოცდილების გაუთვალისწინებლობა, რადგან სხვა მოსწავლეებთან ამ გაკვეთილმა შესაძლოა სრულად ისე გაამართლოს, როგორც თავიდანვე მქონდა დაგეგმილი. გაკვეთილმა კარგი გამოცდილება შემძინა იმ მხრივაც, რომ გარკვეული მოდიფიცირება შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო. კარგი იქნება, თუ მომავალშიც, ნებისმიერი გაკვეთილის წარმართვისას გავითვალისწინებ იმას, რომ შედეგის კორექტირებამ არ უნდა დააზარალოს საგაკვეთილო მიზნები. 

გიორგი ჭაუჭიძე 2017 წლის 15 დეკემბერი 




8 comments:

  1. ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით სიმღერის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.

    ReplyDelete
  2. არაჩვეულებრივი გაკვეთილი გამოგსვლიათ 👍👍👍გისურვებთ წარმატებებს 👍👍👍👍

    ReplyDelete
  3. ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით მოსწავლეების სიმღერა თქვენი აკომპანიმენტით :) წარმატებები.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა! სამწუხაროდ, მცირე ნაწილია გადაღებული.

      Delete

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ