Friday 7 September 2018

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

თემურ სუყაშვილთან ერთად
"რაო?! მეფე ერეკლეო?! არა, ეგ ტყუილია! მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე ვიღაც სპარსელს  და არა მეფე ერეკლეს!"

ინგილო ქალი

"გოუმარჯოს საქართველოს!"

სურაჯ გასანოვი



გუშღამ, როგორც გურულები იტყვიან, შუაგულ რუსეთში რინგზე გამარჯვებულმა ინგილო ბიჭმა ვიდეოკამერებში მთელი მსოფლიოს გასაგონად ჩაგვყვირა, საქართველოს გაუმარჯოსო... ეს ამბავი სწრაფად მოჰფინა მთელ საქართველოს ზურაბ სტეფანიამ (ფეისბუქის ეპოქაა.).

ასწლეულების წინ ინგილო ქალმა მეფე ერეკლეს შეურაცხყოფა მიაყენა, სპარსული ქუდი რატომ გახურავსო... ეს ამბავი იაკობ გოგებაშილმა აღწერა და თავის დედაენაშიც შეიტანა.

და დღევანდელ ქართველობას საინგილო რომ უხსენო, აუცილებლად გაახსენდება ის ინგილო ქალი, რომელიც მას დედაენიდან ჩაბეჭდია გონებაში და, შესაბამისად, ყველა ინგილო საქართველოს უპირველეს პატრიოტად მიაჩნია.

ჩვენი სახელმწიფოს მოძმე და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში არის რეგიონი, რომლის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი საქართელოსადმი გულმხურვალე სიყვარულის მატარებელი ეთნიკური ქართველები არიან. ისინი, ცხადია, ნაღვლობენ ისტორიულ სამშობლოსგან დაცილებას, მაგრამ ასე ინება ისტორიის ჩარხმა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ისინი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებს შორის ერთგვარი ხიდისა და სტაბილურობის ფუნქციასაც კისრულობენ.

საქართველოსადმი სიყვარულით გულანთებულები ჩვენთან გადმოსვლასაც და აქ სამუდამოდ დარჩენასაც ამჯობინებენ ხოლმე - განა, რა ნამუსით სიტყვა უნდა დაგცდეს მათი ამ გადაწყვეტილებების დასაძრახად. რა დასამალია და, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ქვეშევრდომი ეთნიკური ქართველები არ არიან მთლად ისეთ კომფორტულ პირობებში, როგორც თანამედროვე დამოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება და ჩვენი საქართველოც ვერ ახერხებს ხოლმე სათანადო ყურადღების მიქცევას ამ საკითხისადმი. ეგ კი არა, მოხალისე ქართველებმა რომ იქაურებს ქართული საბავშვო წიგნები გადაუტანონ, ამის თავიც არ გვქვს.

მოკლედ, ალაზანგაღმიდან ხშირად გვესმის ხოლმე გადმოძახილი და აქედან კი ვერ ვაწვდენთ სათანადო ხმას. ვიმეორებ, წიგნებიც კი ვერ მიგვიწოდებია და ეკლესიის კარი ვერ გაგვიღია იქ ჩასული მომლოცველებისთვის...

წელს ერთმა იქაურმა მასწავლებელმა გაუჩინა შანსი ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენც გაგვეგზავნა ერთი მესიჯი აზერბაიჯანელი ქართველებისთვის, რომელი მესიჯიც საუკუნეების განმავლობაში გულს გაუთბობდა და მხრებში გამართავდა მათს სახელმწიფოში. ვგულისხმობ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე თემურ სუყაშვილს, რომელიც ამ კონკურსში საუკეთესო ათეულში მოხვდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო ათეული 2018
მარცხნივ ზემოთ: თემურ სუყაშვილი


პირადად რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე მარნეულის სკოლაში მომუშავე თემო სუყაშვილის სულისკვეთება პედაგოგიურ საქმიანობაში და ამ სულისკვეთებით განმსჭვალული მისი ასეულობით მოსწავლე, მხოლოდ ათეულში მოხვედრა იქნებოდა სრულიად საკმარისი ჩემთვის, რომ ასეთი მესიჯის გაგზავნისთვის დამეჭირა მხარი. დამეჭირა მხარი თემურ სუყაშვილის გამარჯვებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟიური მას ხუთეულში აუცილებლად მიუჩენდა ადგილს.

ბოლოსდაბოლოს კონკურსის ორგანიზატორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, "ისინი (გამარჯვებული ხუთეულის წევრები, - გ. ჭ.) მართლაც გამორჩეული და წარმატებლი პედაგოგები არიან, ისევე, როგორც ათეულის თითოეული წევრი." 

ჰოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თანასწორთა შორის თემოს აუცილებლად მიანიჭებდნენ ხუთეულთაგანის ტიტულს. (პირადად მე, მართალია,  ცოტა რაღაცნაირად მეჩვენება ჯერ ათეული, მერე ხუთეული და მერე გამარჯვებულის გამოვლენა, მაგრამ, რადგანაც ასეა კონკურსის პირობებით, რას ვიზამთ?!)

(აქვე ერთ ფრჩხილებში ჩასასმელ წინადადებას კიდევ ერთხელ დავწერ: ამ ბლოგის სულისკვეთება, რასაკვირველია, არაა მიმართული არც ერთი ხუთეულის წევრი ფინალისტის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის ან სხვა მხრივ ამ კონკურსის რაიმენაირად ჩრდილის მიყენებისკენ. პირიქით. მგონი, არც იყო საჭირო ამის თქმა, მაგრამ რადგანაც დავწერე, იყოს!)

მოკლედ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შანსს ჩვენი კონკურსის ჟიური ხელიდან არ გაუშვებდა და თემურ სუყაშვილს აუცილებლად შეიყვანდა ხუთეულში (კიდევ ვიმეორებ, მაინცდამაინც მისი წარმომავლობის გამო კი არა, არამედ იმ ღირსებებისთვის, რაც მას აქვს, რის გამოც ათეულის წევრად შეარჩიეს და აკი კონკურსის ორგანიზატორიც აცხადებს, ათეულის წევრები დიდად არც განსხვავდებიან ერთმანეთისგანო.). რატომ ვიყავი დარწმუნებული? ცხადია, სულაც არ მაქვს ისეთი წარმოდგენა, რომ ჟიურიში მაინცდამაინც იაკობ გოგებაშვილები არიან, - რომელმაც სხვათაშორის, თვითნებურად მიაკუთვნა იმ თამამ გოგოს ინგილოობა, იმდორინდელი ქართული ინტერესების გათვალისწინებით, -  მაგრამ ის, რომ ჩვენი საზოგადოების ავტორიტეტული და პირუთვნელი პიროვნებები არიან, ყველა დამეთანხმება.




ასეა თუ ისე, საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი იმისა, რომ მოფერებოდა თავის სისხლსა და ხორცს და ყოფა შეემსუბუქებინა ჩვენებურთათვის.

წარმოიდგინეთ, როგორ გახმიანდებოდა ჩვენი მოძმე და სტრატეგიული პრატნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის ქართველებში ხმა: საქართველოში ჩონებური მასწავლებელი გამოურჩევიათო!

ეს ჩვენთვის, აქაურებისთვის, საქართველოსთვის უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სახარბიელო, რადგან ჩვენ ხომ იმის ტრაკიც არ გვაქვს, როგორც ზემოთ ორგზის აღვნიშნე, ალაზანგაღმელ ქართველებს საბავშვო წიგნები მაინც მივაწოდოთ.

...ხოლო იქაური ბავშვი კვლავ გადმოიპარება ცურვით ალაზანზე და მალულად აკოცებს ქართულ მიწას - არავინ დამინახოსო!..

ხოლო იქაური პოეტი კვლავ დაწერს:
კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა,
აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...

წარწერა ალიბეგლოს საშუალო სკოლის ეზოში, საინგილო-ჰერეთში
კახის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა



No comments:

Post a Comment

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ